სტერეოტიპები

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Stereotypes

გარკვეული სოციალური ჯგუფის შესახებ ინდივიდის ცოდნა, რწმენები და მოლოდინები.

მიუხედავად ერთი შეხედვით მარტივი განსაზღვრებისა, არსებობს აზრთა სხვადასხვაობა სტერეოტიპების განსაზღვრასთან დაკავშირებით. მეცნიერთა ერთ ჯგუფი თვლის, რომ ეს არის კონკრეტული ინდივიდის პირადი რწმენები და მოლოდინები ამა თუ იმ სოციალური ჯგუფის შესახებ, სხვებს კი მიაჩნიათ, რომ ეს იმ რწმენათა ერთობლიობაა, რომელსაც მოცემული კულტურის ფარგლებში იზიარებენ ადამიანები.

სოციალური ჯგუფების შესახებ რწმენის აღსანიშნად ტერმინი „სტერეოტიპი“ პირველად ჟურნალისტმა უოლტერ ლიპმანმა გამოიყენა 1922 წელს თავის წიგნში „საზოგადოებრივი აზრი“. მან ეს ტერმინი საგამომცემლო ტერმინოლოგიიდან აიღო, სადაც ის ერთისა და იმავე ტექსტის მრავალჯერ დასაბეჭდად ერთხელ აწყობილი ლითონის ასოების ყალიბების აღსანიშნად გამოიყენებოდა. ლიპმანმა ტერმინი იმის აღსაწერად გამოიყენა, თუ როგორ იქმნიან ადამიანები გონებაში სხვა ადამიანთა ჯგუფების შესახებ წარმოდგენებს, განმეორებით მიაწერენ რა ერთსა და იმავე თვისებებს ერთ ჯგუფში გაერთიანებულ ადამიანებს. ლიპმანმა გამოთქვა მოსაზრება, რომ სტერეოტიპირების პროცესი კოგნიტუტ-პერცეპტული და მოტივაციური ფაქტორებიდან მომდინარეობდა (თუმცა მას ეს კონკრეტული ტერმინები არ გამოუყენებია) და ამით საფუძველი ჩაუყარა ფსიქოლოგიურ კვლევას, რომელიც შემდეგი რამდენიმე ათწლეულის მანძილზე განხორციელდა.

სოციალურ მეცნიერებაში სტერეოტიპების გაგებისა და ახსნისადმი სამი ძირითადი კონცეპტუალური მიდგომა არსებობს. (ა) ფსიქოდინამიკური მიდგომის მიხედვით, რომელიც ფროიდის ნაშრომებში იღებს სათავეს, სტერეოტიპები მიუღებელი ადამიანური იმპულსების მანიფესტაციას წარმოადგენენ. ადამიანთა ჯგუფების შესახებ რწმენებს ინდივიდი (აღმქმელი/დამკვირვებელი) შინაგან კონფლიქტებთან გასამკლავებლად ან მოტივაციური მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად იყენებს, მაგალითად, საკუთარ თავზე უარყოფითი წარმოდგენების დაკნინებულ ჯგუფზე პროეცირებით. ამ მიდგომამ დიდ გავლენა მოახდენა ავტორიტარული პიროვნების კვლევებზე, რომელთაც სტგერეოტიპებსა და ცრურწმენებს პიროვნების სინდრომად მიიჩნევენ. ეს სინდრომი, თავის მხრივ, მოიცავს კონვენციური ნორმებისადმი ერთგულებასა და მორჩილებას, ავტორიტეტისადმი დაქვემდებარებასა და ამ წესების დამრღვევთა მიმართ სრულ არატოლერანტობას. (ბ) სოციოკულტურული მიდგომა სტერეოტიპებს ერთმანეთთან კონფლიქტში მყოფი ფართო სოციოლოგიური ძალების მოქმედების შედეგად მიიჩნევს. ამ შემთხვევაში სტერეოტიპები, უპირატესად, შეთანხმების საფუძველზე საზიარო რწმენებია, რომლებიც ჯგუფთაშორის ურთიერთობებში არსებული წესრიგის რაციონალიზაციას ახდენენ. ეს რწმენები კულტურის განუყოფელი ნაწილია და სოციალიზაციის გავლენიანი ძალებით შენარჩუნდება. (გ) კოგნიტური მოდელი ადამიანის ფუნქციონირებაში ბაზისურ კოგნიტურ პროცესებზე ფოკუსირდება, რომლებიც საფუძვლად უდევს სტერეოტიპების შექმნას. ის ხაზგასმით გამოკვეთს იმას, თუ რამდენად არის სტერეოტიპები სოციალური კატეგორიზაციის პროცესების შედეგი, რომელიც, თავის მხრივ, ინდივიდის მიერ დიდი რაოდენობით აღქმულ ინფორმაციასთან ეფექტურად გამკლავების მცდელობიდან გამომდინარეობს. კოგნიტურ მიდგომას, ზოგადად, ინდივიდუალურ დონეზე მიმდინარე სტერეოტიპირება (ანუ სტერეოტიპების შექმნის პროცესი) აინტერესებს და, ძირითადად, ადამიანისმიერ ინფორმაციის გადამუშავების მექანიზმებზე ფოკუსირდება, რასაც ის სტერეოტიპირებამდე მივყავას და არა —  კონკრეტული სტერეოტიპის შინაარსის შექმნამდე.

ამრიგად, თუ ფსიქოდინამიკურმა და სოციოკულტურულმა მიდგომებმა წარსულში მნიშვნელოვნად განაპირობეს სტერეოტიპების შექმნის პროცესის კვლევა, ამჟამად უაღრესად გავლენიანია კოგნიტური მიდგომა.

სტერეოტიპების ფორმირება

სტერეოტიპის ფორმირების პირველი ნაბიჯია სხვების ჯგუფებში კატეგორიზირება და შედეგად ჯგუფის ყველა წევრის იგივეობრივად და ფუნქციურად ეკვივალენტურად აღქმაა. სოციალური კატეგორიზაცია, თავის მხრივ, ემოციური და კოგნიტური ფაქტორების ზემოქმედების შედეგად ხორციელდება.

რასა, გენდერი და ასაკი ის ძირითადი სოციალური კატეგორიებია, რომლებსაც სოციალური აღმქმელები ინტენსიურად იყენებენ სტერეოტიპების შესაქმნელად. ამის ერთ-ერთი მიზეზი მათი ადვილად იდენტიფიცირებადობაა. შეუძლებელია, ადამიანთან შეხვედრისას ვერ შეამჩნიოთ მისი სქესი, გენდერი, რასა და ასაკობრივი ჯგუფი, თუმცა მხოლოდ თვალსაჩინოდ გამორჩეულობით ვერ აიხსნება ამ კატეგორიების დომინირება სოციალურ-პერცეპტულ ველშიო. სხვა პოტენციური კატეგორიები, როგორებიცაა სიმაღლე და თმის ფერი, ასევე, ადვილად შესამჩნევია, მაგრამ იშვიათად გამოიყენება ამ მიზნებისთვის. სავარაუდოა, რომ რასა, გენდერი და ასაკი იმიტომ არის კატეგორიზაციის პრიორიტეტული ნიშნები, რადგან ადამიანებს სჯერათ, რომ მათი მიხედვით შესაძლებელია ქცევის დიაგნოსტირება. ამასთან, ისინი ამჩნევენ, რომ მათ სხვებიც ინტენსიურად ეყრდნობიან საზოგადოებაში.

როდესაც ადსამიანებს აქვთ სოციალური კატეგორიები, რომლებშიც შეუძლიათ სხვების მოთავსება, ადამიანები იძენენ ცოდნას და იქმნიან რწმენებსა და მოლოდინებს ამ კატეგორიებში გაერთიანებული ადამიანების შესახებ. სტერეოტიპები მხოლოდ კატეგორიზაციისგან კი არ შედგება, არამედ მათთან კატეგორიების შესახებ ასეთი ცოდნა, რწმენები და მოლოდინებიც ასოცირდება. მას შემდეგ, რაც ასოციაციები დამყარებულია, ადამიანები მზად არიან, რომ მოცემულ კატეგორიზაციაში ჩართულ ნებისმიერ ინდივიდს მიაწერონ ის მახასიათებლები, რომლებსაც ამ კატეგორიაში მოიაზრებენ.

სტერეოტიპების შედეგები

კოგნიტური და ემოციური ფაქტორები, რომლებიც სტერეოტიპების ჩამოყალიბებაზე მოქმედებენ, მათ გამოყენებაზეც ახდენენ გავლენას.

მნიშვნელოვანი რაოდენობის ემპირიული მოანცემი აჩვენებენ, რომ ადამიანების მიერ ინფორმაციის გადამუშავება მიკერძოებულია რამდენიმე მიმართულებით და საკუთარი სტერეოტიპების დადასტურებაზეა მიმართული. ადამიანები მეტ ყურადღებას აქცევენ მათი რწმენების შესატყვის ინფორმაციას და ყურადღების მიღმა რჩებათ სხვა, არაკონსისტენტური ინფორმაცია, ხოლო ბუნდოვანი ინფორმაციის ინტერპრეტირებას საკუთარი მოლოდინების შესატყვისად ახდენენ. გარდა ამისა, ისინი (და ხშირად არამიზანმიმართულად) ეძებენ მათი სტერეოტიპების დამადასტურებელ ინფორმაციას. ასევე, ადამიანების ამა თუ იმ ჯგუფისადმი მიკუთვნებაც სტერეოტიპების ზემოქმედებას განიცდის. ანალოგიურად, სტერეოტიპების გავლენით, საკუთარი თავისა და შიდა ჯგუფის ხედვაც მიკერძოებული ხდება. თავად შიდა და გარე ჯგუფების მიხედვით ადამიანების დაყოფასაც თავისი შედეგები აქვს.

მას შემდეგ, რაც ადამიანებს გარკვეული სოციალური ჯგუფების შესახებ გარკვეული სტერეოტიპული რწმენები უყალიბდებათ, მათ შეუძლიათ სხვებსაც გადასცენ ეს რწმენები კომენტარებითა და ქცევით, მაგალითად, ეთნიკური ჯგუფის შესახებ ანეგდოტების მოყოლით და, უფრო ფართო მასშტაბით, მოცემული ეთნიკური უმცირესობის შესახებ ტელეგადაცემაში მიკერძოებულად საუბრით.

სტერეოტიპების შეცვლა

ყოველდღიური გამოცდილება აჩვენებს, რომ სტერეოტიპები ხშირად არ იცვლება დროთა განამვლობაში. მაგალითად, კვლევების სერიები სტაბილურად აჩვენებს, რომ ამერიკელთა სტერეოტიპული დამოკიდებულება შავკანიანების მიმართ, საკმაოდ თანმიმდევრული და მდგრადია რამდენიმე ათწლეულის მანძლზე. ასეთი მოანცემები მიგვითითებენ, რომ სტერეოტიპები ეწინააღმდეგებიან ცვლილებებს. მეორე მხრივ, სხვა კვლევები აჩვენებენ, რომ შესაძლებელია სტერეოტიპების შეცვლა, მაგალითად, იაპონელებისადმი დამოკიდებულება, რომელიც უაღრესად ნეგატიური იყო მეორე მსოფლიო ომის დროს, რადიკალურად შეიცვალა შემდგომ ათწლეულში. ამგვარად, შესაძლებელია სტერეოტიპების შეცვლა.

კვლევის ერთ მიმართულება აჩვენებს, რომ ჯგუფთაშორისი კონტაქტი მათ შორის არსებული მტრული დამოკიდებულებისა და სტერეოტიპების ცვლილების მექანიზმია, თუმცა მისი შესაძლებლობები არ არის შეუზღუდავი.  

*** 

გამოყენებული ლიტერატურა: 

გერიგი, რ. და ზიმბარდო, ფ. (2009). ფსიქოლოგია და ცხოვრება, თბილისი, თსუ.

Kazdin, A. E. (Ed.) (2000). Encyclopedia of psychology. 8 Volume Set. Vol. VII.

კატეგორია: 
ავტორები: