აღქმა

Perception

აღქმა ეწოდება სენსორულ ხატში შემომავალი ინფორმაციის მომაწესრიგებელი პროცესების ერთობლიობას, რომელიც საშუალებას აძლევს ადამიანს, აღქმული ინფორმაცია განიცადოს როგორც გარე სინამდვილე. აღქმაში შემავალი პროცესები ინტერპრეციის უმაღლეს დონეს უზრუნველყოფს, რაც აუცილებელია გარემოსთან ადეკვატური ინტერაქციისათვის.

აღქმასა და შეგრძნებას შორის ძლიერი და მნიშვნელოვანი კავშირი არსებობს. შეგრძნებით მიღებული, მუდმივად ცვალებადი, ქაოტური სენსორული ინფორმაციიდან პერცეპტუალური პროცესები მოწესრიგებულ პერცეპტუალურ ხატებს ქმნიან და ამგვარად აწესრიგებენ და უკეთებენ ორგანიზებას შემოსულ მასალას. ნებისიერი ინფორმაცია, რომელიც შემოდის შეგრძნების სახით, მხოლოდ პერცეპტული აქტივობების შედეგად გარდაიქმნება პერცეპტულ ხატად, რომელიც მოწესრიგებული და კლასიფიცირებული ხატია.

აღქმა და შეგრძნება ერთმანეთისგან რომ გავმიჯნოთ, საილუსტრაციოდ შემდეგი მაგალითი გამოდგება: როდესაც ჩვენ ვუსმენთ ფორტეპიანოზე აღებულ ნოტებს - თუკი თქვენ აფიქსირებთ რეგისტრს, ტონალობას, ხმის სიძლიერეს და ა.შ. თქვენ შეიგრძნობთ მის მახასიათებლებს, მაგრამ, თუკი თქვენ ამოიცნობთ და მიხვდებით, რომ დაკრული ნოტები ქმნიან მელოდიას - ე.ი. აღიქვით მელოდია.

ფართო მნიშვნელობით და განმარტებით, აღქმა მოიცავს გარემოში საგნების და მოვლენების წვდომის ზოგად და მთლიან პროცესს, რაც იმისთვის გვჭირდება, რომ შევიგრნოთ, შევიცნოთ, შევიმეცნოთ და მოვახდინოთ მათი იდენტიფიკაცია და კლასიფიკაცია რომელიმე კატეგორიაში. თავის მხრივ, კატეგორიის მინიჭება და იდენტიფიკაცია იმისთვისაა საჭირო, რომ ადეკვატური რეგირება მოვახდინოთ ამა თუ იმ საგანზე ან მოვლენაზე.

მკვლევრები აღქმის პროცესში სამ საფეხურს გამოყოფენ, ესენია: შეგრძნება, პერცეპტუალური ორგანიზაცია და იდენტიფიკაცია/საგნების ამოცნობა.

შეგრძნება  ეწოდება ფიზიკური ენერგიის გარდაქმნას ნერვულ კოდებში, რომელსაც ტვინი აცნობიერებს. მაგალითად, ბადურის უჯრედები ისეა მოწყობილი, რომ გაარჩიოს საგნის კონტური და კონტრასტი, თუმცა სუსტად რეაგირებენ უცვლევლ და მუდმივ გამღიზიანელზე (სტიმულზე)

აღქმის პროცესის შემდეგ საფეხურს პერცეპტუალური ორგანიზაცია ეწოდება და ამ საფერხურზე შეგრძნებიდან მიღებული ინფორმაციის სინთეზირება (კომბინაცია, ინტეგრაცია) ხდება. პერცეპტუალური ორგანიზაციის ორი მთავარი ფუნქციაა 1) შინაგანი გამოსახულების ფორმირება; 2) გარეგანი სტიმულის აღქმის  ჩამოყალიბება. მაგალითად,  მხედველობის შემთხვევაში ხდება აღქმული ობიექტის ზომის, ფორმის, დაშორების და აშ. შეფასება, რომელიც ეფუძნება გათვლას. ამგვარი გათვლა ადამიანის წარსულ ცოდნას მიმდინარე სტიმულთან აერთიანებს. ეს ფსიქიკური აქტივობები სწრაფად, გაუცნობიერებლად და მიზანმიმართულად ხორციელდება.

აღქმის ბოლო ეტაპს იდენტიფიკაცია/საგნების ამოცნობა ეწოდება და მასში, წინამორბედი ეტაპებისგან განსხვავებით, უფრო მაღალი კოგნიტური პროცესების ჩართვაა საჭირო. იდენტიფიცირებისას ჩვენ არა მარტო აღვიქვამთ საგნების/ობიექტების ფორმას, ფერს, ზომას და ა.შ. არამედ ვხვდებით, რა არის ესა თუ ის საგანი/მოვლენა. მაგალითად, მრგვალი საგნები იდენტიფიცირების შემდეგ შეიძლება გადაიქცნენ ბურთად, ვაშლად, მზედ, ადამიანის ფიგურა შეიძლება იდენტიფიცირდეს ქალად ან კაცად და ა.შ. 

*** 

გამოყენებული ლიტერატურა: 

გერიგი; ზიმბარდო (2009) ფსიქოლოგია და ცხოვრება. თსუ, თბილისი

Rooks, P.; Willson, J (2000) Perception: Theory, Development and Organisation. Routlage, London

კატეგორია: 
ავტორები: