პროცესი, რომლითაც ადამიანები საკუთარი სოციალური გარემოს ორგანიზებას ახდენენენ, მიაკუთვნებენ რა ადამიანებს საკუთარ და სხვათა ჯგუფებს.
სოციალური კატეგორიზაცია ემოციური და მოტივაციური ფაქტორების ზემოქმედების შედეგს წარმოადგენს და სტერეოტიპების ჩამოყალიბების წინაპირობაა. მას, ასევე, ხშირად საფუძვლად უდევს ცრურწმენები.
ჯგუფებს შორსი განსხვავების ძიება კოგნიტური მიკერძოებიდან შეიძლება, მომდინარეობდეს, რომელიც განსხვავებულობაზე დაფუძნებული ილუზორული კორელაციის სახელით არის ცნობილი. ინფორმაციის აღქმისას ადამიანი უაღრესად ყურადღებიანია უჩვეულო ან განსხვავებული მასტიმულირებელი მოვლენებისადმი და როცა ორი ასეთი მოვლენა დროში თანხვდება ერთმანეთს, მათმა იშვიათობამ შეიძლება ტენდენციური, მიკერძებული გახადოს აღმქმელი და ეს ცალკეული მოვლენები ერთმანეთს დაუკავშიროს. ამგვარად, გამორჩეული ჯგუფის (მაგალითად, ეთნიკური უმცირესობის) მიერ განახორციელებული განსხვავებული/გამორჩეული ქცევები (მაგალითად, უარყოფითი ქცევები) შეიძლება ერთმანეთთან ასოცირდეს და ამ ჯგუფის შესახებ რწმენის განვითარების კონტექსტში დაიმახსოვროს ადამიანმა. ამის შედეგად ამ ადამიანმა ორი ჯგუფი შემდგომში განსხავებულად აღიქვას იმისდა მიუხედავად, რომ ყველა სხვა ქცევა ან ინფორმაცია მათ შესახებ ეკვივალენტური იყოს.
მეორე ძირითადი ფაქტორი, რომელიც საფუძვლად უდევს სოციალურ კატეგორიზაციას, არის იმ ჯგუფთან იდენტიფიკაციით თვითშეფასების გაუმჯობესების სურვილი, რომელსაც ეკუთვნის მოცემული ინდივიდი. ეს არის კატეგორიზაციის ყველაზე მარტივი და ყოვლისმომცველი ფორმა, როცა ინდივიდი განსაზღვრავს, ვინ არის მისი მსგავსი და ვინ — არა. კატეგორიზაციის ეს ფორმა სათავეს იღებს დაპირისპირებიდან, „მე არა მეს წინააღმდეგ“ ორიენტაციამდე „ჩვენ ისინის წინააღმდეგ“. ადამიანები სოციალურ სამყაროს ორად ყოფენ: შიდაჯგუფებად და გარეჯგუფებად. ამ კოგნიტური განსხვავებების შედეგია შიდაჯგუფური მიკერძოება. ადამიანები, რომლებიც განიხილებიან, როგორც გარე ჯგუფის წევრები, უფრო ხშირად ხდებიან მტრული გრძნობებისა და უსამართლო დამოკიდებულების ობიექტები. მინიმალურად შესამჩნევი მინიშნებაც კი საკმარისია, რომ გამოვიწვიოთ ტენდენციურობა და ცრურწმენის ჩამოყალიბება მათ მიმართ, რომლებიც გარე ჯგუფს მიეკუთვნებიან.
სოციალური კატეგორიზაციის სწრაფი გამოვლინების ერთ-ერთი ილუსტრაციაა ჰოლანდიაში ჩატარებული ექსპერიმენტების სერია, რომელშიც ცდის პირები შემთხვევითად დაყვეს ორ ჯგუფად: მწვანეებად და ლურჯებად. ცდის პირებს იმის მიხედვით, თუ რომელ ჯგუფს მიაკუთვნეს, დაურიგეს მწვანე ან ლურჯი კალმები და სთხოვეს, ეწერათ, შესაბამისად, მწვანე ან ლურჯ ქაღალდებზე. ექსპერიმენტატორები ჯგუფების წევრებს მიმართავდნენ მათი ჯგუფის ფერის შესაბამისი ფერის სახელით და მიუხედავად იმისა, რომ ფერის მიხედვით განსაზღვრულ კატეგორიებს არავითარი ფარული ფსიქოლოგიური მნიშვნელობა არ გააჩნდათ და ჯგუფის წევრების შერჩევაც სრულიად შემთხვევით მოხდა, ისინი საკუთარ ჯგუფს უფრო დადებითად აფასებდნენ, ვიდრე მეორეს. მეტიც, მხოლოდ და მხოლოდ ფერთა განსხვავებაზე დაფუძნებული ეს შიდაჯგუფური მიკერძოება მანამდეც კი გამოვლინდა, სანამ ცდის პირები ექსპერიმენტული დავალების შესრულებას დაიწყებდნენ.
***
გამოყენებული ლიტერატურა:
გერიგი, რ. და ზიმბარდო, ფ. (2009). ფსიქოლოგია და ცხოვრება, თბილისი, თსუ.
Kazdin, A. E. (Ed.) (2000). Encyclopedia of psychology. 8 Volume Set. Vol. VII.