შიდაჯგუფები

In-groups

სოციალური კატეგორიზაციის პროცესში, როცა ინდივიდები საკუთარი სოციალური გარემოს ორგანიზებას ახდენენ, ადამიანებს საკუთარ და სხვათა ჯგუფებს მიაკუთვნებენ. შიდაჯგუფები ეწოდება ჯგუფებს, რომლებთანაც ადამიანი საკუთარი თავის იდენტიფიცირებას ახდენს. ამგვარ დაყოფას საფუძვლად პრიმიტიული და ყოვლისმომცველი მიზეზი უდევს. ინდივიდი ცდილობს განსაზღვროს,  ვინ არის მისი მსგავსი და ვინ - განსხვავებული. ხშირად, ამგვარი დაყოფისას გვხვდება შიდაჯგუფური მიკერძოება, იგივე შიდაჯგუფური ფავორიტიზმი - საკუთარი ჯგუფის გადავაფსებას სხვებთან შედარებით. შიდა ჯგუფის წევრებს სწამთ, რომ მათი ჯგუფი სხვებზე უკეთესია და საკუთარ ჯგუფს გაცილებით მეტ დადებით თვისებას მიაწერენ, ვიდრე გარეჯგუფს. ამასთანავე, გარეჯგუფს ხშირად უარყოფითი მახასიათებლებიც მიეწერება.

ის ინდივიდები, რომლებიც ვერ ხვდებიან შიდა ჯგუფებში, უფრო ხშირად ხდებიან მტრული და უსამართლო დამოკიდებულებების ობიექტები.

ჰოლანდიაში ჩატარებული ექსპერიმენტების სერიაში ცდის პირებს შემთხვევითად ანაწილებდნენ ორ ჯგუფად - მწვანეებად და ლურჯებად და ცდის პირებს იმის მიხედვით, თუ რომელ ჯგუფს მიაკუთვნეს, შესაბამისი ფერის კალმებს  და ფურცლებს ურიგებდნენ.  ექსპერიმენტის მანძილზე მათ ჯგუფის შესაბამისი ფერის სახელით მიმართავდნენ. აღმოჩნდა, რომ როგორც მწვანე, ისე ლურჯი ჯგუფების წევრები საკუთარ ჯგუფს უფრო დადებითად აფასებდნენ, ვიდრე მეორეს. მიუხედავად იმისა, რომ ჯგუფის წევრები ერთმანეთს არ იცნობენ, დაჯგუფებიდან მალევე ავლენენ გასაოცარ ერთსულოვნებას და სწამთ, რომ მათი შიდაჯგუფის წევრები ყველაზე სასიამოვნო და კარგად მომუშავე ხალხია. ხოლო როდესაც რესურსების გადანაწილების დრო დგება, ადამიანები მაქსიმალურად ცდილობენ, არაფერი უწილადონ სხვა ჯგუფის წევრებს.  

*** 

გამოყენებული ლიტერატურა: 

გერიგი; ზიმბარდო (2009) ფსიქოლოგია და ცხოვრება. თსუ, თბილისი

Nevid, S. J ( 2015 ) Essentials of Psychology: Concepts and Applications. 4th Edition, Cengage Learning

კატეგორია: 
ავტორები: