კოგნიტური თერაპია ფსიქოთერაპიული მკურნალობის ფორმაა, რომელიც ცდილობს კლიენტის პრობლემური ქცევებისა და განცდების შეცვლას მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული მოვლენებისადმი კლიენტის დამოკიდებულების ცვლილებით.
კოგნიტური თერაპია თავიდან ბოლომდე ეფუძნება მოსაზრებას, რომ დისფუნქციური აზროვნების სტილი დიდ როლს თამაშობს ფსიქოლოგიური პრობლემებისა და აშლილობების აღმოცენებაში. კოგნიტური თერაპიის მიხედვით ის, თუ როგორ აღიქვამს და რა ტიპის ინტერპრეტაციას უკეთებს პიროვნება ამა თუ იმ მოვლენას, დიდწილად განაპირობებს მის როგორც ემოციურ, ასევე ქცევით რეაქციას მოცემულ მოვლენაზე. შესაბამისად, კოგნიტური თერაპიის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა, დაეხმაროს კლიენტს ინფორმაციის გადამუშავების არაადაპტური სტილის აღმოჩენაში და ამ აზრების სისწორის სისტემატურ შემოწმებაში.
კოგნიტური თერაპიის ფუძემდებლად აარონ ბეკი ითვლება, რომელმაც 1960-იან წლებში ფსიქოდინამიკური თერაპიის დაშვება, რომ დეპრესია რეტროფლექსიური (შიგნით შემობრუნებული) ბრაზის შედეგია - ეჭვქვეშ დააყენა. ბეკმა არაერთი კვლევა ჩაატარა, რის შედეგადაც მივიდა დასკვნამდე, რომ დეპრესია ცნობიერებისათვის ხელმივასწვდომი უარყოფითი აზროვნებითა და ინფორმაციის გადამუშავების არაადაპტური სტილით უფრო არის გამოწვეული, ვიდრე მაზოხისტური იმპულსებით ან რეტროფლექსიური ბრაზის ჩაბრუნებით. გარდა ამისა, თავის კვლევებში ბეკმა აღმოაჩინა, რომ დეპრესიული პაციენტების აზროვნების სტილში ჭარბობდა უარყოფითი წარმოდგენები საკუთარი თავის, მომავლისა და სამყაროს შესახებ. ამ ინფორმაციის საფუძველზე ბეკმა შეიმუშავა კონცეფცია და თერაპიული კოგნიტურ-ბიჰევიორალური სტრატეგიები, რომლებიც მიმართული იყო დისფუნქციური რწმენებისა და არასწორად გადამუშავებული ინფორმაციის იდენტიფიცირებისა და ცვლილებისაკენ.
კოგნიტური თერაპია კლიენტთან მუშაობისას სოკრატესეულ ჩაკითხვის ფორმას იყენებს, რითაც ბიძგს აძლევს კლიენტს, თავად მივიდეს პრობლემის აღმოჩენამდე და ეჭვქვეშ დააყენოს თავისი რწმენები და მოსაზრებები და დაუკავშიროს ეს რწმენები საკუთარ პრობლემებსა და წარსულ გამოცდილებას. ამ მხრივ, კოგნიტური თერაპია კოლაბორაციულ ემპირიზმს ეყრდნობა, რადგან, ერთი მხრივ, თერაპევტი კლიენტებს თავად წაახალისებს ინფორმაციის გაანალიზებაში, რასაც არსებული რწმენების სისწორის გადამოწმებამდე მივყავართ, ხოლო, მეორეს მხრივ, თავადაც ჩართულია ამ პროცესში ზემოთ ხსენებული სოკრატესეული ჩაკითხვის მეთდით.
კოგნიტური თერაპევტები ასწავლიან თავიანთ კლიენტებს მუდმივად გადაამოწმონ საკუთარი რწმენები და ისწავლონ ემოციებისა და აზრების ერთმანეთისაგან გამოცალკევება. ბეკის აზრით, არსებობს კოგნიციების სამი ტიპი: ცხელი, თბილი და ცივი, რომლებიც მჭიდრო კავშირში არიან აღმოცენებული ემოციების ინტენსივობასთან. მაგალითად, ცხელ კოგნიციებს მწვავე აფექტურ რეაქციებამდე მიყავართ, ხოლო ცივი კოგნიციები პრაქტიკულად ემოციურ ჩაურთველობას იწვევს. ამ ტიპის კოგნიციები, როგორც წესი კლიენტების ავტომატურ აზრებში ინახება და შესაბამის სიტუაციაში აღმოცენდება ხოლმე. ავტომატური აზრები, თავის მხრივ, ცნობიერებისათვის საკმაოდ ძნელად ხელმისაწვდომი, სწრაფად აღმოცენებული აზრებია, რომლებიც კლიენტის უფრო ღრმა და გენერალური რწმენებისა და დამოკიდებულებებისაგან არის ნაწარმოები.
კოგნიტურ თერაპიაში მკურნალობა, პირველ რიგში, პრობლემის კონცეპტუალიზაციას ეფუძნება, ხოლო მას შემდეგ რაც პრობლემის იდენტიფიცირება მოხდება თერაპევტი და კლიენტი შეთანხმდებიან არსებული პრობლემის არსზე, კოგნიტური ცვლილების პროცესი იწყება, რაც ინდივიდის დისფუნქციური და არაადაპტური ძირითადი და ბაზისური სქემების, რწმენებისა და დამოკიდებულებების ცვლილებასა და ჩანაცვლებას გულისხმობს უფრო ადაპტური და ადეკვატური შესატყვისებით.
კოგნიტური თერაპია წარმატებით გამოიყენება ისეთი პრობლემების სამკურნალოდ, როგორებიცაა დეპრესია, პანიკური აშლილობები, სხვადასხვა ტიპის ფობიები და ობსესიურ-კომპულსური აშლილობა. გარდა ამისა, თერაპია წარმატებით მუშაობს ბულიმიისა და ანორექსიის მქონე პაციენტებთან და იმპულსის კონტროლის პრობლემის მქონე ინდივიდებთან. კოგნიტური თერაპია, ასევე გამოიყენება პიროვნული აშლილობების მქონე პირებთანაც. ბოლო წლებში აქტიურად ხდება კოგნიტური თერაპიის ეფექტურობის შემოწმება ისეთ მწვავე ფსიქიატრიულ აშლილობებზე, როგორებიცაა შიზოფრენია და ბიპოლარული აშილობები. შესაბამისი ფარმაკოლოგიური მკურნალობის ფონზე აღმოჩნდა, რომ კოგნიტური თერაპია აძლიერებს ბოდვების მიმართ კრიტიკას და ამცირებს იმპულსური ქცევის გამოვლენის ალბათობას.
მთლიანობაში, კოგნიტური თერაპია ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური მეთოდია სხვადასხვა მწვავე პრობლემის სამკურნალოდ. დეპრესიასთან, შფოთვით და სომატურ აშლილობებთან, პანიკურ აშლილობებსა და ბულიმიასთან მიმართებაში ამ მიდგომის ეფექტურობას არაერთი კვლევა ადასტურებს. ამასთანავე, მიმდინარე კვლევების ფონზე, კოგნიტური თერაპია ერთ-ერთ ყველაზე იმედისმომცემ თერაპიად განიხილება პიროვნული აშილობებისა და წამალმოხმარების პრობლემების მქონე პირებში პრობლემების სამკურნალოდ.
***
გამოყენებული ლიტერატურა:
გერიგი, ზიმბარდო (2009). ფსიქოლოგია და ცხოვრება, მე-16 გამოცემა. თსუ, თბილისი.
Kazdin, A. E. (Ed.) (2000). Encyclopedia of psychology. 8 Volume Set. Vol. 1
Beck, J. (2011) Cognitive Behavior Therapy. Guilford Press. NY