ფსიქოლოგიასა და კოგნიტურ მეცნიერებებში სქემები აღნიშნავს აზროვნებისა და ქცევის ორგანიზებულ პატერნს, რომელიც სისტემატიზებას უწევს ობიექტების, ადამიანების ან სიტუაციების შესახებ არსებულ ინფორმაციას, თავს უყრის მათ კონცეპტუალურ ჩარჩოებში და ერთგვარ ცოდნის „კლასტერებს“ქმნის. სქემები მოიცავენ განზოგადებებს გარემოს სტრუქტურების შესახებ. ისინი, ერთი მხრივ, ეხმარებიან ინდივიდს არსებული ინფორმაციის აღქმაში, დახარისხებასა და ინტერპრეტირებაში, ხოლო, მეორე მხრივ, უზრუნელყოფენ გარკვეულ ჩარჩოს მოვლენების შემდგომ გაგებასა და ინტერპრეტირებას.
სქემების ტიპური მაგალითებია: სტერეოტიპები, სოციალური როლები, სცენარები, მსოფლმხედველობა და არქეტიპები.
სქემებისათვის დამახასიათებელია ტენდენციურობა და დროში სტაბილობა, რაც იმით გამოიხატება, რომ ადამიანები მიდრეკილნი არიან შენიშნონ და აღიქვან ისეთი მოვლენები, რომლებიც კარგად ერგება მათ სქემებს და, ამასთანავე, უკუაგდონ ინფორმაცია, რომელიც ეწინააღმდეგება მათ. სქემის ძირითადი ფუნქცია მუდმივად ცვალებად, კომპლექსურ და არასტაბილურ სამყაროში ადამიანისათვის დახმარების გაწევაა. მას შემდეგ, რაც სქემა ჩამოყალიბდება, ინდივიდები გაცილებით სწრაფად, ნაკლები რესურსების გამოყენების ხარჯზე, ავტომატური აზრის დონეზე ამუშავებენ ინფორმციას და აგებენ საპასუხო რეაგირების სტილს.
ხშირად სქემები ერთმანეთთან არიან დაკავშირებულნი, რამაც ერთსა და იმავე ინფორმაციასთან მიმართებით ურთიერთსაწინააღმდეგო, ერთმანეთთან კონფლიქტში მყოფი სქემების ერთდროული გააქტიურება უნდა გამოიწვიოს. ნავარაუდებია, რომ თითოეულ სქემას აქვს აქტივაციის გარკვეული დონე, რომელიც საჭიროა მის მოქმედებაში მოსაყვანად. ის, თუ კონკრეტულად რომელი სქემა გააქტიურდება, დამოკიდებულია ისეთ ფაქტორებზე, როგორებიცაა მისაწვდომობა, აქტივაციის დონე და პრაიმინგი. მისაწვდომობა გულისხმობს სქემის ხელმისაწვდომობის ხარისხს ცნობიერებაში. მისაწვდომობის ხარისხსს პირადი გამოცდილება და შეფასება განსაზღვრავს.
სქემის ტიპებირამდენიმე სახის სქემა არსებობს:
- პერსონალური სქემები: ეხება კონკრეტული ინდივიდის დამახასიათებელ ნიშნებს (უნარებს, კომპეტენციებს, ღირებულებებს);
- მოვლენასთან დაკავშირებული სქემები (კოგნიტური სცენარები). ეს არის პრაქტიკა, მეთოდები და პროცესი, რომლითაც, როგორც წესი, ვუდგებით დავალებებსა და პრობლემებს. ამ ტიპის სქემები არის პროგრამები, რომლებსაც მაშინ ვიყენებთ, როდესაც ვაწყდებით კონკრეტულ სტიმულებს. მოვლენასთან დაკავშირებული სქემები ქცევაზეა ორიენტირებული.
- როლთან დაკავშირებული სქემები მოიცავს როლთან დაავშირებულ მოლოდინების ნაკრებს ანუ იმას, რა ტიპის ქცევას ველით კონკრეტული როლის მქონე ინდივიდისაგან.
- მე-სქემა მესთან (სელფთან) დაკავშირებული გენერალიზებული აბსტრაქციებია, რომლებიც წარსულ გამოცდილებასა და მიმდინარე სიტუაციებს ეფუძნება. მე-სქემა წარმოადგენს პიროვნების მე-კონცეფციას, რომლის ფარგლებშიც იგი აღიქვამს საკუთარ მახასიათებლებს, კომპეტენციებს, უნარებს და ღირებულებებს. მაგალითად, თვითეფექტურობა არის სელფ-სქემის ტიპი, რომელიც ეხება კონკრეტულ დავალებას.
სქემები სხვადასხვა ფუნქციას ასრულებენ:
- შეფასება. როდესაც გარკვეული როლის მქონე ინდივიდებს (მაგალითად, ექიმი, ბუღალტერი, მსახიობი, მხატვარი) ვაფასებთ, მათ ქცევას ამ როლების კულტურულად მიღებულ და განმტკიცებულ სქემებს ვადარებთ.
- როლის მორგება. როდესაც გარკვეულ როლებს ვასრულებთ, როლთან დაკავშირებული სქემები ხშირად იქცევიან ჩვენს საკუთარ სცენარად, რომლის მიხედვითაც ვაგებთ ქცევას.
- იდენტიფიკაცია. ხშირად ინდივიდებს იმ როლების მიხედვით ვარჩევთ და ვახარისხებთ, რომლებსაც ისინი ასრულებენ. როლთან დაკავშირებული სქემების დახმარებით ამა თუ იმ კონკრეტულ ინდივიდს ამა თუ იმ კატეგორიაში ვათავსებთ, ვუსადაგებთ რა მის დაკვირვებად ქცევას ჩვენს ფსიქიკაში არსებულ როლურ სქემებს.
- წინასწარმეტყველება. მას შემდეგ, რაც ინდივიდს გარკვეულ კატეგორიაში მოვათავსებთ, რომელსაც ესა თუ ის როლური სქემა მიესადაგება, მისი შემდგომი ქცევის გამოცნობასა და წინასწარმეტყველებას ამ როლური სქემებით ვახდენთ.
ტერმინი „სქემა“ პირველად ემანუელ კანტმა გამოიყენა, ფსიქოლოგიაში კი ადრეული წარმოდგენები სქემის შესახებ გეშტალტ-ფსიქოლოგებსა და პიაჟეს (1926) ეკუთვნით, თუმცა ამ ტერმინის ფსიქოლოგიაში შემოტანა და მისი დამკვიდრება ბრიტანელი ფსიქოლოგის, ფრედერიკ ბარტლეტის სახელს უკავშირდება, რომელმაც, თავის მხრივ, ის ნეიროლოგ ჰენრი ჰედისგან გადმოიღო. ამის შემდგომ, სქემის კონცეპტუალიზაცია განათლების ფსიქოლოგმა რიჩარდ ანდერსონმა განავითარა.
ჟან პიაჟეს თეორიაში „სქემა“ აღნიშნავს კოგნიტურ სტრუქტურებს, რომლებიც უვითარდება ბავშვს გარემოსთან ადაპტირების, სამყაროს შემეცნებისა და მისი ინტერპრეტირების პროცესში. პიაჟეს აზრით, ცოდნის კონსტრუირება კოგნიტურ სტრუქტურებში ხდება და ინდივიდები თავიანთ კოგნიტურ სტრუქტურებს სქემებით ივითარებენ, რაც გულისხმობს ახალი ინფორმაციის აკომოდაციას ან ასიმილაციას.
***
გამოყენებული ლიტერატურა:
გერიგი, ზიმბარდო (2009). ფსიქოლოგია და ცხოვრება. თსუ, თბილისი
Anderson, J.R. (1990). Cognitive psychology and its implications . New York, NY: Freeman.
Sims, Lorenzi, (1992)The new leadership paradigm: Social learning and cognition in organizations. Newbury. Park, CA: Sage.
Wikipedia- Schema (Psychology)Retrieved February 1, 2015,
http://en.wikipedia.org/wiki/Schema_(psychology)#cite_note-4