სოციალურად განსაზღვრული ქცევის პატერნი,რომლის განხორციელებასაც მოელიან პიროვნებისგან მოცემულ გარემოში, სიტუაციაში ან ჯგუფში ფუნქციონირებისას.
განსხვავებული სიტუაციები განსხვავებული როლების შესრულების შესაძლებლობას იძლევა. როდესაც სახლში ხართ, შესაძლოა, მორგებული გქონდეთ „მეუღლის“, „დედის“, „მამის“, „დის“ ან „ძმის“ როლი. როდესაც სამსახურში ან სასწავლებელში ხართ, „მენეჯერის“ ან „სტუდენტის“ როლს იღებთ. სხვა შემთხვევაში, თქვენ შესაძლოა, „საუკეთესო მეგობარი“ ან „შეყვარებული“ იყოთ. შესაძლებელია იმაზე დაკვირვება, როგორ ქმნიან ეს განსხვავებული როლები ადამიანისთვის მეტ-ნაკლებად შესატყვისა და ხელმისაწვდომ განსხვავებული ტიპის ქცევებს.
სტენფორდის ციხის კლასიკური ექსპერიმენტი, რომელიც ფილიპ ზიმბარდომ და მისმა თანამშრომლებმა განახორციელეს XX საუკუნის 70-იან წლებში, სოციალური როლის მოქმედების გასაოცარ და მძლავრ ილუსტრაციას იძლევა.
სოციალური როლის მოქმედების შესწავლაზე მიმართული ექსპერიმენტის შესახებ საგაზეთო რეკლამაში იუწყებოდნენ, რაც მონაწილეთა შეგროვებას ისახავდა მიზნად. ექსპერიმენტი რეალობასთან მაქსიმალურად მიახლოვებულად დაიწყო. კერძოდ, კალიფორნიაში ზაფხულის ერთ კვირა დილას სირენის ხმამ დაარღვია კოლეჯის ცხრა სტუდენტის მყუდროება. პოლიციელებმა მათ დანაშაულებრივ ქმედებაში წაუყენეს ბრალდება, მისცეს განმარტება მათი კონსტიტუციური უფლებების შესახებ, გაჩხრიკეს და ბორკილები დაადეს. ამის შემდეგ ისინი დაარეგისტრირეს: აიღეს თითის ანაბეჭდები და თვალებახვეული გადაიყვანეს სტენფორდის საგრაფოს ციხეში. აქ ისინი გააშიშვლეს, დეზინფექცია ჩაუტარეს და კომბინიზონის მსგავსი უნიფორმა ჩააცვეს საიდენტიფიკაციო ნომრებით მკერდსა და ზურგზე.
კოლეჯის ეს ცხრა სტუდენტი მოხალისეები იყვნენ, რომლებიც გაზეთში გამოქვეყნებულ განცხადებას გამოეხმაურნენ და თანხმობა განაცხადეს ორკვირიან ექსპერიმენტში მონაწილეობაზე, რომელიც ციხეში ყოფნას ითვალისწინებდა. მონეტის ალალბედზე აგდებით, მოხალისეთა ნაწილს პატიმრის, ნაწილს კი ზედამხედველის როლი დაეკისრა. ექსპერიმენტის ყველა მონაწილე დიდი რაოდენობის მოხალისე სტუდენტისგან შეირჩა, რომლებიც ხანგრძლივი ფსიქოლოგიური ტესტირებისა და გამოკითხვების საფუძველზე კანონმორჩილ, ემოციურად სტაბილურ, ფიზიკურად ჯანმრთელ და საშუალო, ნორმალურ ადამიანებად იქნენ მიჩნეულნი. პატიმრები, ექსპერიმენტის მიმდინარეობის პერიოდში ციხეში იმყოფებოდნენ, ზედამხედველები კი სტანდარტულად 8 საათს მუშაობდნენ.
რა მოხდა მას შემდეგ, რაც სტუდენტებმა მათზე დაკისრებული როლები გაითავისეს? ზედამხედველები (იხ. სურათი N1) — ის სტუდენტები, რომლებიც მშვიდობიანი და „კარგი ბიჭები“ იყვნენ, აგრესიულად, ზოგჯერ სადისტურადაც კი იქცეოდნენ. ისინი მკაცრად მოითხოვდნენ, რომ პატიმრები უსიტყვოდ, ყოველგვარი ყოყმანის გარეშე დამორჩილებოდნენ წესებს. დამორჩილებაზე უარის თქმას პრივილეგიების დაკარგვა მოჰყვებოდა. თავდაპირველად, პრივილეგიებში კითხვის, წერისა და თანასაკნელებთან საუბრის უფლება შედიოდა. მოგვიანებით პატიმრების მხრიდან მცირე პროტესტიც კი ისეთი „პრივილეგიების“ დაკარგვას იწვევდა, როგორიც იყო ჭამა, ძილი და დაბანა. წესებისადმი დაუმორჩილებლობას, ასევე, ისეთი დამამცირებელი და უაზრო სამუშაოების შესრულება სდევდა თან, როგორიც იყო ტუალეტის ხელით რეცხვა, აზიდვები ზურგზე ზედამხედველის ფეხით და კარცერში ჩასმა. ზედამხედველები მუდმივად ცდილობდნენ ისეთი ახალი სასჯელების მოფიქრებას, რომ პატიმრებს თავი უფრო მეტად დამცირებულად ეგრძნოთ.
პატიმრის როლში მყოფმა, მანამდე ფსიქოლოგიურად სტაბილურმა სტუდენტებმა სულ მალე გამოავლინეს პათოლოგიური ქცევები, პასიურ წინააღმდეგობას უწევდნენ დამცირებას და ბედს შეეგუენ. 36 საათიც არ იყო გასული, რომ პატიმარმა 8412-მა, დილით ჩახშობილი ბუნტის ერთ-ერთმა ლიდერმა, თავშეუკავებელი ყვირილი დაიწყო. მას აღენიშნებოდა მძვინვარების შეტევები, აზროვნების დეზორგანიზაცია და ღრმა დეპრესია. მომდევნო დღეებში კიდევ სამ პატიმარს განუვითარდა სტრესული სიმპტომები. მეხუთე პატიმარს კი მთელ სხეულზე ფსიქოსომატური წარმოშობის გამონაყარი გაუჩნდა მას შემდეგ, რაც უარყოფილ იქნა მისი თხოვნა შეწყალების შესახებ.
ამ დრამატული და მოულოდნელად ღრმა ემოციური და ქცევითი ეფექტების გამო, ხუთი პატიმარი, რომელმაც სტრესული რეაქცია გამოავლინა, დროზე ადრე იქნა განთავისუფლებული ამ უჩვეულო ციხიდან და ფსიქოლოგები იძულებულნი გახდნენ, მათზე დაკვირვების ორკვირიანი ვადა ექვს დღემდე შეემცირებინათ. კვლევის ერთ-ერთმა მონაწილემ განაცხადა, რომ ის აღარ ისურვებდა მსგავს ექსპერიმენტში განმეორებით მონაწილეობის მიღებას. აფასებდა რა მიღებულ გამოცდილებას, ის ამბობდა, რომ ბევრი რამ შეიტყო საკუთარი თავისა და, საერთოდ, ადამიანის ბუნების შესახებ. საბედნიეროდ, ის და სხვა სტუდენტებიც, ძირითადად, ჯანმრთელნი იყვნენ და ადვილად გამოვიდნენ ამ მძიმე სიტუაციიდან. მომდევნო პერიოდშიც მათზე მრავალწლიანმა დაკვირვებებმა არ გამოავლინა რაიმე ხანგრძლივი ნეგატიური ეფექტი. მონაწილეებმა ხელი შეუწყეს ძალზე მნიშვნელოვანი დასკვნების გაკეთებას: ფიქტიურ ციხეში შექმნილი სიტუაციის ძალამ პატიმრებისა და ზედამხედველების გონებაში ახალი სოციალური რეალობა – ნამდვილი ციხის რეალობა შექმნა.
სტენფორდის ციხის ექსპერიმენტის შედეგების მიხედვით, „პატიმრებისა“ და „ზედამხედველების“ ქცევები პრაქტიკულად ყველა დაკვირვებად სიტუაციაში განსხვავდებოდა ერთმანეთისაგან (იხ. სურათი N2). მიუხედავად იმისა, რომ როლები ალალბედზე განაწილდა, ნაკისრმა როლებმა შექმნეს განსხვავებები ექსპერიმენტში მონაწილე სტუდენტების სტატუსებსა და უფლებებს შორის, რასაც ძალზე დიდი მნიშვნელობა ჰქონდა საპატიმროს სიტუაციაში. მონაწილეთათვის არავის უსწავლებია, როგორ უნდა მოქცეულიყვნენ და ისინი არც რეალური ციხის სიტუაციაში ყოფილან ოდესმე, მიუხედავად ამისა, თითოეულმა მათგანმა დაისწავლა განსხვავება ძალაუფლების ქონასა და უქონლობას შორის.
ზედამხედველი არის ის, ვინც ზღუდავს პატიმრის თავისუფლებას, მართავს მის ქცევას და მას გარკვეული ქცევების განხორციელებას აიძულებს. ეს დავალება იძულებითი წესების გამოყენებით წარიმართებოდა, რაც დაუმორჩილებლობისათვის სასჯელის გამოყენებას გულისხმობდა. პატიმრებს მხოლოდ იმ სოციალურ სტრუქტურაზე შეეძლოთ რეაგირება, რომელიც ზედამხედველების ძალაუფლებიდან გამომდინარე საპატიმროს გარემოს ქმნიდა. აჯანყება ან დამორჩილება პატიმრების ერთადერთი არჩევანია. პირველის შედეგი დასჯაა, მეორისა კი — დამოუკიდებლობისა და ღირსების დაკარგვა.
ექსპერიმენტში მონაწილე სტუდენტებს მსგავსი განსხვავებული სიტუაციური ძალების ზეგავლენა უკვე გამოცდილი ჰქონდათ თავიანთ ადრეულ სოციალურ ურთიერთობებში: მშობელი - შვილი, მასწავლებელი -მოსწავლე, ექიმი - პაციენტი, უფროსი - მუშა, კაცი - ქალი. ამ ახალ კონკრეტულ სიტუაციაში მათ უბრალოდ დახვეწეს და განავითარეს თავიანთი ადრეული ქცევის პატერნები. ნებისმიერ სტუდენტს ნებისმიერი როლი შეიძლებოდა რგებოდა. ზედამხედველების როლში მყოფი სტუდენტები განცვიფრებულები მიუთითებდნენ, რამდენად ადვილად აითვისეს და მიიღეს სხვა ადამიანების მაკონტროლებლის როლი. უნიფორმის ჩაცმაც კი საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, რომ კოლეჯის პასიური სტუდენტები ციხის აგრესიულ ზედამხედველებად ქცეულიყვნენ.
***
გამოყენებული ლიტერატურა:
გერიგი, რ. და ზიმბარდო, ფ. (2009). ფსიქოლოგია და ცხოვრება, თბილისი, თსუ.