ბულიმია

Bulimia Nervosa

კვებითი აშლილობა, რომლისთვისაც დამახასიათებელია უზომო რაოდენობის საკების მიღება, რასაც შემდეგ თან სდევს მიღებული კალორიებისგან ორგანიზმის გაწმენდის ღონისძიებები. ასეთი ტიპის ქცევებს კომპენსატორული ეწოდება და მიმართულია იმისკენ, რომ არ მოხდეს წონაში მატება. უზომო ჭამის შემდგომ განხორციელებული კომპენსატორული ქმედების ტიპიურ ნიმუშია პირღებინება, კუჭის ამშლელი პრეპარატების მიღება და ა.შ.

ბულიმია წარმოდგება ბერძნული სიტყვისგან - boulimos, რომელიც „მგლის მადას“, გაუმაძღრობას აღნიშნავს. გაუმაძღობა და საკვების უზომო რაოდენობით მიღება ბულიმიის ერთ-ერთ  ყველაზე მკაფიოდ დამახასიათებელი სიმპტომია. თუმცა ბულიმიის სინდრომი არ შედგება მხოლოდ საკვების გადამატებული მიღებისგან. დიაგნოზის დასასმელად აუცილებელია გადაჭარბებულ კვებას  თან სდევდეს ჩამოთვლილთაგან ერთი ან რამდენიმე კომპენსატორული ქცევა: გულის არევა, კუჭის აშლა და ა.შ.

ბულიმიის, როგორც სინდრომის, აღმოჩენა ჯერალდ რასელის (Gerald Russell, 1979) სახელს უკავშირდება, რადგან მან პირველმა მოახდინა არსებული ცოდნისა და შემთხვევების ანალიზის საფუძველზე ბულიმიის სინდრომის გამოყოფა ანორექსიისაგან. 1980-იანი წლებიდან მოყოლებული, საკმაოდ ბევრი გაურკვევლობა წარმოიშვა უზომო რაოდენობის საკვების მიღების შედეგად აღმოცნებული კლინიკური პრობლემების აღწერისას. ამიტომაც, ამერიკის ფსიქიატრთა ასოციაციამ 1980 წელს, პირველად შეიტანა ბულიმია დმს-ის მესამე გამოცემაში (DSM–III). ამ პერიოდიდან მოყოლებული ბულიმია მუდმივად ხვდება სადიაგნოსტირო სახელმძღვანელოში, თუმცა მნიშვნელოვანი სახეცვლილებებით. 1987 წელს, იმისთვის, რომ  უფრო ზუსტად მოეხდინათ აშლილობის იდენტიფიცირება, სახელმძღვანელოში არსებული აღწერილობა მნიშვნელოვნად მიუახლოვეს რასელის შემოთავაზებულ კონცეფციას.

რასელის მიხედვით, ბულიმია ხასიათდება სხეულის ფიზიკურ გარეგნობაზე გადამატებული შფოთვით, უზომო რაოდენობის საკვების მიღებით და კომპენსატორული ქცევებით, რომლებიც წონის შენარჩუნებისაკენ არის მიმართული. ამასთანავე, ამ პერიოდისათვის დაავადებას სახელი გადაერქვა და DSM-III-R-ში შევიდა როგორც „Bulimia Nevrosa”, რაც ზუსტად ასახავდა რასელის მიერ გამოყოფილ კრიტერიუმებს, მათ შორის, შფოთვას, წონის მატებასთან დაკავშირებით და მისი კონტროლის არაადეკვატურ მექანიზმებს.

ამჟამად, DSM-5-ში ბულიმია ისევ ბულიმია ნევროზას სახელით არის შესული და მცირედით განსხვავდება წინამორბედ, DSM–IV-TR-ში მოცემული კრიტერიუმებისგან. თუ ადრე დიაგნოზის დასასმელად ბულიმიისთვის დამახასიათებელი ქცევების გამოვლენის სიხშირე კვირაში მინიმუმ ორ ეპიზოდს მოიცავდა, DSM-5-ში ეს კრიტერიუმი შემცირდა და საკმარისია სიმპტომები კვირაში ერთხელ იქნეს გამოვლენილი.

ბულიმიის კრიტერიუმები DSM-5-ისმიხედვით:

ა) საკვების უზომო რაოდენობით მიღების განმეორებადი ეპიზოდები. ამასთანავე, საკვების გადაჭარბებული მიღება უნდა აკმაყოფილებდეს  ჩამოთვლილთაგან ორივე კრიტერიუმს: 

  1. დროის გარკვეულ მონაკვეთში მიღებული საკვები (მაგ., ორი საათის განმავლობაში) უნდა იყოს იმაზე გაცილებით დიდი რაოდენობის, ვიდრე ამას ადამიანების უმრავლესობა მიიღებს, იმავე დროსა და იმავე პირობებში.
  2. გადამატებული კვების ეპიზოდს თან უნდა ახლდეს კონტროლის ნაკლებობის განცდა (მაგ. განცდა, რომ არ შეუძლია შეწყვიტოს ჭამა ან აკონტროლოს რამდენ საკვებს მიიღებს).

ბ) მუდმივად განმეორებადი არაადეკვატური კომპენსატორული ქცევები, რომლებიც მიზნად ისახავენ წონის კონტროლსა და წონაში მატების თავიდან აცილებას. მაგალითად, თვითპროვოცირებული პირღებინება, შარდმდენი, ფაღარათის გამომწვევი და სხვა ქიმიური მედიკამენტების თვითნებური და არასწორი მიღება/გამოყენება , შიმშილობა, ძლიერი ფიზიკური გადატვირთვა და  ვარჯიში.

გ) საკვების უზომო რაოდენობით მიღების ეპიზოდები და არაადეკვატური კომპენსატორული ქცევები საშუალოდ, სამი თვის მანძილზე, კვირაში ერთხელ მაინც უნდა გამოვლინდეს.

დ) თვითშეფასება დიდწილად არის დამოკიდებული სხეულის ფორმასა და წონაზე.

ე) სიმპტომები არ აღმოცენდება მხოლოდ ანორექსიის ეპიზოდების დროს.

ბულიმიის ეტიოლოგია

მკვლევრების აზრით, საკვების უზომო რაოდენობით მიღების მთავარი მოტივატორებია:

  1. შიმშილი, რომელიც წონაში დასაკლებად დაწყებული დიეტისგან აღმოცენდება;
  2. ინდივიდის მცდელობა, გაუმკლავდეს სტრესსა  და ნეგატიურ ემოციებს;
  3. საკვების ჰედონური ეფექტი.

რაც შეეხება კომპენსატორულ ქცევებს, მათი მთავარი მამოტივირებელი გასუქებისა და  წონაში მომატების შიშია. როგორც წესი, ბულიმია ადრეულ ახალგაზრდობაში აღმოცენდება და მის ძირითად მახასიათებელს  წონაზე გადამეტებული ზრუნვა, შფოთვა და ამის გამო ქრონიკულ დიეტაზე ყოფნა წარმოადგენს. იქიდან გამომდინარე, რომ პიროვნება დიეტის დაცვას ვერ ახერხებს, იგი გადამეტებული რაოდენობით იღებს საკვებს. ამას შემდეგ მოჰყვება  გასუქების შიში, რასაც თან სდევს წონაში სწრაფად კლების სურვილი. იკარგება საკუთარი სხეულის ზომებისა და პროპორციების ადეკვატური აღქმა.  ხანდახან, მიუხედავად ნორმალური წონისა, ბულიმიით დაავადებული ადამიანი ძალიან მსუქნად აღიქვამს თავს.

მკურნალობა / ფსიქოთერაპია

ბულიმიის სამკურნალოდ ძირითადად ორი ტიპის ფსიქოლოგიური თერაპია გამოიყენება: კოგნიტურ-ბიჰევიორალური თერაპია - CBT და ინტერპერსონალური თერაპია IPT.

ბულიმიასთან მიმართებაში კოგნიტურ-ბიჰევიორალური თერაპია გამოყოფს ძირითად კოგნიტურ მოდელს, რომელშიც სხეულის აღქმა,  ზომები და მასზე გამუდმებული შფოთვა ცენტრალურ მოტივაციურ ფატორებს წარმოადგენენ და აღმოაცენებენ კომპენსატორულ ქცევებს. დიეტისა და კალორიებისგან გათავისუფლების არაადეკვატური მექანიზმებით ხდება შფოთვის შემცირების უარყოფითი განმტკიცება. ჭარბი რაოდენობით საკვების მიღების შემდეგ კვებაზე კონტროლის დაწესება კი შიმშილის განცდას იწვევვს, რომელიც, თავის მხრივ, პროვოცირებას უწევს მორიგ, უზომო კვების ეპიზოდს. გარდა ამისა, კომპენსატორული ქცევები ხელს უშლიან ორგანიზმს ადეკვატურად აღიქვას სიმაძღრე და ამით კიდევ უფრო არღვევენ საკვების მიღების რეგულირებას.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, კოგნიტურ-ბიჰევიორალური თერაპიის მთავარ მიზნებია:

  1. უზომო რაოდენობით საკვების მიღებისა და შემდეგ მისგან გათავისუფლების ციკლის მოდიფიცირება;
  2. დიეტასთან, წონასთან, ფიზიკურ ხატსა და მათგან მომდინარე სოციალურ წნეხთან დაკავშირებული მცდარი რწმენებისა და დამოკიდებულებების შეცვლა;
  3. რეციდივის პრევენცია და შეცვლილი ქცევებისა და დამოკიდებულებების შენარჩუნება.

რაც შეეხება ინტერპერსონალურ თერაპიას, ეს უკანასკნელი ეფუძნება მოდელს, რომლის მიხედვითაც ბულიმია გამოწვეულია სოციალური ფუნქციონირების პრობლემებით. შესაბამისად, მისი მკურნალობის მეთოდი აგებულია სამ ეტაპზე. პირველ ეტაპზე ძირითადი მიზანი არის პაციენტის ჩართვა მკურნალობის პროცესში, არსებული ინტერპერსონალური პრობლემების იდენტიფიცირება და მკურნალობის დაწყება. პრობლემების საიდენტიფიკაციოდ ინტერპერსონალური თერაპია სამ ძირითად მეთოდს იყენებს:

  1. ინტერპერსონალური კონტექსტი, რომელშიც კვებითი პრობლემა აღმოცენდა და შემდეგ შენარჩუნდა;
  2. პაციენტის მიმდინარე ინტერპერსონალური ფუნქციონირების ხარისხის შეფასება;
  3. ინდივიდის ბულიმიური ეპიზოდების ინტერპერსონალური კონტექსტის გარკვევა.

ამ ეტაპების გავლის შემდეგ თერაპევტი და პაციენტი ერთობლივად წყვეტენ, რომელი იდენტიფიცირებული პრობლემიდან დაიწყონ მკურნალობა.

ფარმაკოლოგიური ჩარევა - მედიკამენტები

როგორც კვლევებმა აჩვენეს, ანტიდეპრესანტი მედიკამენტების მრავალი სხვადასხვა ტიპი, მათ შორის, ტრიციკლური, მონოამინოოქსიდაზას (მაო) ინჰიბიტორები, სეროტონინის უკუმიტაცების ინჰიბიტორები და ა.შ. საკმაოდ ეფექტურია ბულიმიის მოკლევადიანი მკურნალობისათვის. ჩამოთვლილთაგან ნებისმიერი ანტიდეპრესანტის მიღება იწვევს გამოჯანმრთელებას ბულიმიით დაავადებული პაციენტების 25%-ში.

როგორც წესი, ბულიმიით დაავადებულ ადამიანებს ანტიდეპრესანტების მიღების დროს უვითარდებათ გაუსაძლისი გვერდითი ეფექტები ან არ ექვემდებარებიან პირველსავე გამოწერილ ანტიდეპრესანტს. იმ შემთხვევებში, როცა პირველი მედიკამენტი აუტანელია ან არ აქვს ეფექტი, ხდება მეორე მედიკამენტის გამოწერა, რომელსაც გაცილებით მაღალი ეფექტი აქვს და შესაძლოა 50%-ით გაზარდოს გამოჯანმრთელების შანსი.  

ვიდეო: რა არის ბულიმია? 

https://www.youtube.com/watch?v=Rw9A-42eKss

*** 

გამოყენებული ლიტერატურა: 

გერიგი; ზიმბარდო (2009) ფსიქოლოგია და ცხოვრება. თსუ, თბილისი.

American Psychiatric Association. (2013) Diagnostic and Statistic Manual of Mental Disorders (5th. Edition). Washington;  DC.

Mond: Classification of bulimic-type eating disorders: from DSM-IV to DSM-5. Journal of Eating Disorders 2013 1:33;  doi:10.1186/2050-2974-1-33.

Kazdin, A. E. (Ed.) (2000). Encyclopedia of psychology. 8 Volume Set. Vol. 1.

Fairburn, C. G., (1994). Interpersonal psychotherapy for bulimia nervosa. The Clinical Psychologist, 47(4), 21-22.

Women's Health Community – Bulimia Treatment Tips – How to overcome Bulimia Nervosa http://www.youtube.com Retrieved February 1, 2015, from https://www.youtube.com/watch?v=Rw9A-42eKss

კატეგორია: 
ავტორები: