დსმ-5

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
DSM-5 (Diagnostic and Statistical Manual)

ფსიქოლოგიური აშლილობების სადიაგნოსტიკო და სტატისტიკური სახელმძღვანელო ფსიქოლოგიური აშლილობებისა და მათთან ასოცირებული კრიტერიუმების სტანდარტული საკლასიფიკაციო სისტემაა, რომელიც ამ აშლილობების სანდოდ დიაგნოსტირებისთვისაა მოწოდებული. დსმ-5-ის უპირველესი დანიშნულებაა, დახმარება გაუწიოს პროფესიონალ კლინიკოსებს პაციენტების ფსიქოლოგიური აშლილობების დიაგნოსტირებისას სრული სურათის დანახვაში, რაც თითოეული პაციენტისათვის სრულად ინფორმირებული მკურნალობის გეგმის შედგენის წინაპირობაა.

თითოეულ დიაგნოსტიკურ კრიტერიუმში ჩამოთვლილი სიმპტომები ამომწურავად არ განსაზღვრავენ შესატყვის აშლილობას და სრულად არ მოიცავენ მიმდინარე კოგნიტური, ემოციური, ბიჰევიორალური და ფიზიოლოგიური პროცესების აღწერებს. დსმ სინდრომებისთვის დამახასიათებელი ნიშნებისა და სიმტომების შეჯამებული აღწერა უფროა, რომლებიც მათ საფუძვლად მდებარე აშლილობაზე მიუთითებს მისთვის დამახასიათებელი განვითარების ისტორიით, ბიოლოგიური და გარემოში არსებული რისკ-ფაქტორებით, ნეიროფსიქოლოგიური და ფიზიოლოგიური კორელატებითა და ტიპური კლინიკური მიმდინარეობით.

მოკლე ისტორია

1844 წელს ამერიკის ფსიქიატრიულმა ასოციაციამ ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ინსტიტუციონალიზებული პაციენტების სტატისტიკური კლასიფიკაცია გამოსცა. ეს გამოცემა დსმ-ის წინმსწრებად ითვლება და იმ დროისათვის არსებულ სტაციონარებში მოთავსებული პაციენტების ნაირსახეობათა შესახებ ინფორმაციის გაცვლა-გამოცვლის გაუმჯობესებას ისახავდა მიზნად. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დსმ ოთხჯერ გამოიცა (1952, 1968, 1980, 1994/2000), როგორც დიაგნოსტიკური საკლასიფიკაციო სისტემა ფსიქიატრებისთვის, სხვა დარგის ექიმებისთვის და ფსიქიკური ჯანრმთელობის სფეროში მომუშავე სხვა პროფესიონალებისთვის. ის ფსიქოლოგიური აშლილობების მთელი სპექტრის არსებითი მახასიათებლების აღწერებს მოიცავდა.

დსმ-5 2013 წლის 18 მაისს გამოქვეყნდა დსმ-IV-TR-ის (2000) საფუძვლიანი გადამუშავების შედეგად. ახალი გამოცემის შექმნას 1999 წელს ჩატარებულ კონფერენციაზე ჩაეყარა საფუძველი, რაც 2007 წელს ძირითადი სამუშაო ჯგუფის შექმნით დაგვირგვინდა. ამ ჯგუფმა, რომელშიც სხვადასხვა მიმართულების წამყვანი სპეციალისტები შედიოდნენ, შექმნა და ემპირიულად შეამოწმა მთელი რიგი ახალი კლასიფიკაციები. მნიშვნელოვანი ცვლილებებიდან შეიძლება დასახელდეს, ასპერგერის სინდრომის, როგორც ცალკე კლასიფიკაციის, ამოღება; შიზოფრენიის სხვადასხვა ფორმის ქვეკატეგორიების ამოღება; „გენდერული იდენტობის აშლილობისადმი“ ახლებული მიდგომისა და სახელწოდების „გენდერული დისფორია“ შემოტანა. ბოლო გამოცემაში, ასევე, დამატებულია როგორც მთელი რიგი ახლადაღიარებული აშლილობებისა, როგორიცაა მაგალითად, დაგროვების აშლილობა, ასევე ახალი კრიტერიუმები, უკვე არსებული კატეგორიებისთვის.

უკანასკნელი 60 წლის განმავლობაში რამდენჯერმე გამოცემული დსმ ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში კლინიკური პრაქტიკის სტანდარტულ დამხმარე სახელმძღვანელოდ იქცა. ვინაიდან შეუძლებელია ფსიქოლოგიური აშილობების უმეტესობის საფუძვლადმდებარე პათოლოგიური პროცესის სრულად აღწერა, არსებული დიაგნოსტიკური კრიტერიუმები იმის საუკეთესო აღწერაა, თუ როგორ ვლინდება ფიქოლოგიური აშლილობები და როგორ არის შესაძლებელი მათი ამოცნობა. 

დანიშნულება

დსმ მოწოდებულია, როგორც ინფორმაციის ორგანიზებისთვის განკუთვნილი პრაქტიკული, ფუნქციური და მოქმნილი გზამკვლევი, რომელსაც ფასდაუდებელი დახმარების გაწევა შეუძლია კლინიცისტისთვის ფსიქოლოგიური აშლილობების ზუსტი დიაგნოსტირებისა და მკურნალობისას.

მართალია, დსმ, პირველ რიგში, კლინიკური პრაქტიკის გზამკვლევად არის შემქმნილი, მას პროფესიონალთა ფართო სპექტრი იყენებს: სხვადასხვა თეორიული ორიენტაციის (ბიოლოგიური, ფსიქოდინამიკური, კოგნიტური, ბიჰევიორალური, ინტერპერსონალური, ოჯახის/სისტემური) მქონე კლინიკოსები და მკვლევრები, რომელთათვისაც ღირებულია საერთო სამეტყველო ენის ქონა პაციენტების ფსიქოლოგიური აშლილობების არსებითი მახასიათებლების აღსაწერად და გადმოსაცემად.

დსმ-ში აკუმულირებული ინფორმაცია ღირებულია ყველა პროფესიონალისათვის, რომელიც ამა თუ იმ თვალსაზრისით დაკავშირებულია ფსიქიკური ჯანმრთელობის უზრუნველყოფასთან: ფსიქიატრებისთვის, სხვა დარგის ექიმებისთვის, ფსიქოლოგებისთვის, სოციალური მუშაკებისთვის, მედდებისთვის, კონსულტანტებისთვის, სასამართლოში მომუშავე სპეციალისტებისთვის, ოკუპაციური და რეაბილიტაციის თერაპევტებისთვის და ჯანსაცვის სისტემაში მომუშავე სხვა სპეციალისტებისთვის.

დსმ-ში კრიტერიუმები კომპაქტურად და გასაგებად არის გადმოცემული და ხელს უწყობს გამოვლენილი სიმპტომების ობიექტურ შეფასებას როგორც სხვადასხვა კლინიკურ სიტუაციაში (ამბულატორიულად, დღის სტაციონარში, სტაციონარში, კონსულტირებისას, კლინიკურ, კერძო პრაქტიკასა და პირველადი დახმარების), ისე — ფსიქოლოგიური აშილობების ეპიდემიოლოგიურ კვლევებში თემებსა და საზოგადოებებში. გარდა ამისა, დსმ ფსიქოლოგიური აშლილობის მორბიდულობისა და სიკვდილიანობის მაჩვენებლების სტატისტიკური მონაცემების შეგროვებისა და აღწერის კარგი საშუალებაა. და ბოლოს, მასში აღწერილი კრიტერიუმები და თანმხლები ტექსტი ფასდაუდებელი რესურსია როგორც სტუდენტებისთვის და დამწყები სპეციალისტებისთვის, ისე — გამოცდილი სპეციალისტებისთვის, როდესაც ისინი პირველად აწყდებიან იშვიათ აშლილობას.

ყველა ეს განსხვავებული და მრავალფეროვანი საჭიროება და ინტერესი გათვალისწინებულია დსმ-5-ში. მასში კლასიფიცირებული აშლილობები ჰარმონიზირებულია მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის აშლილობათა საერთაშორისო კლასიფიკაციასა (International Classification of Diseases, ICD) და კოდირების ოფიციალურ სისტემასთან, რომელსაც აშშ-ში იყენებენ.

დსმ-5-ის ორგანიზაცია და მრავალღერძიანი ფორმატი

დსმ-ის წინა გამოცემა, დსმ-IV ხუთღერძიანი ფორმატით იყო აგებული. I ღერძზე კოდირებული იყო კლინიკური სინდრომები. II ღერძი მთლიანად პიროვნულ აშლილობებსა და გონებრივ ჩამორჩენას ეთმობოდა, III ღერძზე ფიზიკური მდგომარეობა ფასდებოდა, IVღერძი ფსიქოლოგიური სტრესორების (ფსიქოსოციალური და გარემოს პრობლემების) სიმწვავეს აღწერდა, V ღერძი კი ფუნქციონირების ზოგადი დონის შეფასებას ეთმობოდა.

დსმ-5 დიაგნოზის არაღერძული დოკუმენტირებისთვისაა მოწოდებული (ყოფილი I, II და III ღერძები), სადაც ცალკე ფიქსირდება მნიშვნელოვანი ფსიქოსოციალური და კონტექსტუალური ფაქტორები (ყოფილი IV ღერძი) და შეზღუდული უნარები (ყოფილი V ღერძი).

ერთი მხრივ, დიაგნოზის და, მეორე მხრივ, ფსიქოსოციალური და კონტექსტუალური ფაქტორები ერთმანეთისგან განცალკევებულად აღწერა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისა (WHO) და დაავადებების საერთაშორისო კლასიფიკაციის (ICD) გზამკვლევის პრინციპების შესატყვისია, რომლებშიც ინდივიდის ფუნქციური სტატუსი მისი დიაგნოსტიკური სტატუსისგან ან სიმტომებისგან დამოუკიდებლად განიხილება. თავად დსმ-ის წინა გამოცემაშივეა ნათქვამი, რომ „მრავალღერძიანი გამიჯვნა I, II და III ღერძების აშლილობებს შორის არ მოიაზრებს, რომ მათ კონცეპტუალიზაციას შორის ფუნდამენტური განსხვავებებია და რომ ფსიქოლოგიური აშლილობები არ არის კავშირში ფიზიკურ ან ფიზიოლოგიურ ფაქტორებთან, ან პროცესებთან, ან რომ ზოგად სამედიცინო მდგომარეობებს არაფერი აქვთ საერთო ქცევით ან ფსიქოსოციალურ ფაქტორებთან თუ პროცესებთან.“

დსმ-5 შედგება წინასიტყვაობისგან, სამი ძირითადი ნაწილისა და დანართისგან. პირველ ნაწილში მოკლედ არის აღწერილი შექმნის ისტორია, გამოყენების ინსტრუქციები და გამაფრთხილებელი დებულებები დსმ-5-ის სასამართლო პრაქტიკაში გამოყენებისთვის.

მეორე ნაწილი (გაერთიანებული ყოფილი I, II და III ღერძები) დიაგნოსტიკურ კრიტერიუმებსა და კოდებს მოიცავს. მასში ცალკეული თავების თანმიმდევრობა იმ ცოდნის გათვალისწინებით არის დალაგებული, რომელიც ბოლო 20 წლის მანძილზე დაგროვდა თავის ტვინის ფუნქცინირების და პიროვნების ჯანმრთელობასა და ქცევაზე გენებისა და გარემოს ზემოქმედების შესახებ. ამასთან, ზოგიერთ შემთხვევაში, რამდენიმე თავი აშლილობათა უფრო ფართო კატეგორიას ქმნის. ასეთი ახლებური სტრუქტურა აშლილობებს შორის ურთიერთმიმართების უკეთ გაგებაში დაგვეხმარება.

დსმ-5 ცხოვრების მანძილზე განვითარების თანმიმდევრობასაც ითვალისწინებს. ეს ძალიან კარგად ჩანს თითოეულ თავში და ცალკეულ დიაგნოსტიკურ კატეგორიებში, ვინაიდან ჯერ ის აშლილობებია აღწერილი, რომლებიც, ჩვეულებრივ, პირველად ბავშვობაში დიაგნოსტირდება. მხოლოდ შემდეგ არის წარმოდგენილი მოზარდობაში, მოზრდილობასა და გვიან მოზრდილობაში გამოვლენილი მდგომარეობები. მასში, ასევე, გათვალისწინებულია აშლილობების კულტურული და გენდერული თავისებურებები, რაც მნიშვნელოვნად განასხვავებს მას წინა გამოცემებისგან.

მეორე ნაწილი 22 თავისგან შედგება, რომელშიც დეტალურად არის აღწერილი თითოეული აშლილობა. ეს თავებია: ნეიროგანვითარების აშლილობები, შიზოფრენიის სპექტრისა და სხვა ფსიქოტური აშლილობები, ბიპოლარული და მასთან დაკავშირებული აშლილობები, დეპრესიული აშლილობები, შფოთვითი აშლილობები, ობსესიურ-კომპულსური და მასთან დაკავშირებული აშლილობები, ტრავმასა და სტრესორთან დაკავშირებული აშლილობები, დისოციაციური აშლილობები, სომატურ სიმპტომთან და მასთან დაკავშირებული აშლილობები, კვების აშლილობები, ელიმინაციის/არიდების/განრიდების აშლილობები, ძილ-ღვიძილის აშლილობები, სექსუალური დისფუნქციები, გენდერული დისფორია, იმპულსის კონტროლისა და ქცევის დარღვევები, ნივთიერებებთან დაკავშირებული და ადიქტიური აშილობები, ნეიროკოგნიტური აშლილობები, პიროვნული აშლილობები, პარაფილიური აშლილობები, სხვა ფსიქიკური აშლილობები, მედიკამენტებით გამოწვეული მოძრაობის აშლილობები და მედიკამენტების სხვა ეფექტები, სხვა მდგომარეობები, რომლებიც შესაძლოა კლინიკური ყურადღების საგანი გახდეს.

მესამე ნაწილში განვითარების პროცესში მყოფი საზომები და მოდელებია წარმოდგენილი, დანართში კი განხილულია ძირითადი ცვლილებები, ტექნიკური ტერმინების ლექსიკონი, ICD-ის შესატყვისი კოდების ჩამონათვალი და ა. შ.

დსმ-5-დან მთლიანად ამოღებულია ყოფილი IV და V ღერძები. IV ღერძი ICD-9-ის ზოგიერთ კრიტერიუმითა და კოდით არის ჩანაცვლებული, ხოლო V ღერძი, კონცეპტუალური ბუნდოვანებისა და საეჭვო ფსიქომეტრული მახასიათებლების გამო, შეზღუდული უნარების შეფასების მეთოდიკით ჩანაცვლდა, რომელიც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ არის შემუშავებული.   

კრიტიკა

დსმ-5 მრავალი კრიტიკის სამიზნე აღმოჩნდა ოფიციალურად გამოქვეყნებამდე და შემდეგაც. კრიტიკოსები ამბობენ, რომ, მაგალითად, დსმ-5-ში შეტანილი მრავალი ცვლილება არ არის ემპირიულად განმტკიცებული; ბევრი აშლილობისთვის დაბალია დამკვირვებელთა შორის სანდოობა; რამდენიმე თავი არ არის გამართულად დაწერილი, დამაბნეველია ან ურთიერთსაწინააღმდეგო ინფორმაციას შეიცავს; სახელმძღვანელოს შინაარსს კი შესამჩნევად ეტყობა მედიკამენტების ინდუსტრიის გავლენა.

სხვადასხვა მეცნიერი ამტკიცებს, რომ დსმ-5 კლინიცისტებს ისეთი განსხვავებების გაკეთებას აიძულებს, რომელთაც ზურგს არ უმაგრებს სანდო და მდიდარი ემპირიული საბუთები; ისეთი განსხვავებების, რომლებიც მნიშვნელოვნად ცვლის მკურნალობის გეზს, მედიკამენტების დანიშნულებისა და ჯანდაცვის დაზღვევის ხელმისაწვდომობის ჩათვლით. 

 

*** 

გამოყენებული ლიტერატურა:

APA, (2013). DSM-5TM, Diagnostic and Statistical Manual of Mental Disorders, 5th edition. Americal Psychiatric Assosiation, Washington, DC; London, England.

Barlow, D., H., and Durand, V. M. (2014). Abnormal Psychology: An Integrative Approach, 7th ed. Cengage Learning,

DSM-5TM, http://www.dsm5.org/about/Pages/Default.aspx (21.01.2015)

DSM, http://www.britannica.com/EBchecked/topic/161092/Diagnostic-and-Statistical-Manual-of-Mental-Disorders-DSM (22.01.2015)

კატეგორია: 
ავტორები: