თანამედროვე ფსიქოთერაპიული მიდგომა, რომელიც არსებულ ურთიერთობებში პრობლემების მოგვარებასა და ახალი მნიშვნელოვანი ინტერპერსონალური ურთიერთობების ფორმირების სწავლებაზე ფოკუსირდება. ეს მიდგომა მეოცე საუკუნის ბოლო ათწლეულში მირნა უესიმანმა და ჯერალდ კლერმანმა (Myrna Weissman & Gerald Klerman) შექმნეს.
პიროვნებათშორის ურთიერთობებში მნიშვნელოვანი პრობლემები და რღვევები სტრესის მნიშვნელოვანი კატეგორიაა, რომელსაც გუნება-განწყობილების აშლილობების განვითარებისთვის ბიძგის მიცემა შეუძლია. ამასთან, მწირი (თუ საერთოდ აქვთ) მნიშვნელოვანი სოციალური ურთიერთობების მქონე ადამიანები გუნება-განწყობილების აშლილობების განვითარების და შენარჩუნების რისკჯგუფში არიან. ამიტომ პიროვნებათშორის ურთიერთობებზე ფოკუსირებული თერაპია საკმაოდ ეფექტურია ასეთი აშლილობების მკურნალობისას.
კოგნიტურ-ბიჰევიორალური მიდგომების მსგავსად, იპთ უაღრესად სტრუქტურირებულია და იშვიათად საჭიროებს 15-20 შეხვედრაზე (ჩვეულებრივ, კვირაში ერთი შეხვედრა) მეტს. იმ ცხოვრებისეული სტრესორების იდენფიცირების შემდეგ, რომლებიც დეპრესიის ჩამოყალიბებაში მონაწილეობდნენ, თერაპევტი და პაციენტი ერთობლივად მუშაობენ პაციენტის მიმდინარე პიროვნებათშორის პრობლემებზე. როგორც წესი, ეს ოთხიდან ერთ ან მეტ ინტერპერსონალურ საკითსი მოიაზრებს: პიროვნებათშორისი როლის დარღვევასთან გამკლავება, მაგალითად, ოჯახური კონფლიქტი; ურთიერთობების დაკარგვასთან შეგუება, როგორებიცაა გლოვა და სევდა საყვარელი ადამიანის გარდაცვალების გამო; ახალი ურთიერთობების შეძენა, როგორიცაა დაოჯახება ან პროფესიული ურთიერთობების დამყარება; სოციალურ უნარებში დეფიციტების აღმოჩენა და გამოსწორება, რაც პიროვნებას ხელს უშლის მნიშვნელოვანი ურთიერთობების წამოწყებაში ან შენარჩუნებაში.
გავრცელებული მაგალითი რომ ავიღოთ, თერაპევტი, პირველ რიგში, პიროვნებათშორის უთანხმოებას გამოავლენს და განსაზღვრავს. ეს, სავარაუდოდ, იქნება ცოლი, რომელიც ქმრისგან ელოდება მხარდაჭერას, მაგრამ ქმარი იძულებულია სახლის გარეთ იმუშაოს, რომ გადასახადების გადახდა შეძლონ. ქმარი შეიძლება ელოდოს ცოლისგან, რომ მათ თანაბრად უნდა შემოიტანონ ოჯახში ფული ანუ ცოლმაც უნდა იმუშაოს. თუ გაირკვევა, რომ ეს უთანხმოება დეპრესიული სიმტომების გამოჩენასა და ხანგრძლივი უშედეგო კამათისა და უთანხმოების დაწყებასთან ასოცირდება, ის აიმთ ფოკუსში მოექცევა.
უთანხმოების გამოვლენის შემდეგი ნაბიჯი გამოსავლის მოძებნაა. თერაპევტი პაციენტს ჯერ იმის განსაზღვრაში ეხმარება, უთანხმოების რომელ საფეხურზე იმყოფება: (1) მოლაპარაკების საფეხური. ორივე პარტნიორი აცნობიერებს, რომ უთანხმოება აქვთ და მოლაპარაკებას ცდილობენ; (2) ჩიხის საფეხური. უთანხმოებას წაუყრუეს, ზედაპირიდან ფსკერისკენ დაძირეს, რაც დაბალი ინტენსივობის უსიამოვნებებს იწვევს, მაგრამ არავინ ცდილობს ამის შეცვლას და ვითარების გამოსწორებას; (3) გადაწყვეტის საფეხური. პარტნიორები რაღაცას ცდილობენ, მოქმედებენ, ისეთ ქმედებებს, როგორებიცაა განქორწინება, დაშორება ან ქორწინების განახლება.
თერაპევტი და პაციენტი ერთად მუშაობენ უთანხმოების მკაფიოდ განსაზღვრაზე, როგორც ხედავს მას ორივე მონაწილე მხარე და მისი მოგვარების კონკრეტულ სტრატეგიებზე მუშაობენ. მკვლევრებმა აჩვენეს, რომ დიდი რაოდენობით დეპრესიულ პაციენტებთან, განსაკუთრებით დისფუნქციურ ქორწინებაში (როგორც ეს ხდება ყველა დეპრესიულ პაციენტთა თითქმის ნახევარში) მყოფ ქალებთან, კარგად მუშაობს ოჯახური თერაპია.
კვლევებში, რომლებშიც კოგნიტური თერაპიისა და იპთ-ის შედეგები ანტიდეპრესანტული წამლებისა და სხვა გაკონტროლებული პირობების შედეგებს შეადარეს მკურნალობის დასრულებისთანავე, ფსიქოლოგიური მიდგომები და მედიკამენტები თანაბრად ეფექტური აღმოჩნდა დიდი დეპრესიული აშლილობისთვის და მდგრადი დეპრესიული აშლილობებისთვის, ხოლო ყველა მკურნალობა გაცილებით ეფექტური იყო, ვიდრე პლაცებო, ხანმოკლე ფსიქოდინამიკური თერაპია ან სხვა შესატყვისი საკონტროლო პირობები. იმისდა მიხედვით, როგორ განვმარტავთ „წარმატებას“, მკურნალობის შედეგად დაახლოებით 50% ან მეტი ადამიანის მდგომარეობა გაუმჯობესდა გარკვეული ხარსიხით, პლაცებოს ან საკონტროლო ჯგუფში კი ეს მაჩვენებელი 30%-ს შეადგენდა.
***
გამოყენებული ლიტერატურა:
Barlow, D., H., and Durand, V. M. (2014). Abnormal Psychology: An Integrative Approach, 7th ed. Cengage Learning.