ორგანიზმის მიერ განხორციელებულ რეაქციათა პატერნი იმ მასტიმულირებელი მოვლენის მიმართ, რომელიც არღვევს მის წონასწორობას, გამოცდას უწყობს მას ან აღემატება მისი დაძლევის უნარს. ეს არის ინდივიდის განზოგადებული, გონებისა და სხეულის ერთობლივი სისტემატური რეაქცია მოთხოვნებსა და სტრესორებზე; გარემოს ან ფიზიკური ზეწოლა, რომელიც ორგანიზმის რეაქციას აღძრავს.
შემთხვევათა უმრავლესობაში სტრესი გადარჩენას უწყობს ხელს, რადგან ის აიძულებს ორგანიზმს, რომ სწრაფად ცვალებად გარემო პირობებთან ადაპტირდეს. მაგალითად, წყლის დაკარგვისგან მცენარეები მიკროსკოპული ფორების დახურვით იცავენ თავს. ასეთ ადაპტურ სტრესს ზოგჯერ ეუსტრესს უწოდებენ. თუმცა, როცა ორგანიზმის რეაქცია სტრესსზე არაადეკვატურია ან როცა სტრესი უაღრესად ძლიერია, შედეგად ორგანიზმი შეიძლება დაავადდეს ან შეწყვიტოს არსებობა. ასეთ არაადაპტურ სტრესს ზოგჯერ დისტრესს უწოდებენ. სტრესზე ადამიანების რეაქცია ბაზისური ფიზიოლოგიური მექანიზმების დონეზე, სხვა ორგანიზმების რეაქციებს ჰგავს, მაგრამ ადამიანების შემთხვევაში სტრესი განსაკუთრებით კომპლექსური ფენომენია, რომელზეც ცხოვრების თანამედროვე სტილი და ტექნოლოგიები ზემოქმედებენ.
სტრესი შეიძლება იყოს მწვავე, ქრონიკული ან ტრავმატული. სურათზე (იხ. სურათი) წარმოდგენილია სტრესის მოდელი.
***
გამოყენებული ლიტერატურა:
გერიგი, რ. და ზიმბარდო, ფ. (2009). ფსიქოლოგია და ცხოვრება, თბილისი, თსუ.
Kazdin, A. E. (Ed.) (2000). Encyclopedia of psychology. 8 Volume Set. Vol. V.
Stress, http://www.britannica.com/topic/stress-psychology-and-biology (24.08.2015).