დაძლევის ცნებასთან დაკავშირებით განასხვავებენ სამ ძირითად თეორიულ და მეთოდოლოგიურ მიდგომას, თითოეული მათგანი განსხვავებულად განმარტავს დაძლევის კონსტრუქტს:
- ფსიქოანალიტიკური მიდგომა – განიხილავს დაძლევას ეგო დინამიკის ტერმინებით, როგორც ფსიქოლოგიური დაცვის ერთ-ერთ საშუალებას, რომელიც გამოიყენება დაძაბულობის რედუცირებისათვის.
- პიროვნული (ნიშნების) მიდგომა – დაძლევა განიხილება პიროვნული ნიშნის ტერმინებით, როგორც ინდივიდის შედარებით მდგრადი, მუდმივი, წინასწარი განწყობა უპასუხოს სტრესულ მოვლენას გარკვეული გზით.
- კოგნიტური მიდგომა - განიხილავს დაძლევას როგორც დინამიკურ პროცესს, რომლის სპეციფიკაც განსაზღვრულია არა მხოლოდ სიტუაციით, არამედ, სუბიექტის გარესამყაროსთან შეჯახების შედეგად წარმოშობილი კონფლიქტის განვითარების სტადიით. ესაა ინდივიდის ,,კოგნიტური და ბიჰევიორალური ძალისხმევა მართოს, გაუმკლავდეს სპეციფიკურ ინტერნალურ ან ექსტერნალურ მოთხოვნებს (ან კონფლიქტს მათ შორის), რომელიც შეფასებულია, როგორც მოთხოვნები, რომლებიც აღემატება პიროვნების რესურსებს“. კოგნიტური თეორიის თანახმად, სტრესი განისაზღვრება, როგორც ადამიანისა და გარემოს ურთიერთქმედება, სადაც გარემო ადამიანის მიერ აღიქმება, როგორც საფრთხე, მისი (ადამიანის) კარგად ყოფნის განცდისათვის (well-being). ამ ურთიერთქმედების ჩამოყალიბებაში კი ცენტრალური ადგილი უჭირავს დაძლევას, რომელიც ტრანსაქციული ცვლადია, რაც გულისხმობს იმას, რომ ის ასახავს არა მხოლოდ პიროვნებასა და არა გარემოს, არამედ ორივეს ინტეგრაციას მოცემულ ტრანსაქციაში.
კოგნიტურ თეორიაში იდენტიფიცირებულია ორი პროცესი: კოგნიტური შეფასება და დაძლევა, როგორც პიროვნება-გარემოს სტრესული ურთიერთკავშირის და მათი უშუალო და ხანგრძლივი შედეგის კრიტიკული მედიატორი. კოგნიტური შეფასება არის პროცესი, რომლითათაც ინდივიდი აფასებს გარემოს სტრესულ მოვლენას. განასხვავებენ კოგნიტური შეფასების ორ სახეს: პირველადი და მეორადი კოგნიტური შეფასება. პირველადი შეფასებით, ინდივიდი აფასებს, არის თუ არა რამე საფრთხეში ამ კონკრეტული პრობლემური სიტუაციის გამო. მეორადი შეფასებით კი ინდივიდი აფასებს, შეუძლია თუ არა გააკეთოს რაიმე სტრესისაგან მიყენებული ზიანის თავიდან ასაცილებლად და დასაძლევად.
განსხვავებული თეორიული და მეთოდოლოგიური მიდგომა დაძლევის შესახებ განაპირობებს იმას, რომ დაძლევის სტრატეგიების ერთიანი მიღებული კლასიფიკაცია არ არსებობს. ლაზარუსი და ფოლკმანი ერთმანეთისგან განასხვავებენ დაძლევის ორი ძირითად კატეგორიას: პრობლემაზე ფოკუსირებულ და ემოციებზე ფოკუსირებულ დაძლევას. პრობლემაზე ფოკუსირებული დაძლევა ესაა ნებისმიერი სტრატეგია, რომელიც მიზნად ისახავს რაიმეს გაკეთებას სტრესის წყაროს შესაცვლელად - მის მოცილებას, შეცვლას ან თავის არიდებას პიროვნებაზე მისი გავლენის შესაცვლელად. ემოციებზე ფოკუსირებული დაძლევა ესა ნებისმიერი სტრატეგია, რომლის მიზანსაც საფრთხეზე ან დანაკარგზე საპასუხოდ აღმოცენებული უარყოფითი გრძნობების შემცირება, ან მართვაა. თუმცა მკვლევართა დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ ფართოდ ცნობილი განსხვავება პრობლემაზე ფოკუსირებულ დაძლევასა და ემოციაზე ფოკუსირებულ დაძლევას შორის საკმაოდ მარტივია. მათი აზრით, დაძლევის ორივე ფუნქცია კიდევ უნდა დაიყოს, რადგან არსებობს ემოციების რეგულირებისა და პრობლემის გადაჭრის უამრავი გზა.
***
გამოყენებული ლიტერატურა:
Martskvishvili, Kh. (2006) Stress coping strategies, Caucasology, 10, 90-110