ქრონიკული სტრესი

Chronic Stress

ქრონიკული სტრესი არის მუდმივი დაძაბულობის მდგომარეობა, რომელიც გამოწვეულია გარემოს მოთხოვნილებების  და ინდივიდის მიერ რესურსების შეუსაბამობის აღქმით. ასევე, ეს არის მუდმივი დაძაბულობის განცდა, რადგან ინდივიდი გარემოს მოთხოვნილებებს აღიქვამს, როგორც საკუთრი რესურსებისათვის შეუფერებლად  მაღალს.

ქრონიკული სტრესი განსხვავდება ყოველდღიური სტრესისაგან. ეს უკანასკნელი შესაძლებელია, დაიძლიოს კონკრეტული ქცევითი გზებით, თუმცა როდესაც სტრესის მოქმედების ხანგრძლივობა იზრდება, ყალიბდება ქრონიკული სტრესი, რაც იწვევს გულის დაავადებებს, ინსომნიას, დეპრესიას, შფოთვით აშლილობებს და სხვა.

პირველი თანამედროვე მკვლევარი, რომელმაც სხეულზე ხანგრძლივი, ძლიერი სტრესის მოქმედების ეფექტები იკვლია, კანადელი ენდოკრინოლოგი ჰანს სელიე (Hans Selye) იყო. 1930-იანი წლების მეორე ნახევრიდან სელიე აღწერდა ლაბორატორიული ცხოველების რთულ რეაქციებს ისეთ მავნე აგენტებზე, როგორებიცაა: ბაქტერიული ინფექციები, ტოქსინები, ტრავმა, მოძრაობის შეზღუდვა, სიცხე, სიცივე და ა.შ.

სელიეს სტრესის თეორიის თანახმად, მრავალ სხვადასხვა სახის სტრესორს შეუძლია ერთნაირი რეაქციის ანუ ზოგადი სხეულებრივი რეაქციის გამოწვევა. ყოველი სტრესორი მოითხოვს ადაპტაციას:  ორგანიზმმა უნდა შეინარჩუნოს ან აღიდგინოს  ინტეგრირებულობა და ჯანმრთელობა.

სტრესორებზე რეაქცია სელიემ აღწერა როგორც ზოგადი ადაპტაციური სინდრომი (ზას), რომელიც მოიცავს სამ სტადიას: განგაშის რეაქციას, წინააღმდეგობის სტადიასა და გამოფიტვის სტადიას (Selye, 1976ა, 19976ბ). თუ სტრესორი საკმაოდ ხანგრძლივი და ინტენსიურია, ხდება სხეულის რესურსების ამოწურვა და ორგანიზმი გამოფიტვის სტადიაზე გადადის.

იმ ექიმების გასაკვირად, რომლებიც სტრესს არასდროს მიიჩნევდნენ დაავადების მიზეზად, სელიემ დაადგინა, რომ როცა სხეული ქრონიკულად სტრესის მდგომარეობაშია, "სტრესის ჰორმონების" ჭარბი გამომუშავება საფრთხეს უქმნის იმუნური სისტემის ინტეგრირებულობას. დასკვნა ასეთია, რომ ის, რაც კარგად ემსახურება სხეულს მწვავე სტრესთან შესაგუებლად, ასუსტებს ქრონიკულ სტრესზე სხეულის რეაქციას.

ქრონიკული სტრესის მაგალითებია ქრონიკული სტრესის გავრცელებული წყაროები: ფინანსური პრობლემები, სამსახურთან დაკავშირებული პრობლემები, ოჯახური პრობლემები და ა.შ.

***

გამოყენებული ლიტერატურა: 

გერიგი, ზიმბარდო (2009). ფსიქოლოგია და ცხოვრება. თსუ, თბილისი.

კატეგორია: 
ავტორები: