ლიბიდო

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Libido

ფსიქიკური ენერგია, რომელიც მიმართავს ინდივიდს ყველა ტიპის შეგრძნებითი, განსაკუთრებით, სექსუალური სიამოვნებისკენ. ლიბიდო თავისი ბუნებით სექსუალურია და ადამიანის აქტივობას აძლევს ენერგიას. პიროვნების ყველანაირი მოტივაცია ამ ენერგიიდან მომდინარეობს, რომელსაც  სოციალიზაციის გზით საწყისი ინსტინქტური ფორმიდან ტრანსფორმაცია შეუძლია. მთელი ენერგია, რომელიც კულტურული მიღწევებისთვის, ხელოვნების ნიმუშების შექმნისთვის, პოლიტიკისა და განათლებისთვის იხარჯება, ტრანსფორმირებული სექსუალური ენერგიაა.

ფროიდმა ტერმინი პირველად 1915 წელს განმარტა: „ლიბიდოს ცნებას განვარტავთ, როგორც რაოდენობრივ ცვლადს, რომელიც სექსუალური აგზნების სფეროში მიმდინარე პროცესებისა და ტრანსფორმაციების გასაზომად შეიძლება გამოვიყენოთ“ (გვ. 217). ნაშრომში „ჯგუფის ფსიქოლოგია და ეგოს ანალიზი“ (1921c) იგი ასე ანვითარებს ცნებას: „ლიბიდო ემოციების თეორიიდან აღებული ცნებაა. ამ სახელით იმ ენერგიას მოვიხსენიებთ, რომელსაც (ამჟამად რეალურად არაგაზომვად) რაოდენობრივ სიდიდედ მივიჩნევთ და რომლის ინსტინქტებიც შეგვიძლია ისეთ სიტყვაში გავაერთიანოთ, როგორიცაა სიყვარული“ (გვ. 90).

„ლიბიდოს თეორია“, მისი გამოჩენის პირველივე დღიდან ფროიდის, ფაქტობრივად, ყველა ნაშრომშია წარმოდგენილი და ტერმინმა „ლიბიდო“, როგორც მის მიერ ფსიქოანალიზში შემოტანილი და გამოყენებული ძირითადი ტერმინების უმრავლესობამ, მრავალი განსხვავებული მნიშვნელობა შეიძინა მისი მოღვაწეობის 50 წლის განმავლობაში. ლიბიდო, უპირატესად, სექსუალურ სურვილებზე ან მოთხოვნილებებზე მიუთითებს, ხოლო ზედსართავი სახელი „ლიბიდოზური“, ჩვეულებრივ, სექსუალურს ან სექსუალური დატვირთვის მქონეს ნიშნავს. ლიბიდო საფუძვლად მდებარე ფსიქიკურ და ფიზიკური პროცესებსაც მოიაზრებს, რომლებიც თან ახლავს ამ შეგრძნებას და, ამ თვალსაზრსით, ის მნიშვნელოვან როლს ასრულებს თეორიულ კონცეფციაში. აღსანიშნავია, რომ ფროიდს არასოდეს შემოუთავაზებია ლიბიდოს ერთი კონკრეტული ფორმალური განმარტება. თუმცა, იგი ლიბიდოს თეორიას ყოველთვის ორგანულ სუბსტრაქტს, სხეულს უკავშირდებდა და „სექსუალურ ქიმიაზე“ საუბრობდა. „უეჭველია, რომ ლიბიდოს სომატური წყაროები აქვს; ის სხვადასხვა ორგანოდან და სხეულის ნაწილებიდან მიედინება ეგოსკენ. ეს განსაკუთრებით ნათლად ჩანს ლიბიდოს იმ ნაწილის შემთხვევაში, რომელიც, მისი ინსტინქტური მიზნიდან გამომდინარე, აღიწერება, როგორც სექსუალური აგზნება. სხეულის ყველაზე ცნობილი ზონები, სადაც ლიბიდო იღებს სათავეს, ეროგენული ზონების სახელით არის ცნობილი, თუმცაღა, ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ, გარკვეული თვალსაზრისით, მთელი სხეული თავად არის ეროგენული ზონა“ (1940a, გვ. 151).

ფროიდი ერთმანეთისგან განასხვავებდა ლიბიდოს (როგორც განმარტავდა მას ინსტინქტების თეორიის ადრეულ ვერსიებში), როგორც სექსუალური ლტოლვების  ენერგიას და „ეგოს ინსტინქტების“ ენერგიას. ამ საკითხს იგი ბევრჯერ მიუბრუნდა. ამასთან, ამით განსხვავდებოდა მისი იდეები იუნგის მოსაზრებებისგან. თუ ფროიდისთვის ლიბიდო მხოლოდ სექსუალური ლტოლვების ენერგიას წარმოადგენდა, იუნგი თვლიდა, რომ ლიბიდო ყველა ფსიქიკური აქტივობის მამოძრავებელი ძალა იყო და კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდა ლიბიდოს სექსუალურ ბუნებას.

თავდაპირველი განმარტების შემდეგ ფროიდმა გააფართოვა ტერმინის შინაარსი და სექსუალურს ენერგიას უფრო ზოგადად შეხედა: ის ამ ტერმინს ფუნდამენტური მამოტივირებელ ენერგიად განიხილავდა, რომლის კონკრეტული გამოვლინებები ადრეულ ბავშვობაში იჩენდა თავს ორალური სტიმულაციის სახით და ანალური, ფალური და გენიტალური მოტივებით გრძელდებოდა, რომელთაგან თითოეული ფართო სექსუალური ინსტინქტური ენერგიის ვარიაციას წარმოადგენდა. ფროიდი თვლიდა, რომ ლიბიდო შეიძლება განვითარდეს და რეგრესირდეს კიდეც: მას შეიძლება მეტ-ნაკლებად მოწიფული ფორმა მიიღოს.

ლიბიდოს ცნების შემოტანა ფროიდს ისეთი მწვავე ფსიქოპათოლოგიების ახსნის მცდელობისას დასჭირდა, როგორიც შიზოფრენია და კლინიკური დეპრესიაა. მანამდე ფროიდს მიაჩნდა, რომ ინსტინქტის ობიექტი (ანუ პიროვნება, რომელიც საჭიროა მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად), სულ მცირე, ფიქსირებული და არსებითი ასპექტი იყო. ობიექტებს, როგორც დაკმაყოფილების საშუალებას, გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდათ, მაგრამ ნებისმიერ ობიექტს, საკუთარი მე-ს ჩათვლით, შეეძლო ამ ფუნქციის შესრულება. ძირითადი პრობლემა, რომელსაც მწვავე პათოლოგია აყენებდა, რეალურ სამყაროში არსებული ადამიანებისადმი ინტერესის გაქრობა იყო. ეს პრობლემა მოითხოვდა, რომ ფროიდს აქცენტი ინსტინქტური სურვილიდან სურვილის ობიექტზე გადაეტანა.

თეორია, რომელიც ფროიდმა ამ პრობლემასთან გასამკლავებლად შექმნა, ამტკიცებს, რომ ადრეულ ბავშვობაში ლიბიდოს ჩადება მე-ში (self) ეგოს ან ნარცისისტული ლიბიდოს სახით ხდება. დროთა განმავლობაში ეს ლიბიდო უფრო და უფრო მეტად ინვესტირდება (ჩაიდება) სხვა ადამიანებში („ობიექტებში“) და ამ პროცესში ნარცისისტურიდან ობიექტის ლიბიდოდ გარდაიქმნება. ამ თეორიაში ობიექტი ინსტინქტის განმსაზღვრელი თვისება უფროა, ვიდრე — შემთხვევითი. ობიექტზე ასეთი ხაზგასმა შემდგომში ობიექტი ურთიერთობის თეორიებთან განსვლის პუნქტად იქცევა. „ობიექტის არჩევის“ (სიყვარულის ობიექტის არჩევანის) მრავალფეროვნებას ფროიდი ამ პროცესში ჩართული ლიბიდოს ნაირსახეობით ხსნის. მაგალითად, ნარცისისტული ობიექტის არჩევანი, რომელიც მე-სთან მსგავსებას ეფუძნება, სხვებში ინვესტირებისთვის ნარცისისტული ლიბიდოს გამოყენების შედეგია.

ფროიდი თავდაპირველად ფიქრობდა, რომ მხოლოდ ერთგვაროვანი ლიბიდო არსებობდა, რომელიც სექსუალური ბუნების იყო, თუმცა, მოგვიანებით შემოიტანა ფსიქიკური ენერგიის მეორე ფორმაც, რომელიც, მისი მიხედვით, ასევე, თანდაყოლილი და შინაგანია. ამრიგად, მის საბოლოო მოდელში ფსიქიკური ენერგია ორი სახისაა: (1) ეროსი ანუ „სიცოცხლის ინსტინქტი,“ რომელიც ცხოვრების შენარჩუნების ქცევასა და სიყვარულს ბადებს და ორგანიზმს ენერგიით ამარაგებს და (2) თანატოსი ანუ „სიკვდილის ინსტინქტი,“ რომელიც დამანგრეველი ძალაა და გარდაუვლად მიგვმართავს სიკვდილისკენ, სიცოცხლის დაძაბულობისგან საბოლოოდ თავის დაღწევისკენ. ეს ინსტინქტი ყველანაირი აგრესიის მოტივაციას ახდენს, ომებისა და თვითმკვლელობების ჩათვლით. ფროიდი განსაკუთრებით აღნიშნავდა ეროტიული, სექსუალური ენერგიისა და მის გამოხატვასთან დაკავშირებული კონფლიქტების მნიშვნელოვნებას.

მოგვიანებით (1931a) ფროიდმა ახალი ფსიქოანალიტური ტიპოლოგია შემოგვთავაზა. ის წერს: „ვინაიდან ლიბიდო უპირატესად ფსიქიკური აპარატის ფარგლებშია ლოკალიზებული, სამი ძირითადი ლიბიდოზური ტიპი შეგვიძლია განვასხვავოთ, რომელთა სახელდება არც ისე იოლი საქმეა. ჩვენეული სიღმის ფსიქოლოგიის ლოგიკას თუ გავყვებით, მათ ეროტულ, ნარცისისტულ და ობსესიურ ტიპებს ვუწოდებდი“ (გვ. 217-218). ამასთან, ფროიდს მიაჩნდა, რომ ეს ტიპები სუფთა სახით ძნელად საპოვნელი იყო რეალურ ცხოვრებაში და შერეულ ტიპოლოგიურ კატეგორიებზე საუბრობდა, როგორიცაა ეროტიკულ-ობსესიურ, ეროტიკულ-ნარცისისტული და ნარცისისტულ-ობსესიური.

ფროიდის შემდგომი განვითარება

ლიბიდოს თეორიის შემდგომი განვითარება ფროიდის მიერ ყველა ცოცხალ არსებაში მოცემული სიკვდილისა და სიცოცხლის ინსტინქტების ცნებების შემოტანას უკავშირდება. ეს იდეები ნაკლებად მისაღები აღმოჩნდა, თუმცა სხვებისთვის ორმაგი ინსტინქტის თეორიის შექმნისთვის ბიძგის მიმცემი აღმოჩნდა. ამ თეორიის მიხედვით, ყველა რეალურად მოქმედი მოტივი ლიბიდოზური (სექსუალური/სიყვარულის) და აგრესიული მოტივების ნაზავს წარმოადგენს.

1940-1960-იან წლებში ბევრი ძალისხმევა იქნა გაღებული ორმაგი ინსტინქტის თეორიის გასაფართოვებლად და მისთვის რაციონალური საფუძვლის შესაქმნელად, რათა თეორიას ეგოს მოტივაცია და ისეთი აქტივობები აეხსნა, როგორიცაა ინტელექტუალური მისწრაფებები, ხელოვნება და დაგეგმვა. ეს მცდელობები, უპირატესად, ლიბიდოს სუბლიმაციის (ცნობილია, ასევე, როგორც დესექსუალიზაცია) ფროიდისეულ იდეას ეფუძნებოდა, რომელშიც თავდაპირველი ლიბიდოზური მიზანი (მაგალითად, სექსუალური ცნობისმოყვარეობა) სხვა მიზნებით (მაგალითად, მეცნიერული კვლევა-ძიების ინტერესით) ნაცვლდება. 1960-იან წლებში თეორეტიკოსებმა ნელ-ნელა გააცნობიერეს, რომ ასეთი კომპლექსური თეორიები ძალზე შორს იყო კლინიკური მონაცემებისგან და თითქმის უსარგებლო იყო. ამიტომ მათ, ფაქტობრივად, უარი თქვეს მათზე. თუმცა, ლიბიდოზური განვითარების საკითხი მრავალი თანამედროვე ფსიქოანალიტურად ორიენტირებული კლინიკოსისა და თეორეტისოსის ინტერესის საგანია, რომლებიც ეთანხმებიან ფროიდის მოსაზრებას, რომ ბავშვები სექსუალური და აგრესიული მოტივაციური განვითარების თანმიმდევრულ კრიტიკულ სტადიებს გადიან და ეს სტადიები, თავის მხრივ, მნიშვნელოვან გავლენას ახდენენ მოზრდილ ცხოვრებაზე.

***

გამოყენებული ლიტერატურა:

გერიგი, რ. და ზიმბარდო, ფ. (2009). ფსიქოლოგია და ცხოვრება, თბილისი, თსუ.

ხეჩუაშვილი, ლ. (2015). პიროვნება: შესავალი პიროვნების ფსიქოლოგიაში, ნაწილი II. თსუ, თბილისი.

De Mijolla, A. (Ed. In chief) (2005). International dictionary of psychoanalysis, Vol. 2. Macillan FRefference USA, Thomson Gale.

კატეგორია: 
საკვანძო სიტყვები: 
ავტორები: