ეროგენული ზონები

Erogenous Zones

კანის ზედაპირის ადგილები, რომლებიც განსაკუთრებით მგრძნობიარები არიან გაღიზიანებისადმი და ეროტიულ და სექსუალურ შეგრძნებებს წარმოშობენ. უფრო სრულად თუ ვიტყვით, სხეულის ნებისმიერი ნაწილი, რომლის აგზნებაც სიამოვნებას იწვევს, ეროგენულ ზონად შეგვიძლია მივიჩნიოთ. ფროიდი თვლიდა, რომ ეროგენული ზონები სექსუალური ინსტინქტის წყაროს, მის სათავეს და (შესატყვისი ინსტინქტისთვის) და ლოკალიზაციის ადგილს წარმოადგენენ.

ფროიდი ამ ტერმინით, უპირატესად, რამდენიმე კონკრეტულ არეს, კერძოდ, გენიტალიებს, პირსა და ანუსს აღნიშნავს. ის თვლიდა, რომ ნევროზის დროს არაგენიტალური ეროგენული ზონები მათი ჩამნაცვლებლის ფუნქციას ასრულებენ. იდეა ეროგენული ზონების შესახებ განუყოფელია ლიბიდოს განვითარების სტადიების თეორიისგან, რომლის მიხედვითაც, გარკვეულ ასაკში კონკრეტულ ზონაზე ფიქსაცია ხდება.  შესაბამისად, თითოეულ სტადიას სხეულის იმ კონკრეტული ზონის შესატყვისი სახელწოდება აქვს, რომელიც მოცემულ ეტაპზე ეროტიული სიამოვნების წყაროს წარმოადგენს და მათი სტიმულირება ლიბიდოს ენერგიის განმუხტვას იწვევს. სწორედ სხეულის ამ რეგიონებს ანუ ლორწოვანი გარსის გარკვეულ უბნებს, რომლებიც იდის იმპულსების ფიზიკური წყარო შეიძლება იყოს და რომლებზეც ფოკუსირდება ლიბიდო, ეროგენულ ზონებს უწოდებენ. ეს ზონები ძალიან მგრძნობიარენი არიან სტიმულირებისადმი და შეიძლება მომატებულ და რედუცირებულ დაძაბულობას უკავშირდებოდნენ. მომწიფების ბუნებრივი პროცესიდან გამომდინარე, სხვადასხვა სტადიაზე სხვადასხვა ზონა იძენს ცენტრალურ მნიშვნელობას. მოზრდილი ადამიანისთვის ეროგენულ ზონას გენიტალიების არეალი წარმოადგენს, თუმცა, ადრეულ ასაკში სხვა ზონები გაცილებით მეტი სიამოვნების მომგვრელია.

ასე მაგალითად, ორალურ სტადიაზე აქტივობა პირის ღრუზე კონცენტრირდება, როდესაც ბავშვი უმეტეს დროს წოვასა და კბენაში ატარებს. ანალურ სტადიაზე ყურადღების ცენტრში ანუსი ექცევა. ფეკალური მასების შეკავება და გამონთავისუფლება, შესაბამისად, სიამოვნების გადადებასა და შემდეგ დაკმაყოფილებას ემსახურება. ფალოსური სტადიის დაწყებასთან ერთან გენიტალიები იძენენ ასეთ მნიშვნელობას, რადგან ბავშვი მასტურბაციული აქტივობებითა და თანმხლები ფანტაზიებით კავდება.

მოგვიანებით ფროიდმა გააფართოვა რა ეროგენული ზონების განმარტება, გასცდა სხეულებრივ ფუნქციასთან მათ თავდაპირველ კავშირს. იგი წერდა: „კანის ან ლორწოვანი გარსის ნებისმიერმა სხვა ნაწილმა შეიძლება შეითავსოს ეროგენული ზონების ფუნქცია“ (1950d, გვ. 183). ბავშვმა საკუთარი სხეულის შესწავლისას შეიძლება შემთხვევით აღმოაჩინოს სხეულის ნებისმიერი ადგილის სტიმულაციით სიამოვნების მიღების შესაძლებლობა და ეს ასოციაციურად წოვით მიღებულ სიამოვნებასთან დააკავშიროს. მოზრდილის, რომელსაც განდევნილი აქვს გენიტალიების სექსუალური ბუნება, ეს სხეულის ნებისმიერი ნაწილის ეროგენულ ზონად ქცევის რეგრესიულ შესაძლებლობას უქმნის.

როგორ წარმოიქმნება სიამოვნების განცდა ეროგენული ზონების დონეზე? ფსიქოანალიზის მიხედვით, დაკმაყოფილების მოთხოვნილება გარეთ პროეცირდება, რაც პერიფერიული ეროგენული ზონის სტიმულაციას იწვევს. ეს მანიპულაცია, რომელიც ძუძუს წოვის ანალოგიაა მოზღვავებული შეგრძნებეიბს გამოთავისუფლებას იწვევს, რაც დაკმაყოფილების განცდას ქმნის. გარდა ამისა, შესაძლებელია ეროგენული ზონის უშუალოდ სტიმულირება. ამ შემთხვევაში ის თავად ქმნის მოთხოვნილებას, რომლის დაკმაყოფილება სამიზნე ზონის შემდგომ სტიმულაციას საჭიროებს.

ფროიდი თვლიდა, რომ ეროგენულ ზონებში წარმოქმნილი ეროტიზმი არსებითად პოლიმორფულია ადრეული ბავშვობის ასაკში. ბავშვის ეროტიზმი მოგვიანებით გენიტალური ზონის ირგვლივ კონცენტრირდება, თუმცა ასეთ ინფანტილურ სექსუალობას სხვადასხვა ბედი ეწევა. ეროგენული ზონებიდან მომდინარე აგზნებასთან გასამკლავებლად ინდივიდს ისეთი ეგოს დაცვის მექანიზმების გამოყენება სჭირდება, როგორებიცაა განდევნა, რეაქციის ფორმაცია და სუბლიმაცია, ვინაიდან მოზრდილი ადამიანისთვის ეს აგზნება, უმეტესად, უსარგებლოა. ასეთ შემთხვევებში ხშირია ლტოლვის ინსტინქტური ობიექტის მოდიფიცირება. მაგალითად, შანდორ ფერენციმ აჩვენა, რომ ფულისადმი ინტერესს ანალურ ეროგენულ ზონაში შეგვიძლია მივაგნოთ და ფეკალიებსა და ფულს შორის სიმბოლური კავშირის დადგენაც კი შეძლო. ამ თვალსაზრისით თუ შევხედავთ, ეროგენული ზონები ინსტინქტების უსასრულო რაოდენობის ტრანსფორმაციების წყაროა. შესაბამისად, ლოგიკური იქნება თუ ვიტყვით, რომ ადამიანის ნებისმიერი ფორმის აქტივობა ეროგენულ წყაროებს შეიძლება მივაკუთვნოთ.

უნდა აღინიშნოს, რომ ფროიდის შემდგომი თეორეტიკოსები სხვა ეროგენულ ზონებსაც ასახელებენ, რომლებიც სუნთქვისა და სმენის ფუნქციებზე ახდენენ გავლენას. 

*** 

გამოყენებული ლიტერატურა: 

გერიგი, რ. და ზიმბარდო, ფ. (2009). ფსიქოლოგია და ცხოვრება, თბილისი, თსუ.

ხეჩუაშვილი, ლ. (2015). პიროვნება: შესავალი პიროვნების ფსიქოლოგიაში, ნაწილი II. თსუ, თბილისი.

De Mijolla, A. (Ed. In chief) (2005). International dictionary of psychoanalysis, Vol. 1. Macillan FRefference USA, Thomson Gale.

Freud, S. (1905d). Three essays on the theory of sexuality. SE, 7: 123–243.

Nye, R. D. (2000). Three Psychologies: Perspectives from Freud, Skinner, and Rogers, 6th ed. Balmont: WAdsworth: Thnson Learning.

John, O. P., Robins, R. W., Pervin, L. A. (2008). Handbook of Personality: Theory and Research, 3rd edition. Ney York, London: The Guilford Press.

კატეგორია: 
ავტორები: