სტრუქტურალიზმი

Structuralism

სწავლება ფსიქიკისა და ქცევის შესახებ, რომელშიც ფსიქიკური გამოცდილება გაიგება, როგორც მარტივი ელემენტების ან მოვლენების კომბინაცია.

როცა ფსიქოლოგია ლაბორატორიული მეცნიერება გახდა და ექსპერიმენტული კვლევების ჩატარება დაიწყო, ნათლად გამოჩნდა მისი პოტენციალი — უნიკალური წვლილი შეეტანა ცოდნის შეძენა-დაგროვებაში. ვუნდტის ლაბორატორიაში ცდის პირები მარტივ რეაქციებს („კი“-ს, ან „არას“ თქმა, ღილაკზე თითის დაჭერა) იძლეოდნენ სხვადასხვა პირობაში აღქმულ სტიმულებზე, რადგან მონაცემები სისტემატური და ობიექტური პროცედურებით იყო შეგროვილი. სხვებსაც შეეძლოთ ამ ექსპერიმენტების გამეორება. ვუნდტის ფსიქოლოგიური ტრადიციის დამახასიათებელი ნიშნებია აქცენტი მეცნიერულ მეთოდზე, ზუსტ გაზომვებსა და მონაცემთა სტატისტიკურ ანალიზზე.

როცა ტიტჩენერმა ვუნდტის ფსიქოლოგია აშშ-ში ჩაიტანა, იგი ამტკიცებდა, რომ ცნობიერების საკვლევად სწორედ ამგვარი მეცნიერული მეთოდები უნდა გამოეყენებინათ. ცნობიერი ფსიქიკური ცხოვრების ელემენტების შესწავლის მისეული მეთოდი ინტროსპექცია — ინდივიდის მიერ კონკრეტული სენსორული განცდით გამოწვეული აზრებისა და გრძნობების განხილვა — იყო. ტიტჩენერი აქცენტს ფსიქიკის შინაარსის რაობაზე აკეთებდა და ნაკლებად აინტერესებდა კითხვები „რატომ“ და „როგორ“. მის მიდგომას სტრუქტურალიზმი ანუ სწავლება ფსიქიკისა და ქცევის სტრუქტურის შესახებ ეწოდება.

სტრუქტურალიზმი ეფუძნება ვარაუდს, რომ ადამიანის ფსიქიკური განცდა შეიძლება გავიგოთ, როგორც ძირითადი კომპონენტების კომბინაცია. ამ მიდგომის მიზანი იყო ფსიქიკის სტრუქტურა შეგრძნებისა და ფსიქიკური ცხოვრების სხვა განცდების შემადგენელი ელემენტების ანალიზის გზით ეკვლია. მრავალი ფსიქოლოგი სტრუქტურალიზმს სამ ფრონტზე დაესხა თავს: (1) ის რედუქციონისტული იყო, რადგანაც ადამიანის განცდის მთელი სირთულე მარტივ შეგრძნებებამდე დაიყვანა; (2) ის ელემენტარული იყო, რადგან ნაწილებს ანუ ელემენტებს ერთ მთელში აერთებდა და უშუალოდ ამ მთელ ქცევას არ სწავლობდა; (3) ის მენტალისტური იყო, რადგან ადამიანის ცნობიერი განცდის მხოლოდ ვერბალურ აღწერას სწავლობდა და არ ითვალისწინებდა მათ გამოცდილებას, ვისაც არ შეეძლო თავისი ინტროსპექციის აღწერა, მათ შორის, ცხოველებს, ბავშვებსა და ფსიქიკურად დაავადებულ ადამიანებს.

სტრუქტურალიზმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ალტერნატივა გელშტალტფსიქოლოგია იყო, რომლის ფუძემდებელი გერმანელი ფსიქოლოგი მაქს ვერტჰაიმერი გახლდათ. მისი აზრით, მრავალ მოვლენას ფსიქიკა აღიქვამს, როგორც გეშტალტს — ორგანიზებულ მთელს და არა მარტივი ნაწილების ერთიანობას. სტრუქტურალიზმის კიდევ ერთი საპირისპირო მიმდინარეობაა ფუნქციონალიზმი.

*** 

გამოყენებული ლიტერატურა: 

გერიგი, რ. და ზიმბარდო, ფ. (2009). ფსიქოლოგია და ცხოვრება, თბილისი, თსუ

კატეგორია: 
ავტორები: