კვლევის მეთოდი, რომელიც დამოუკიდებელი ცვლადით მანიპულაციას გულისხმობს დამოკიდებულ ცვლადზე მისი ეფექტის დასადგენად. ექსპერიმენტული მეთოდისთვის აუცილებალი და საკმარისი პირობებია: სულ მცირე, ორი პირობის — ექსპერიმენტული და საკონტროლო — არსებობა და ეკვივალენტური ჯგუფები.
ექსპერიმენტული კვლევის არსებითი მახასიათებელი მკვლევრის მიზანმიმართულაი მანიპულირება და კონტროლია იმ პირობებსა, რომლებიც მისთვის საინტერესო მოვლენებს განაპირობებენ. მკვლევარი წარადგენს ექსპერიმენტულ ზემოქმედებას ანუ ჩარევას და ზომავს მის მიერ შექმნილ განსხვავებას. ექსპერიმენტი მოიაზრებს ერთი ცვლადის (რომელსაც დამოუკიდებელ ცვლადს უწოდებენ) მნიშვნელობის შეცვლას და ამ ცვლილების ეფექტის დაკვირვებას მეორე ცვლადზე, რომელსაც დამოკიდებული ცვლადი ჰქვია (Cohen,et. al., 2007). ესაა კვლევის მონაწილის ქცევის ნებისმიერი ასპექტი, რომელსაც აკვირდებიან ან ზომავენ, როგორც პასუხს დამოუკიდებელი ცვლადის მოქმედებაზე. ექსპერიმენტში დამოკიდებული ცვლადი პოსტტესტით იზომება, ხოლო დამოუკიდებელი ცვლადები გამოცალკევდება და ზედმიწევნით კონტროლდება.
ექსპერიმენტის ყველაზე მარტივი დიზაინი მოითხოვს, რომ, სულ მცირე, ორი ჯგუფი შევადაროთ ერთმანეთს. კვლევის იმ მონაწილეთა ჯგუფს, რომელზეც ახდენენ სპეციალურ ზემოქმედებას (ექსპერიმენტატორის მიერ დამოუკიდებელი ცვლადით მანიპულირება), ექსპერიმენტულ ჯგუფს უწოდებენ. კვლევის ის მონაწილეები, რომლებზეც არ ახდენენ ამგვარ ზემოქმედებას, ქმნიან საკონტროლო ჯგუფს. შემდეგ ერთმანეთს ადარებენ ამ ორ ჯგუფში შემავალი მონაწილეების რეაქციებს, რათა ნახონ, იქონია თუ არა ექსპერიმენტულმა ზემოქმედებამ რაიმე გავლენა არჩეულ დამოკიდებულ ცვლად(ებ)ზე. შედარების საფუძველი, როგორც წესი, საკონტროლო ჯგუფია ხოლმე. გადამწყვეტი მნიშვნელობა იმას აქვს, რომ ორ ჯგუფს შორის არსებული ერთადერთი განსხვავება ერთი ფაქტორის მოქმედების შედეგია და ეს ფაქტორი დამოუკიდებელი ცვლადია. ეს არის ექსპერიმენტული მეთოდის ძირითადი ლოგიკა: თუ ორი ჯგუფი იდენტურია ყველა ასპექტით, გარდა დამოუკიდებელი ცვლადის არსებობა-არარსებობისა, მაშინ მათ შორის არსებული ნებისმიერი განსხვავება დამოკიდებული ცვლადის მნიშვნელობის თვალსაზრისით, დამოუკიდებელი ცვლადის ცვლილებით უნდა იყოს განპირობებული (Neuman, 2011).
იყენებს რა ფიქსირებულ სქემას, ექსპერიმენტული კვლევა შეიძლება იყოს დამადასტურებელი და ნულოვანი ჰიპოთეზის დასაბუთებას ან უარყოფას ცდილობდეს, ან გამოკვლევითი და გარკვეული ცვლადების ეფექტების დადგენას ესწრაფვოდეს.
თუ გვსურს, ექსპერიმენტმა ვალიდური ინფორმაცია მოგვცეს მიზეზისა და შედეგის შესახებ, დარწმუნებულნი უნდა ვიყოთ, რომ დამოუკიდებელი ცვლადი ერთადერთი ცვლადია, რომლის მნიშვნელობაც სისტემატურად იცვლება. შესაბამისად, კვლევა ისე უნდა დაიგეგმოს, რომ ყველა სხვა ცვლადის მნიშვნელობა ერთ დონეზე შენარჩუნდეს, გარდა დამოუკიდებელი ცვლადისა და ეს ისე უნდა მოხდეს, რომ შეგვეძლოს მივიღოთ დასკვნა: კვლევის მონაწილეების განსხვავებული რეაქციები (ანუ დამოკიდებული ცვლადი) მხოლოდ და მხოლოდ დამოუკიდებელი ცვლადის ვარიაციის ფუნქციაა. სხვა დამატებითი ცვლადები შედეგების „გაჭუჭყიანების“ საფრთხეს ქმნიან, ამიტომ ისინი უნდა გაკონტროლდნენ იმდენად, რამდენადაც ეს შესაძლებელია. სწორედ, ამიტომ ტარდება ექსპერიმენტები ისეთ უკიდურესად გაკონტროლებულ გარემოში, როგორიცაა, მაგალითად, ლაბორატორიული ოთახები. ასეთ გარემოში ექსპერიმენტატორს შეუძლია კვლევის მონაწილეთათვის წარდგენილი სტიმულების გაკონტროლება და მათ რეაქციებზე გულდასმით დაკვირვება (McAdams, 2009).
ამრიგად, მიუხედავად იმისა, რომ ექსპერიმენტული მეთოდის ლოგიკა მარტივია, სინამდვილეში ექსპერიმენტის ჩატარების პროცესი საკმაოდ რთულია. კარგად ორგანიზებულ ექსპერიმენტში მრავალი ფაქტორი უნდა გავითვალისწინოთ, რომლებმაც, შესაძლოა, მიღებული შედეგის სიზუსტეზე იმოქმედონ. პრაქტიკაში ეს ნიშნავს, რომ ყველა ცვლადი და პირობა (კვლევაში ჩართული დამოუკიდებელი ცვლადის გარდა), რომელსაც რაიმე სახის გავლენის მოხდენა შეუძლია გასაზომ ცვლადზე, გამორიცხული უნდა იყოს ან სტაბილურად ერთ დონეზე უნდა შენარჩუნდეს მთელი ექსპერიმენტის განმავლობაში. ასეთი გარეშე ცვლადების გამორიცხვის მრავალი ხერხი არსებობს, რომელთა შორის ყველაზე მეტად გავრცელებულია კვლევის მონაწილეების სხვადასხვა ექსპერიმენტულ პირობებსა და ჯგუფებში შემთხვევითი წესით გადანაწილება.
შემთხვევითი განაწილება, რომელიც ისეთი გზებით მიიღწევა, როგორებიცაა კენჭისყრა და შემთხვევითი რიცხვების ცხრილის გამოყენება, იძლევა გარანტიას, რომ ყველა მონაწილეს ნებისმიერ ექსპერიმენტულ პირობაში ან ჯგუფში მოხვედრის თანაბარი შანსი აქვს. ამ შემთხვევაში შეგვიძლია, დარწმუნებული ვიყოთ, რომ კვლევის მონაწილის ნებისმიერ მახასიათებელს, რომელსაც ექსპერიმენტზე ზემოქმედება (ასაკი, ინტელექტი, ეთნიკური მიკუთვნებულობა ან დაბადების რიგი) შეუძლია, სხვადასხვა ექსპერიმენტულ პირობასა თუ ჯგუფში მოხვედრის თანაბარი შანსი აქვს. შემთხვევითი განაწილება ანუ რანდომიზაცია, როგორც ექსპერიმენტული მეთოდის განმსაზღვრელი მახასიათებელი, ეფუძნება ვარაუდს, რომ ცდის ყველა მონაწილე ექსპერიმენტის დასაწყისში ერთნაირია, გარდა ერთი პარამეტრისა: დამოუკიდებელი ცვლადის არსებობა-არარსებობისა. ამიტომ თუ ცდის მონაწილის ქცევა დამოუკიდებელი ცვლადის მნიშვნელობის ცვლილების საპასუხოდ იცვლება, შეგვიძლია, დარწმუნებულნი ვიყოთ, რომ მხოლოდ ის ქცევაში მომხდარ ცვლილებებზე პასუხისმგებელია. მას შემდეგ, რაც შევცვლით დამოუკიდებელ ცვლადს, ცდის მონაწილის დაკვირვებადი ან შესასწავლი ქცევის ნებისმიერი ასპექტი არ შეიძლება იყოს რომელიმე სხვა ცვლადის მოქმედების შედეგი, რადგან არც ერთი სხვა ცვლადი არ დაიშვება ექსპერიმენტის მსვლელობისას.
კიდევ ერთი დამატებითი ცვლადი შეიძლება იყოს თავად ექსპერიმენტატორი და/ან კვლევის მონაწილეები. ექსპერიმენტში მკვლევარს შეუძლია შედარებით განყენებული იყოს მონაწილეებისგან, რითაც კვლევაში გარკვეული ხარისხის ობიექტურობა შეაქვს. დამკვირვებლის ეფექტმა შეიძლება, დააზარალოს ექსპერიმენტი. მაგალითად, მკვლევრის ჩანაწერები შეიძლება არათანმიმდევრული, არაზუსტი, შერჩევითი ან ნაკლებად გაცნობიერებული იყოს, რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს ექსპერიმენტის მსვლელობაზე. გარდა ამისა, ექსპერიმენტი შეიძლება მონაწილის ეფექტმაც აზარალოს; მონაწილის ქცევის შესაცვლელად შეიძლება საკმარისი აღმოჩნდეს საექსპერიმენტო გარემოში უბრალოდ ყოფნის ფაქტიც კი და არა ის, რეალურად როგორ მოქმედებენ ექსპერიმენტული პირობები და დამოუკიდებელი ცვლადები (Neuman, 2011).
ექსპერიმენტული კვლევის საილუსტრაციოდ განვიხილოთ სოციალური ფსიქოლოგის სტენლი შეხტერის კვლევა. მან გამოთქვა ვარაუდი, რომ ადამიანები, რომლებიც შიშობენ, რომ უცნობ სიტუაციაში რაიმე მოულოდნელი შეემთხვევათ, ვინმესთან, თუნდაც, სრულიად უცხო ადამიანთან ყოფნას ამჯობინებდნენ და არა — მარტო ყოფნას. სხვა სიტყვებით, მან ივარაუდა, რომ შფოთვის მატებამ შეიძლება სხვების გვერდით ყოფნის სურვილის (აფილაციის ტენდენციის) გაძლიერება გამოიწვიოს. ამ ჰიპოთეზის შესამოწმებლად მან უფროსკურსელი გოგონები მოიწვია. როდესაც კვლევის მონაწილეები მივიდნენ დანიშნულ ადგილას, მათ თეთრხალათიანი ექსპერიმენტატორი შეეგება, რომელიც სხვადასხვა ელექტრომოწყობილობით იყო გარშემორტყმული. ის მათ ფსიქიატრიული კლინიკის ნევროლოგიის განყოფილების ექიმად გაეცნო და, ასევე, გააცნო კვლევის მიზანი: ელექტროდენის დარტყმის გავლენის შესწავლა გულის კუნთის შეკუმშვის სიხშირესა და წნევაზე. შემდეგ თითოეულ მათგანს ცალკე აუხსნა, რომ მათ ელექტროდენის დარტყმის მოთმენა მოუწევდათ, როდესაც გაუზომავდნენ პულსსა და წნევას. შფოთვის დონის (დამოუკიდებელი ცვლადი) მანიპულირების მიზნით შეხტერმა გამოიყენა ელექტროდენის განმუხტვის მოქმედების ორი სხვადასხვა აღწერა. „მაღალშფოთვიანი“ სიტუაციის შესაქმნელად კვლევის მონაწილეებს მკაცრი, შემაშინებელი ტონით აფრთხილებდნენ: „გულწრფელად გეტყვით, რა გელით. დენის დარტყმა ძალიან ძლიერი და მტკივნეულია. ალბათ, გესმით, რომ ამგვარ კვლევებში ყველაფერი უნდა შევისწავლოთ, რაც რეალურად დაეხმარება ადამიანს და ამიტომ უბრალოდ აუცილებელია, რომ დენის დარტყმები ინტენსიური იყოს“. კვლევის მონაწილეთა მეორე ჯგუფს ეუბნებოდნენ, რომ დენის დარტყმები ზომიერი და უმტკივნეულო იქნება. მაგალითად, ასე უხსნიდნენ: „არ შეგაშინოთ სიტყვამ ,,დარტყმა“. დარწმუნებული ვარ, ექსპერიმენტი სიამოვნებას მოგანიჭებთ, ეს მსუბუქ ჩქმეტას ან შეღიტინებას უფრო წააგავს, ვიდრე რაიმე უსიამოვნოს.“ სინამდვილეში შეხტერის ექსპერიმენტში არავითარი ელექტროდარტყმები არ იყო დაგეგმილი. ინსტრუქცია მხოლოდ სხვადასხვა დონის შფოთვის შექმნას ემსახურებოდა.
მას შემდეგ, რაც კვლევის მონაწილეებს ინსტრუქციით შეუქმნიდნენ შფოთვის მაღალ და დაბალ დონეს, ექსპერიმენტატორი აცნობებდა, რომ მათ 10 წუთი უნდა მოეცადათ კვლევის დაწყებამდე, რადგან ეს დრო აპარატურის დარეგულირებას სჭირდებოდა. დალოდებისთვის სთავაზობდნენ მოსაცდელ ოთახს, სადაც სხვებთან ერთად შეეძლოთ ყოფნა ან იზოლირებულ ოთახებს, სადაც მარტო შეიძლებოდა დარჩენა. კვლევის მონაწილეებს ოთახები საკუთარი სურვილით შეეძლოთ აერჩიათ. ამის შემდეგ სათითაოდ ეკითხებოდნენ, როგორ ერჩივნათ ამ 10 წუთის გატარება — მარტო თუ სხვებთან ერთად, თუ სულ ეს ერთი იყო მათთვის. სწორედ ამ შეკითხვაზე მიღებული პასუხები აინტერესებდა შეხტერს — ეს იყო მისი დამოკიდებული ცვლადი. როგორც მოსალოდნელი იყო, მაღალი შფოთვის მქონე მონაწილეები უფრო ხშირად ამჯობინებდნენ სხვებთან ერთად ლოდინს, ვიდრე უფრო დაბალ შფოთვის მქონენი. სხვებთან ერთად დალოდების მსურველების რიცხვი ორჯერ მეტი იყო მაღალი შფოთვის მქონეთა ჯგუფში, ვიდრე — დაბალი შფოთვის მქონეთა ჯგუფში, რაც ნიშნავდა, რომ შფოთვის დონის შეცვლამ გადამწყვეტი გავლენა მოახდინა აფილაციურ ქცევაზე.
***
გამოყენებული ლიტერატურა:
გერიგი, რ. და ზიმბარდო, ფ. (2009). ფსიქოლოგია და ცხოვრება, თბილისი, თსუ.
ხეჩუაშვილი, ლ. (2015). პიროვნება: შესავალი პიროვნების ფსიქოლოგიაში, ნაწილი I. თსუ, თბილისი.
Cohen, L., Manion, L., Morrison, K. (2007). Research Methods in Education. London, New York: Routledge.
McAdams, D. P. (2009). The Person: An Introduction to the Science of Personality Psychology, 5th ed. USA: John Wiley & Sons, Inc.
Newman, W. L. (2011). Social Research Methods: Qualitative and Quantitative Approaches, 7th ed. Allyn & Bacon.