სტიმულის პირობა ექსპერიმენტულ გარემოში, რომელიც სხვა ნებისმიერი ცვლადისგან დამოუკიდებლად იცვლება და, თავის მხრივ, განაპირობებს (ან არ განაპირობებს) დამოკიდებული ცვლადის ცვლილებას. დამოუკიდებელი ცვლადი ყოველთვის წინ უსწრებს დამოკიდებულს.
ექსპერიმენტულ დიზაინში პირობას, რომელშიც დამოუკიდებელი ცვლადი მოქმედებს, ექსპერიმენტულს ან ჩარევის პირობას უწოდებენ. დამოუკიდებელი ცვლადი შეიძლება იყოს მანიპულირებადი (როგორც ეს ექსპერიმენტულ კვლევაში გვაქვს) და ჯგუფის მიერ მოტანილი (როგორც ეს ქვაზიექსპერიმენტულ კვლევაში ხდება). პირველ შემთხვევაში, დამოუკიდებელი ცვლადის დონეების ანუ მნიშვნელობების განსაზღვრას თავად მკვლევარი ახდენს: ექსპერიმენტატორი წყვეტს, რა მნიშვნელობა უნდა მიიღოს დამოუკიდებელმა ცვლადმა ანუ, სხვა სიტყვებით, იგი მანიპულირებს ამ ცვლადით. მაგალითად, თუ გვაინტერესებს გარემოს ტემპერატურა რამდენად მოქმედებს ინდივიდების შრომის ნაყოფიერებაზე, ჩვენ შეგვიძლია თავად ვცვალოთ ტემპერატურა ოთახში და დავაკვირდეთ, რა შედეგებს აჩვენებენ კვლევის მონაწილეები. მეორე შემთხვევაში მკვლევარი კი არ ცვლის დამოუკიდებელი ცვლადის მნიშვნელობას, არამედ ის დამოუკიდებელი ცვლადის მნიშვნელობების მიხედვით კრებს კვლევაში მონაწილე ჯგუფებს. მაგალითად, თუ მკვლევარს აინტერესებს, ადამიანების აღმსარებლობა რამდენად განაპირობებს მათი ღირებულებათა სისტემის თავისებურებას, იგი თავიდანვე ისე არჩევს კვლევის მონაწილეებს, რომ სხვადასხვა ჯგუფში სხვადასხვა აღმსარებლობის ადამიანები მოხვდნენ (ვთქვათ, ერთი ჯგუფი მართლმადიდებელი ქრისტიანებისგან იქნება შემდგარი, მეორე — ბუდისტებისგან, მესამე — მუსულმანებისგან და მეოთხე — ათეისტებისგან).
***
გამოყენებული ლიტერატურა:
გერიგი, რ. და ზიმბარდო, ფ. (2009). ფსიქოლოგია და ცხოვრება, თბილისი, თსუ.
ხეჩუაშვილი, ლ. (2015). პიროვნება: შესავალი პიროვნების ფსიქოლოგიაში, ნაწილი I. თბილისი, თსუ.
McAdams, D. P. (2009). The Person: An Introduction to the Science of Personality Psychology, 5th ed. USA: John Wiley & Sons, Inc.