ნებისმიერი ცვლადი ექსპერიმენტულ გარემოში, რომლის მნიშვნელობა ერთი ან მეტი დამოუკიდებელი ცვლადის ცვლილების შედეგია. სხვა სიტყვებით, დამოკიდებული ცვლადი არის ინდივიდის რეაქცია დამოუკიდებელი ცვლადის ექსპერიმენტულ ცვლილებებზე ანუ მანიპულაციაზე; ესაა კვლევის მონაწილის ქცევის ნებისმიერი ასპექტი, რომელსაც აკვირდებიან ან ზომავენ, როგორც პასუხს დამოუკიდებელი ცვლადის მოქმედებაზე.
ამგვარად, დამოკიდებული ცვლადი დამოუკიდებელი ცვლადის ფუნქციაა: ის დამოკიდებულია იმ ცვლილებებზე, რომლებიც გამოწვეულია ექპერიმენტატორის მიერ დამოუკიდებელი ცვლადით მანიპულაციაზე. სხვა სიტყვებით, დამოკიდებული ცვლადის მნიშვნელობის ცვლილება დამოკიდებულია დამოუკიდებელი ცვლადის მნიშვნელობის ცვლილებაზე.
დამოუიკიდებელი ცვლადი შეიძლება იყოს ფიზიკური მდგომარეობები, სოციალური ქცევები, დამოკიდებულებები, გრძნობები ან რწმენები, რომლებიც ჩარევის საპასუხოდ იცვლება. დამოკიდებული ცვლადის გაზომვა თვითანგარიშის კითხვარებზე გაცემული პასუხებით, დაკვირვებებით, ინტერვიუებით ან ფიზიოლოგიური რეაქციებით (მაგალითად, გულის ცემის აჩქარება ან ხელის გულების გაოფლიანება) შეგვიძლია.
ხშირად დამოკიდებული ცვლადი ერთზე მეტჯერ იზომება ექსპერიმენტში. დამოკიდებული ცვლადის ჩარევის წარდგენამდე გაზომვას პრეტესტს უწოდებენ, ექსპერიმენტულ სიტუაციაში ჩარევის წარდგენის შემდეგ გაზომვას კი — პოსტტესტს.
მაგალითად, თუ გვაინტერესებს, რამდენად ეფექტურად მუშაობენ ადამიანები სხვადასხვა ტემპერატურულ გარემოში, შეგვიძლია ისინი სხვადასხვა ტემპერატურის პირობებში ვამუშაოთ და გავზომოთ მათ მიერ შესრულებული სამუშაოს ოდენობა, მაგალითად, დავთვალოთ რამდენი ფიგურა ააწყვეს სწორად. ამ შემთხვევაში შრომის ნაყოფიერება იქნება დამოკიდებული ცვლადი, ხოლო სწორად აწყობილი ფიგურების რაოდენობა — დამოკიდებული ცვლადის გაზომვის შედეგი ანუ მისი რიცხვითი მნიშვნელობა.
***
გამოყენებული ლიტერატურა:
გერიგი, რ. და ზიმბარდო, ფ. (2009). ფსიქოლოგია და ცხოვრება, თბილისი, თსუ.
Cohen, L., Manion, L., Morrison, K. (2007). Research Methods in Education. London, New York: Routledge.
McAdams, D. P. (2009). The Person: An Introduction to the Science of Personality Psychology, 5th ed. USA: John Wiley & Sons, Inc.