იკვლევს სამეცნიერო ცოდნისა და მეცნიერების, როგორც სოციალური ინსტიტუტის ურთიერთქმედებას სოციალურ სტრუქტურებთან, მეცნიერებისათვის დამახასიათებელი შემეცნებითი ფორმების განსაზღვრულობას სოციალურ–კულტურული პირობებით, მეცნიერების ქცევას განსხვავებულ სოციალურ სისტემებში. პირველ ეტაპზე მ.ს. ვითარდებოდა ცოდნის სოციოლოგიის შიგნით, სადაც ფილოსოფიისა და რელიგიის შესწავლასთან ერთად გაანალიზებული იყო ცოდნისა და სოციალური სისტემების ურთიერთკავშირის საკითხები. ცოდნის სოციოლოგიის წამყვანი კონცეფციის ფარგლებში (XX ს–ის 20–იანი წლები), ვითარდებოდა ცოდნის სხვადასხვა ფორმების (მათ შორის მეცნიერული ცოდნის) და შინაარსების ანალიზის სპეციფიკური მიდგომები, მეცნიერების გენეზისისა და მეცნიერების კულტურასა და ტექნიკასთან კავშირურთიერთობის საკითხები. კ. მანჰაიმი ხაზს უსვამდა შემეცნების სოციალურად განპირობებულობას. მისი აზრით, მხოლოდ სოციალური ცოდნის ფორმები (იდეოლოგია და უტოპია) შესაძლებელია აიხსნას სოციოლოგიურად, მაშინ როცა საბუნებისმეტყველო მეცნიერებანი და მათემატიკური ცოდნა მ. ს–ის კომპეტენციის მიღმა დგას. შელერი ხსნიდა რა, ახალ დროში მეცნიერების წარმოშობას, მასში ხედავდა თეორიული გონებით მჭვრეტელი ადამიანებისა (ფილოსოფოსების) და შრომის სფეროს წარმომადგენლების (ხელოსნების) ძალისხმევის გაერთიანებას რეალობაზე ბატონობის განსახორციელებლად. მეცნიერება განიხილებოდა როგორც ტექნიკური ინჟინერია, ხოლო მისი არსება ბურჟუაზიის ბუნებაზე ბატონობის ნებასთან დაკავშირებულად მიიჩნეოდა. დ. ლუკაჩი ხაზს უსვამდა კაპიტალისტურ სასაქონლო მეურნეობაზე მეცნიერების დამოკიდებულების საკითხს. ფრანქფურტის სკოლის წარმომადგენლები მეცნიერებას განიხილავდნენ როგორც ინსტრუმენტალურ გონებას, ხოლო მეცნიერულ რაციონალობას – როგორც იძულების რაციონალიზაციას, ბუნებასა და თვით ადამიანზე ძალაუფლების განხორციელების საშუალებას. ფ. ზნანეცკის თანახმად, მ. ს–ის ამოცანაა იმ ადამიანების სოციალური ურთიერთქმედების ანალიზი, რომლებიც ცოდნის გენერირებაზე აგებენ პასუხს (მეცნიერთა სოციალური როლების, მათი ღირებულებითი ორიენტაციების ანალიზი). მნიშვნელოვანია დ. ბერნალის შრომები მ.ს–ში იგი მეცნიერებას განიხილავდა როგორც სოციალურ ინსტიტუტს (მარქსისტული მ.ს.). განსაკუთრებული წვლილი მ.ს–ის განვითარებაში შეიტანა რ. მერტონმა. კლასიკად ქცეულ შრომაში „მეცნიერება, ტექნიკა და საზოგადოება XVII ს–ის ინგლისში“ (1933) მერტონმა წინა პლანზე წამოწია პურიტანული რელიგიისა და მორალის როლი ახალი დროის მეცნიერების ფორმირებაში. უფრო გვიან მან ჩამოაყალიბა მ.ს–ის კონცეფცია, რომელიც 60–იან წლებში დომინირებადი „პარადიგმა“ გახდა. მერტონისეული მ.ს–ის კონცეფციის ფილოსოფიურ საფუძველს მეცნიერული ცოდნის ზრდის სოციალური ნეიტრალურობის და კუმულაციური ხასიათის პოზიტივისტური იდეა წარმოადგენდა, ხოლო სოციოლოგიურად მერტონი სტრუქტურული ფუნქციონალიზმის მ–ის მიერვე შემუშავებულ ვარიანტს ეყრდნობოდა. მერტონის თანახმად, მეცნიერება, სოციოლოგიური თვალსაზრისით, სოციალური ინსტიტუტია, რომელიც იცავს მეცნიერების ავტონომიურობას და ახალი, სანდო ცოდნის მიღების სტიმულირებას უწყობს ხელს. მეცნიერული აღმოჩენა მიღწევაა, რომელიც საზოგადოებისაგან დაჯილდოება–წახალისებას მოითხოვს, რაც უზრუნველყოფილია კოლეგებისა და საზოგადოების მხრიდან მეცნიერის წვლილის აღიარებით. ეს აღიარება განსაზღვრავს მის პრესტიჟს, სტატუსსა და კარიერას. მეცნიერების, როგორც სოციალური ინსტიტუტის ფუნქციონირება სავალდებულო ნორმებითა და ღირებულებებით რეგულირდება, რაც მეცნიერების ეთოსს შეადგენსს. ამ ეთოსის თანახმად, მეცნიერებას უნდა ახასიათებდეს უნივერსალიზმი (მეცნიერული მსჯელობისა და გამონათქვამების სუბიექტისაგან დამოუკიდებლობისა და ობიექტურობის რწმენა), ზოგადსაყოველთაოობა (ცოდნა უნდა იყოს ყველასათვის ხელმისაწვდომი), მიუკერძოებლობა (მეცნიერის პირადი ინტერესის გამოყენების აკრძალვა) და ორგანიზებული სკეპტიციზმი (კოლეგების მიერ, მიღებულ შედეგებზე პასუხისმგებლობა). რადგან მეცნიერი მოქმედებს კონკურენციულ, წინააღმდეგობრივ პირობებში და ნორმათა სისტემა ცალსახად არ განსაზღვრავს მის ქცევას, მისი ქცევა ამბივალენტურია და ხშირად ურთიერთსაპირისპირო პოლუსებს შორისაა მოქცეული. მერტონის შრომებმა სერიოზული ზეგავლენა მოახდინა მეცნიერებაში ემპირიულ და თეორიულ კვლევებზე. 70–იანი წლებიდან იწყება მერტონის კონცეფციის კრიტიკა კუნის პოზიციებიდან. კურსი შრომაში „მეცნიერული რევოლუციების სტრუქტურა“ მეცნიერებას განიხილავდა როგორც სამეცნიერო საზოგადოების მიერ მიღებულ და დადგენილ პარადიგმას. ამ ფილოსოფიურ საფუძველზე ჩამოყალიბება დაიწყო ნორმატიულმა, ე.წ. კოგნიტურმა მ.ს–მ, სადაც მეცნიერების კოგნიტური (შემეცნებითი) მხარე სოციალურ სინამდვილესთან პირდაპირ კავშირში განიხილებოდა. მ.ს–ის ეს მიმართულება განვითარდა ინგლისში (ბრასი, ბლური, კოლინზი, მალკეი, უოლგარი და სხვები). 80–იანი წლების მიჯნაზე წარმოიშვა მ.ს–ის მრავალფეროვანი, მაგრამ მეთოდოლოგიურად ერთმანეთთან ახლოს მდგარი თეორიები. ასეთი იყო მაგ., მ.ს–ის „კონსტრუქტივისტული პროგრამა“ (კნოპი–ცეტინი), რომელიც მეცნიერებას განიხილავდა როგორც სოციალურ კონსტრუქციას, რელატივისტურ პროგრამას (უ.კოლინზი), ეთნომეთოდოლოგიურ მიდგომას (ჰ. გარფუნკელი, ს. უოლგარი), დისკურსის ანალიზს (მალკეი). მათთვის დამახასიათებელია ისეთი ტრადიციული განსხვავებების უარყოფა, როგორიცაა კოგნიტური და სოციალური მეცნიერებაში ანუ მეცნიერების შემეცნებითი საწყისის შეცვლა სოციალური მოქმედებით, მოლაპარაკებებითა და მეცნიერებს შორის ურთიერთდამოკიდებულებით. სისტემების თანამედროვე თეორია (ლუმანი) მეცნიერებას განიხილავს როგორ ერთ–ერთ სოციალურ ქვესისტემას, რომელიც ჭეშმარიტებას, როგორც კომუნიკაციის მედიუმს, საკუთარი რეპროდუქციისათვის იყენებს. მეცნიერების საზოგადოებრივი ფუნქცია, ლუმანის თანახმად, მდგომარეობს ახალი ცოდნის კონსტრუირებასა და ცოდნის მოპოვებაში. მეცნიერული ჭეშმარიტება ლუმანის მიერ განიხილება არა როგორც რეალურ სამყაროსთან შესატყვისობა, არამედ როგორც კომუნიკაციის სიმბოლურად გენერალიზებული მედიუმი.
მეცნიერების სოციოლოგია
Sociology of Scientific Knowledge
კატეგორია: