ინფორმაციის გადაცემა ერთი სისტემიდან მეორეზე სიგნალების სპეციალური მატარებლებით. ადამიანთა საზოგადოებაში კ. ხორციელდება ინდივიდებს, ორგანიზაციებს, საზოგადოებებს, კულტურებს შორის ნიშნების სისტემათა (ენის) მეშვეობით. კ. ადამიანებს შორის ხორციელდება ნიშნობრივი წარმონაქმნების (შეტყობინებათა) გაცვლის მეშვეობით, რომლებშიც განივთებულია ცოდნა, აზრები, ღირებულებითი ურთიერთობები, მეკავშირე მხარეების მოღვაწეობის პროგრამები. კ–ის საშუალებები და ფორმები ასახავს საზოგადოებრივ ურთიერთობებსა და ადამიანთა ისტორიულ გამოცდილებას. იგი უზრუნველყოფს აგრეთვე სოციალური გამოცდილების დაგროვებასა და გადაცემას, შრომის განაწილებასა და ერთობლივი მოღვაწეობის ორგანიზაციას, მართავს, კულტურის ტრადიციის გადაცემასა და ა.შ.კ–ის საშუალებები განსაკუთრებით განვითარდა გასული საუკუნის 20-იან წლებიდან. ეს დაკავშირებულია ტექნიკური საშუალებებისა და ინფორმაციის გადაცემის ოგანიზაციული პირობების გაერთიანებასთან, რამაც გამოიწვია მოკავშირე მხარეების უშუალო ურთიერთმოქმედების შემცირება. პრესის, ელექტრონული კავშირის (ტელეგრაფის, ტელეფონის, რადიოს, ტელევიზიის) მეშვეობით ძალზე შემცირდა მანძილი და დრო მხარეებს შორის. კ–ის თეორიის განვითარებამ განაპირობა კიბერნეტიკის, ინფორმატიკის, სემიოტიკის ჩამოყალიბება. კ–ის ცნება დღეს ცენტრალურ კატეგორიად ყალიბდება სოციალურ თეორიაში (ი. ჰაბერმასის „კომუნიკაციური მოქმედების თეორია, ნ. ლუმანის „სოციალური სისტემების თეორია“ და სხვ.). მარტივი კ–ის სისტემა, როგორც მინიმუმ, მოიცავს:1. კ–ის ორ მონაწილეს;2. სიტუაციას ან სიტუაციებს, რომლის გააზრებას და რის გაგებასაც ისინი ესწრაფვიან;3. ტექსტებს, რომლებიც სიტუაციის საზრისს გამოთქვამენ ენის ან რომელიმე მოცემული სემიოტიკური სისტემის ელემენტებში;4. ტექსტების მიმართულების მიმცემ მოტივებსა და მიზნებს.კ. ფართო აზრით ადამიანური ცხოვრებისა და საქმიანობის ერთ–ერთი საფუძველია. იგი წარმოადგენს ინტელექტუალურ პროცესს, რომელსაც აქვს მტკიცე იდეურ–შინაარსობრივი გეგმა და დაკავშირებულია სოციალური მოქმედების განსაზღვრულ სიტუაციებთან. გამოყოფენ აგრეთვე ეგზისტენციალური კ–ის სახეს, რომელშიც მოიაზრება „მე“–ს, სელფის (Self) სხვაში – მეორე ადამიანში აღმოჩენის აქტი.კ–ის თეორიის პრობლემების კვლევაში წამყვან როლს ასრულებს მასობრივი კ–ების სოციოლოგია. გამოყოფენ მასობრივ, პიროვნებათაშორის, მეცნიერულ და სხვ. კომუნიკაციებს.
კომუნიკაცია
Communication
კატეგორია: