ქცევა, მოქმედება, სოციალური მოქმედება

Social Action

მოქმედების ზოგიერთი თეორია ერთმანეთისაგან განასხვავებს მოქმედებისა და ქცევის ცნებებს, ან მიუთითებს, რომ მოქმედება არა ნებისმიერი, არამედ მხოლოდ განსაზღვრული ხასიათის ქცევაა. მაქს ვებერი მათ შორის წყალგამყოფად მიიჩნევს საზრისის ფლობის ფაქტორს. ადამიანის მოქმედების სპეციფიკას ვებერი უკავშირებს სუბიექტური საზრისის ქონას. ამისგან განსხვავებულია ქცევა, რომელიც უსაზრისო – ავტომატურ ან ირაციონალურ – რეაქციებს წარმოადგენს. ტალკოტ პარსონსმა კიდევ უფრო გამოაცალკევა მოქმედების კომპონენტები, დაუკავშირა რა მოქმედება მიზანს, ემპირიულ სიტუაციას და ამ სიტუაციაში აქტორის ნორმატიულ ორიენტაციას. სხვა შემთხვევაში (ჯ. ელსტერი), განსხვავების მთავარ კრიტერიუმად გამოიყენება „ინტენციონალობის“ კატეგორია და მოითხოვება განსხვავდეს ინტენციონალური და არაინტენციონალური ქცევები, როდესაც მოქმედება განიხილება როგორც ინტენციონალური ქცევა. ეს უკანასკნელი სრულდება იმისათვის, რომ მიღწეულ იქნეს განსაზღვრული მიზანი. ასეთი ქცევა აუცილებლად უკავშირდება მომავალს. მოქმედების ინტენციონალურ ახსნას მიმართავენ მაშინ, როდესაც შესაძლებელია მითითება მომავალ მდგომარეობაზე, რისი მიღწევაც სასურველია. რაც შეეხება განსხვავებას მოქმედებასა და სოციალურ მოქმედებას შორის, აქ საკითხი ეხება მოქმედების სოციალურობის კრიტერიუმს. ასეთ კრიტერიუმად სახელდება მოქმედების ორიენტაცია სხვა სუბიექტების (სუბიექტის) მოქმედებაზე, რაც გულისხმობს სხვათა ქცევის გაგებას და ინტერპრეტაციას. სოციალური მოქმედება, უშუალოდ თუ გაშუალებულად, ყოველთვის შეიცავს საზრისით გაჯერებულ ინტერაქციას. აქედან გამომდინარე, ვებერის მიხედვით, სოციალურ მოქმედებად არ შეიძლება ჩაითვალოს: ა) გარეგანი მოქმედება, რომელიც ორიენტირებულია მატერიალურ საგანზე; ბ) შინაგანი, ანუ საკუთარ თავზე მიმართული მოქმედება; გ) წმინდა რეაქტიული მოქმედება, რომელსაც არ ახლავს საზრისის მიხედვით ორიენტაცია; დ) მრავალი ადამიანის ერთგვაროვანი მოქმედება, რომელიც არ არის მოტივირებული სხვათა ქცევაზე ორიენტაციით, არამედ რეაქციაა გარე გამღიზიანებელზე; ე) მასობრიობის ზეგავლენით განპირობებული მოქმედება, რომელიც გასაზრისიანებული ქცევის ფარგლებს სცილდება.

კატეგორია: 
ავტორები: