კულტურა

Culture

წარმოდგება ლათინური ზმნიდან „colo“, რაც (ნიადაგის) მოვლას, დამუშავებას, ზრუნვას ნიშნავს. კ–ის ცნების განსაზღვრებაში არ არსებობს ერთსულოვნება. საკმარისია ითქვას, რომ დღეისთვის ოთხასამდე დეფინიციას ითვლიან. თუმცა შეიძლება გამოიყოს კ–ის ცნების განსაზღვების სამი ძირითადი ელემენტი:1. კ. ისაა, რაც გადაეცემა. ის სოციალური მემკვიდრეობა, ანუ სოციალური ტრადიციაა. ამ ნიშნით კ. განსხვავდება სოციალური სისტემისაგან, რამდენადაც კ. შეიძლება ვრცელდებოდეს ერთი სოციალური სისტემიდან მეორეზე;2. კ. ისაა, რასაც სწავლობენ. კ. არაა ადამიანის გენეტური ბუნების გამოვლენა, ის სოციალიზაციის პროცესში შეძენილი ნორმების ერთობლიობაა;3. კ. საყოველთაოდ მიღებულია, ანუ ის საზოგადოებისათვის საერთო ნორმებისა და ღირებულებების სისტემაა.ამრიგად, კ., ერთი მხრივ, სოციალური ურთიერთქმედების პროდუქცია, ხოლო, მეორე მხრივ, ამ ურთიერთქმედებათა სახეების დეტერმინანტი. გუდენაუ გამოყოფს კ–ის შემადგენელ ოთხ ელემენტს:1. ენობრივი ფენომენები (ცნებები, კონცეპტები), რომლებიც ადამიანის (ჯგუფის) გამოცდილების რელევანტურია, რამდენადაც ამ გამოცდილების მოწესრიგებასა და ორგანიზებას ახდენს;2. ცნებებს შორის მიზეზ–შედეგობრივი და ფუნქციონალური კავშირების გამომხატველი ურთიერთობები;3. ღირებულებები, რომლებიც დაკავშირებულია მიზნებთან, რისი მიღწევისკენაც საზოგადოება მიისწრაფვის;4. წესები და ნორმები, რომლებიც არეგულირებს ადამიანთა ქცევის ღირებულებებთან შესაბამისობის თვალსაზრისით. წესებთან დაკავშირებულია სანქციები, რომლებიც ითვალისწინებს დასჯას ან წახალისებას ნორმების დარღვევის ან შესრულების შემთხვევაში.

***

ტერმინის პირველწყარო:  ​

​სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი. (2004) სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი. თბილისი: ლოგოს პრესი

 

 

კატეგორია: 
ავტორები: