კოგნიტური სოციოლოგია

Cognitive Sociology

სიკურელის ამავე სახელწოდების ნაშრომში (1973) გამოყენებული ტერმინი, რომელიც მოიაზრებს ეთნომეთოდოლოგიის გაერთიანებას ნეოპოზიტივისტურ კოგნიტივისტურ მეცნიერებებთან, მათ შორის, კოგნიტურ ანთროპოლოგიასა და სოციოლინგვისტიკასთან. სოციოლოგიურ ლიტერატურაში აღნიშნავენ, რომ კ. ს. სათავეს იღებს მეცნიერების მერტონისეული პარადიგმის, მეცნიერების პოსტპოზიტივისტური მეთოდოლოგიისა და, უპირველეს ყოვლისა, კუნის ნაშრომის – „მეცნიერული რევოლუციების სტრუქტურის“ გავლენითი ჩამოყალიბებული პოზიციის კრიტიკიდან, რომელშიც მეცნიერება განიხილება მეცნიერული საზოგადოების მიერ მიღებულ პარადიგმად. სწორედ ამ საფუძველზე ჩამოყალიბდა ნორმატიულისაგან განსხვავებული მეცნიერების კ. ს., რომელიც მეცნიერების კოგნიტურ ასპექტს განიხილავს როგორც სოციალურზე პირდაპირ დამოკიდებულს. კ. ს. მეცნიერებას სოციალური პირობების, ურთიერთობების, ინტერესების პროდუქტად მიიჩნევს. ტერმინით „კოგნიტივისტური მეცნიერება“ ერთიანობაში აღინიშნება მრავალგვარ სამეცნიერო დისციპლინათა ბოლოდროინდელი მიღწევები, რომელიც მოჰყვა კომპიუტერულ განვითარებას და ტვინის გაგება–გააზრებას ინფორმაციის გადამმუშავებელ სისტემად, აგრეთვე, ფსიქოლოგიური მეცნიერების მიერ აღმოჩენილ მნიშვნელოვან სიახლეებს ადამიანის კოგნიტური აქტივობის სფეროში. ამ ზოგადი ტერმინით მოიაზრება ადამიანური გონების შემსწავლელ მრავალგვარ, ადრე სულაც შეუსაბამო მიდგომათა ერთიანობა – კოგნიტური ფსიქოლოგია, გნოსეოლოგია, კულტურის მეცნიერებები, კოგნიტური ანთროპოლოგია (მრავალგვარი ნაირსახეობით: სოციალურ, ფსიქოლოგიური, ფილოსოფიური და ა.შ.), ლინგვისტიკა და სოციოლინგვისტიკა, ხელოვნური ინტელექტის თეორიები, მათემატიკა, ნეიროფსიქოლოგია, ეპისტემოლოგია და სხვ.

კატეგორია: 
ავტორები: