სოციალური შფოთვითი აშლილობა / სოციალური ფობია

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Social Phobia / Social Anxiety Disorder

სოციალურ შფოთვით აშლილობას, რომელიც ადრე სოციალური ფობიის სახელით იყო ცნობილი,  წინა გამოცემებისაგან განსხვავებით, დიაგნოსტიკისა და სტატისტიკის მე-5 გამოცემაში (DSM-5) სახელი გადაერქვა და ამიერიდან სოციალურ შფოთვით აშლილობად მოიხსენიება. ეს ცვლილება სინდრომის ახლებურ და უფრო ფართო გაგებას ასახავს. განსხვავებით წინა სადიაგნოსტიკო კრიტერიუმისგან, რომელშიც სოციალური ფობიის დიაგნოზის დასასმელად საჯარო გამოსვლის ფობია იყო საკმარისი, ახალ გამოცემაში სიმპტომები გაფართოვდა და სხვადასხვა სოციალურ სიტუაციებში შიში დაემატა. ეს შეიძლება იყოს უცნობ ადამიანთან საუბრის შიში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ჭამის შიში და ა.შ.  

სოციალური შფოთვითი აშლილობა ფართო გაგებით გულისხმობს მდგრად და ირაციონალურ შიშს, რომელიც წარმოიქმნება მაშინ, როდესაც პიროვნება წარმოიდგენს სოციალურ სიტუაციებს, რომლებშიც ის შეიძლება გარშემომყოფების დაკვირვების ობიექტი აღმოჩნდეს. აშლილობის ერთ-ერთი მთავარი დამახასიათებელი თვისება სოციალური გაუბედაობა და შებოჭილობაა. ამ აშლილობით დაავადებული ადამიანები შერცხვენისა და აბუჩად აგდების შიშში ცხოვრობენ და მუდმივად ფიქრობენ, რომ სხვები მათ ნეგატიურად შეაფასებენ. ერთი მხრივ, ამგვარი შიშები სოციალურ შებოჭვასა ამრიდებლურ ქცევას იწვევს, მეორე მხრივ, ნეგატიური შინაარსის თვითქმნადი წინასწარმეტყველებით,  ისინი მართლაც იმდენად ღელავენ, რომ შესაძლოა ეს რეალურად აურესებდეს კიდეც მათ სოციალურ აქტივობებს.

სოციალური შებოჭილობისა და ამრიდებლური ქცევების გამოვლენის ხარისხი შეიძლება  კონკრეტული სპეციფიკური სიტუაციიდან ყველა სოციალური სიტუაციის შიშამდე მერყეობდეს. შფოთვების ყველაზე გავრცელებულ ტიპს წარმოადგენს საჯაროდ სიტყვით გამოსვლის შიში, სხვებთან ერთად ჭამის შიში, სოციალური ინტერაქციის შიში საქმიან ან /და არაფორმალურ შეხვედრებზე, ა.შ. შედარებით ნაკლებად გავრცელებულია საჯარო ტუალეტით სარგებლობის, რაიმე ტიპის თამაშის (მაგ. გოლფის ან ფეხბურთის) შიში და ა.შ.

ხშრად სოციალურ შფოთვით აშლილობაში რამდენიმე სიმპტომი ერთად იყრის თავს. ამ აშლილობის მთავარი ელემენტი სხვების მიერ უარყოფითად შეფასების შიშია.  განსაკუთრებით მნიშვნელოვანია განვასხვავოთ ტიპური საჯაროდ გამოსვლის შიში სოციალური შფოთვითი აშლილობისაგან. ამ შემთხვევაში მთავარი განმასხვავებელი კრიტერიუმი ფუნქციონირების გაუარესებაა. ჩვეულებრივ შემთხვევაში, ადამიანი, რომელსაც საჯაროდ სიტყვით გამოსვლის შიში აქვს, გამოსვლამდე ძალიან შფოთავს, მაგრამ წარმატებით ახერხებს ამოცანის გადაჭრას. სოციალური შფოთვითი აშლილობის მქონე პიროვნებების შემთხვევაში კი ამგვარი დავალება იმდენად მწვავე სტრესს იწვევს, რომ მათ შესაძლოა მთლიანად აარიდონ თავი ამგვარ სიტუაციებს ან ვერ მოახერხონ მისი წარმატებით დასრულება.

სოციალურ შფოთვით აშლილობას ამრიდებლურ ქცევასთან, სუბიექტურ (კოგნიტურ) და ემოციურ სტრესთან ერთად, თან ახალვს ფიზიკური სიმპტომებიც. ყველაზე გავრცელებული ფიზიკური სიმპტომებია გულის აჩქარება, გაწითლება, კანკალი, ოფლიანობა. სოციალურ შფოთვით აშლილობას ასევე ახასიათებს შერჩევითი მუტიზმი - რაც გულისხმობს, რომ შესაძლოა ამ შლილობის მქონე ადამიანი ჩუმად იყოს ზოგიერთ სიტუაციაში, ხოლო  ოჯახის წევრებთან ილაპარაკოს. სოციალური შფოთვითი აშლილობისათვის, აგრეთვე დამახასიათებელია უარყოფითი, შეფასებითი ტიპის აზრები როგორებიცაა: „ნამდვილად სულელივით ვიქცევი“; „მათ არ მოვწონვარ“; „ახლა ნამდვილად ავურევ რამეს და ცუდად გავაკეთებ“ და ა.შ.

სოციალური შფოთვითი აშლილობა ქრონიკული დაავადებაა, რომელიც, ძირითადად, ადრეულ ასაკში გამოვლინდება ხოლმე და მნიშვნელოვან და მწვავე ემოციურ სტრესსა და ფუნქციურ გაუარესებას იწვევს. დაავადებამ შეიძლება ხელი შეუშალოს პიროვნებას აკადემიურ კარიერაში, სწავლაში, ინტერპერსონალურ ურთიერთობებში და ა.შ.

მკურნალობა

სოციალური შფოთვითი აშლილობის სამკურნალოდ ორივე ტიპის მეთოდი გამოიყენება - როგორც ფარმაკოლოგიური, ასევე  ფსიქოლოგიური თერაპიაც. ფარმაკოლოგიური ჩარევის შემთხვევაში სამი განსხვავებული კლასის მედიკამენტებს გამოიყენებენ, რომელთა ეფექტურობაც, მინიმუმ მოკლევადიან პერიოდში საკმაოდ მაღალია. ესენია: მონოამინ ოქსიდაზის ინჰიბიტორები, სეროტონინის უკუმიტაცების ინჰიბიტორები და მაღალი პოტენციის ბენზოდიაზეპინები.

გარდა ფარმაკოლოგიური ჩარევისა, სოციალური შფოთვითი აშლილობის სამკურნალოდ ეფქტურია, ასევე ქცევითი თერაპია და კოგნიტურ-ქცევითი თერაპია. მკურნალობისას ერთ-ერთ ყველაზე მნიშნელოვან ტექნიკას სისტემატური დესენსიტიზაცია და სოციალური უნარების ტრენინგი წარმოადგენს.

სადიაგნოსტიკო კრიტერიუმები DSM 5 - ის მიხედვით:

ა) ერთი ან ერთზე მეტი სპეციფიკური სოციალური სიტუაციის მძაფრი შიში, რომელშიც პიროვნებას უწევს უცნობ ადამიანებთან გამოჩენა ან დაშვება, რომ შესაძლოა აღმოჩნდეს სხვების დაკვირვების არეალში. პიროვნებას ეშინია, რომ მისი ქცევიდან გამომდინარე, მას აბუჩად აიგდებენ, დასცინებენ, შეურაცხყოფენ. მაგალითად, სოციალური ინტერაქცია (საუბარი მეორე ადამინთან), სიტყვით გამოსვლა სხვების წინაშე, ჭამა/დალევა სხვების თანდასწრებით.

ბ) პიროვნებას ეშინია, რომ მოიქცევა იმგვარად ან გამოხატავს შფოთვის სიმპტომებს ისე, რომ მიიღებს უარყოფით შეფასებას სხვებისგან (აბუჩად აგიდებენ, დასცინებენ, უარყოფენ) ან თავად მიაყენებს თავისი ქცევით სხვას შეურაცხყოფას.

გ) სოციალური სიტუაციები თითქმის ყოველთვის იწვევენ შიშს ან შფოთვას. (ბავშვების შემთხვევაში შიში ან შფოთვა შეიძლება გამოხატულ იქნეს ტირილით, უგუნებობით, გაყინვით, მშობელზე მიკრობით, დაპატარავებით, უუნარობით, ილაპარაკოს სოციალურ სიტუაიცებში).

დ) ხდება საშიში სიტუაციების თავიდან არიდება ან ითმენს უკიდურესი შფოთვისა და სტრესის ფონზე.

ე) პიროვნება გადამაეტებული შფოთვით და შიშით რეაგირებს სიტუაციიდან წამოსულ სახიფათო სტიმულზე (გასათვალისწინებელია სოციოკულტურული კონტექსტი). 

ვ) შიში, შფოთვა ან ამრიდებლური ქცევა არის მუდმივი და 6-დან მეტ თვემდე გრძელდება.

ზ) ამრიდებლური ქცევა, შფოთვა და სტრესი, რომელიც თან ახლავს საშიშ სოციალურ სიტუაციებს, კლინიკურად მნიშვნელოვან სტრესს იწვევს და  მნიშნელოვნად უშლის ხელს პიროვნების ნორმალურ ცხოვრების სტილს, პროფესიულ (აკადემიურ) საქმიანობას, სოციალურ ურთიერთობებსა და აქტივობებს ან არის მწვავედ გამოხატული სტრესი, რომელიც ფობიის ქონით არის გამოწვეული.

თ) შიში ან ამრიდებლური ქცევა არ არის გამოწვეული სხვადასხვა მედიკამენტის მიღების გვერდითი ეფექტის ან სხვა დაავადების შედეგად.

ი) პრობლემები არ არის გამოწვეული სხვა მენტალური პრობლემით და უნდა გამოირიცხოს მათი არსებობა (მაგ. პანიკური შეტევების დამართების შფოთვა- პანიკური აშლილობის შემთხვევაში ; აგორაფობია აგორაფობიის შემთხვევაში; განშორების შფოთვა განშორების შფოთვით აშლილობის შემთხვევაში;   სოციალური კომუნიკაციის პრობლემა აუტისტური სპექტრის აშლილობების შემთხვევაში; საჯარო გამოჩენის შიში ფიზიკური ნაკლის გამო - დისმორფოფობიკული აშლილობის შემთხვევაში, მეტყველების პრობლემები - ენის ბორძიკის ან ექსპერსიული მეტყველების პრობლემების დროს  - კომუნიკაციის აშლილობებში;  მეტყველების სურვილის არქონა - ოპოზიციურ-დევიანტური აშლილობის შემთხვევაში).

ვ) თუ სახეზე გვაქვს სხვა სამედიცინო მდგომარეობაც, მაგალითად, ენის ბორძიკი, პარკინსონის დაავადება, ჭარბწონიანობა, ცეცხლისგან დაწვა ან სხვა ტიპის ტრავმებისგან მიღებული ზიანი - ასეთ შემთხვევებში შიში, შფოთვა ან არიდება არ უნდა იყოს  დაკავშირებული ამ მდგომარეობებთან, უნდა იყოს გადაჭარბებული და ხანგრძლივი.

დამატებით დაზუსტებას მოითხოვს: არის თუ არა შიში შეზღუდული მხოლოდ საჯაროდ გამოსვლით ან საჯარო სიტყვით გამოსვლით.

დამატებით დაზუსტებას მოითხოვს: სელექციური მუტიზმი უნდა წარმოადგენდეს თანმიმდვრული უუნარობას რომ ილაპარაკოს სპეციფიკურ სოციალურ სიტუაციებში, რომლებშიც მოელიან რომ იალაპრაკებს (მაგ. სკოლა), მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა სხვა სიტიუაციებში ლაპარაკობდეს.

 

დოკუმენტური ფილმი სოციალურ შფოთვით აშლილობაზე

*** 

გამოყენებული ლიტერატურა: 

გერიგი; ზიმბარდო (2009) ფსიქოლოგია და ცხოვრება. თსუ, თბილისი

Kazdin, A. E. (Ed.) (2000). Encyclopedia of psychology. 8 Volume Set. Vol. 1

http://anxietytreatmentclinic.com/ - Social Anxiety Disorder (Social Phobia) DSM –V revisions; Retrieved from http://anxietytreatmentclinic.com/blog/social-anxiety-disorder-dsm-v/ 16.02.2015

 

კატეგორია: 
ავტორები: