ფსიქოთერაპია, ანუ ფსიქოლოგიური თერაპია არის თერაპიათა ჯგუფიდან ნებისმიერი, რომელიც გამოიყენება ფსიქოლოგიური აშლილობების სამკურნალოდ და ფოკუსირებულია კონკრეტულ აშლილობასთან დაკავშირებული არასწორი ქცევის, აზრების, აღქმებისა და ემოციების შეცვლაზე.
ფსიქოთერაპიის სამიზნეა ადამიანების მიერ მცდარად დასწავლილი სიტყვები, აზრები, ინტერპრეტაციები და უკუკავშირი, რომელიც ყოველდღიური ცხოვრების სტრატეგიებს განაპირობებენ. ამ თერაპიებს ახორციელებენ როგორც კლინიკური ფსიქოლოგები, ისე — ფსიქიატრები. არსებობს ფსიქოთერაპიის ხუთი ძირითადი სახე: ფსიქოდინამიკური, ბიჰევიორალური, კოგნიტური, ეგზისტენციალურ-ჰუმანისტური და ინტეგრაციულ-ეკლექტური.
ფსიქოდინამიკური მიდგომა ფსიქოლოგიურ პრობლემებს შინაგანი, დაუძლეველი ტრავმის ან კონფლიქტის გარეგან სიმპტომად მიიჩნევს. ფსიქოდინამიკოსი თერაპევტები ფსიქიკურ აშლილობებს „განმაკურნებელი საუბრით“ მკურნალობენ, რომლის დროსაც თერაპევტი ეხმარება პიროვნებას, რომ მან დაინახოს კავშირი თვალსაჩინო სიმპტომებსა და მათ შესაძლო გამომწვევ გადაუჭრელ დაფარულ კონფლიქტებს შორის.
ბიჰევიორალური თერაპია თავად ქცევას მკურნალობს, როგორც დარღვევას, რომელიც უნდა შეიცვალოს. აშლილობები განიხილება, როგორც დასწავლილი ქცევითი პატერნები და არა, როგორც ფსიქიკური დაავადების სიმპტომები. ქცევა შეიძლება შეიცვალოს სხვადასხვა გზით, მათ შორის, სასურველი და არასასურველი რეაქციების განმამტკიცებლების შეცვლით, გამომუშავებული რეაქციების ჩაქრობით და პრობლემის ეფექტურად გადაჭრის მოდელების უზრუნველყოფით.
კოგნიტური თერაპია ცდილობს ადამიანის აზროვნების ნაკადის რესტრუქტურიზაციას, რასაც პრობლემის მიზეზის შესახებ პიროვნების მიერ შექმნილი, ხშირად დამანგრეველი თვითდამარწმუნებელი დებულებების შეცვლით აღწევს. რესტრუქტურირებული კოგნიციები, თავის მხრივ, ცვლიან პიროვნების მიდგომას სიძნელეების განსაზღვრისა და ახსნისადმი, რაც ხშირად პრობლემების დაძლევის შესაძლებლობას იძლევა.
ეგზისტენციალურ-ჰუმანისტურ ტრადიციებზე აღმოცენებული თერაპიები პაციენტის ფასეულობებზე კონცენტრირდებიან და მიმართულნი არიან თვითაქტუალიზაციისაკენ, ფსიქოლოგიური ზრდისაკენ, უფრო შინაარსიანი პიროვნებათშორისი ურთიერთობების განვითარებისაკენ. ისინი არსებითად ჯანმრთელი ადამიანების ფუნქციონირების გაუმჯობესებაზე უფრო ფოკუსირდებიან, ვიდრე სერიოზული დარღვევების მქონე ინდივიდთა სიმპტომების კორექტირებაზე.
ინტეგრაციულ-ეკლექტური მიდგომა, სახელწოდებიდანაც ჩანს, რომ არ მოიაზრებს რომელიმე კონკრეტულ პოზიციას, რომლიდანაც თერაპევტი ხედავს პაციენტს. ამ მიდგომაში გაერთიანებულია სხვადასხვა მიმართულებიდან აღებული რაციონალური და მაქსიმალურად ეფექტური მეთოდები და მომენტები. მაგალითად, ერთ პაციენტთან მუშაობის პროცესში თერაპევტმა თერაპიული გარემოს შესაქმნელად ჰუმანისტური მიდგომისთვის ჩვეული ემპათია, უპირობო დადებითი დამოკიდებულება და კონგრუენტულობა შეიძლება გამოიყენოს, სიზმრების ანალიზი განახორციელოს ფსიქოდინამიკური ჩარჩოს მიხედვით და, საჭიროების შემთხვევაში, პაციენტს ღრმა კუნთური რელაქსაცია შეასწავლოს, რაც უკვე ბიჰევიორალური მიდგომის ტექნიკაა.
ისტორიული კონტექსტი
ფსიქოთერაპიას ხანგრძლივი და მდიდარიისტორია აქვს, რომლის სათავეებს ფსიქოლოგიური განკურნების პრაქტიკებში შეიძლება მივაკვლიოთ, რომლებსაც მაგები, ექიმბაშები და შემდგომში კი ფილოსოფოსი-მოძღვრები ახორციელებდნენ.
XIX საუკუნის პირველ ნახევარში გავლენიანი პოზიცია დაიკავა ფსიქიკური აშლილობებისადმი ძლიერმა ფსიქოსოციალურმა მიდგომამ, რომელსაც მორალურ თერაპიას უწოდებდნენ. ტერმინი მორალური ემოციურ და ფსიქოლოგიურ ფაქტორებს უფრო მოიაზრებდა, ვიდრე — ქცევის კოდექსს. მისი ერთ-ერთი ძირითადი პრინციპი იყო, რომ ინსტიტუციონალიზებულ პაციენტებს შეძლებისდაგვარად ნორმალურად უნდა მოპყრობოდნენ ისეთ გარემოში, რომელიც ნორმალურ სოციალურ ურთერთქმედებას წაახალისებდა და განამტკიცებდა, რაც მათ მართებული სოციალური და პიროვნებათშორისი კონტაქტის ბევრ შესაძლებლობას მისცემდა. ურთიერთობებს გულდასმით აწყობდნენ და უვლიდნენ.ინდივიდუალური ყურადღება ნათლად მიუთითებდა მართებული ურთიერთქმედებებისა და ქცევის დადებით შედეგებზე, ხოლო შეკავება და ჩაკეტილობა სრულიად გამორიცხული იყო.
მორალური თერაპიის პრინციპები სათავეს პლატონთან და უფრო ადრეული პერიოდიდან იღებს. მაგალითად, ჩვ. წ.-აღ.-მდე VI საუკუნეში, საბერძნეთში ქრონიკულად ავადმყოფი ადამიანები, მათ შორის, ფსიქოლოგიური აშლილობების მქონენი, ასკლეპიადთა ტაძრებში პოულობდნენ თავშესაფარს და დახმარებას. აქ მათ კარგად უვლიდნენ, მასაჟს უკეთებდნენ და დამამშვიდებელ მუსიკას ასმენინებდნენ. მსგავსი მოპყრობა მიღებული პრაქტიკა იყო შუა აღმოსავლეთის მუსულმანურ ქვეყნებშიც. თუმცა, მორალური თერპია, როგორც სისტემა, კარგად ცნობილი ფრანგი ფსიქიატრის ფილიპ პინელისა (Philippe Pinel, 1745–1826) და მისი კოლეგის, ჟან-ბაბტისტ პუსინის (Jean-Baptiste Pussin, 1746–1811) შრომებიდან იღებს სათავეს.
XIX საუკუნის შუა წლებიდან მორალური თერაპიის პოპულარობა შემცირდა თავშესაფრების რეფორმის შედეგად. ამ პერიოდში წინა პლანზ წამოვიდა ე.წ. მოძრაობა ფსიქიკური ჰიგიენისთვის, რომელსაც სათავეში დოროთეა დიქსი (Dorothea Dix, 802–1887) ჩაუდგა. მის სახელს უკავშირდება პაციენტებისადმი ჰუმანური მოპყრობის ნორმად დამკვიდრება.
მოგვიანებით ეს ადრეული მცდელობები მეცნიერულმა ფსიქოთერაპიამ ჩაანაცვლა, რომლის ჩამოყალიბებასაც ბევრმა ცნობილმა პიროვნებამ მოუმზადა საფუძველი. მათ შორის იყო ფრანც მესმერი, რომელმაც შექმნა მესმერიზმი (მკურნლობის მეთოდი, რომელსაც ამერიკული ფსიქოთერაპიის დასაწყისად მიიჩნევენ), ბერჰნეიმი, ჟან-მარტინ შარკო, პიერ ჟანე და ოპსებ ბროიერი. ამ ადამიანებმა განუზომელი წვლილი შეიტანეს ჰიპნოზისა და შთაგონების ძალის გაგებაში. მესმერმა მუშაობა XVIII საუკუნის ბოლოსკენ დაიწყო, დანარჩენი პრაქტიკოსები XIX საუკუნეში მოღვაწეობდნენ.
***
გამოყენებული ლიტერატურა:
გერიგი, რ. და ზიმბარდო, ფ. (2009). ფსიქოლოგია და ცხოვრება, თბილისი, თსუ.
Barlow, D., H., and Durand, V. M. (2014). Abnormal Psychology: An Integrative Approach, 7th ed. Cengage Learning.
Kazdin, A. E. (Ed.) (2000). Encyclopedia of psychology. 8 Volume Set. Vol. V.