ჰუმანისტური მიდგომა

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Humanistic Perspective

ფსიქოლოგიური მოდელი, რომელიც აქცენტს ინდივიდის ფენომენურ სამყაროზე, რაციონალური არჩევანის გაკეთებისა და მაქსიმალური პოტენციალის განვითარების თანდაყოლილ უნარზე აკეთებს.

 XX საუკუნის შუა წლებიდან ფსიქოლოგთა ერთმა ჯგუფმა მანამდე არსებული მიდგომებისგან სრულიად განსხვავებული მიდგომა განავითარა, რომელიც ამერიკულ ფსიქოლოგიაში ე. წ. მესამე ტალღად იქცა. 1950-იან, 1960-იან და 1970-იან წლებში ჰუმანისტმა თეორეტიკოსებმა ამერიკულ ფსიქოლოგიას უფრო ოპტიმისტური და თვითმადეტერმინირებელი ხედვა შესთავაზეს. ჰუმანისტი თეორეტიკოსები, როგორებიც იყვნენ კარლ როჯერსი და აბრაჰამ მასლოუ, ამტკიცებდნენ, რომ ადამიანები უფრო მაღალი მიზნებით არიან მოტივირებულნი, რაც მათ სხვა ცხოველებისგან განასხვავებს. ჰუმანისტური პოზიციიდან უპირველესი (თუ ერთადერთი არა) მოტივატორი საკუთარი თავის აქტუალიზაციისკენ ანუ თვითაქტუალიზაციისკენ და სრულყოფისკენ სწრაფვაა (McAdams, 2009).

თვითაქტუალიზაციისკენ სწრაფვა ხანდახან კონფლიქტში მოდის საკუთარი და სხვების მოწონების მოთხოვნილებასთან, განსაკუთრებით მაშინ, როცა ადამიანი გრძნობს, რომ მოწონების დამსახურებისთვის გარკვეულ მოვალეობებსა თუ პირობებს უნდა აკმაყოფილებდეს. კარლ როჯერსი ხაზს უსვამს უპირობო დადებითი განწყობის მნიშვნელობას ბავშვების აღზრდის დროს. იგი თვლიდა, რომ ბავშვებმა უნდა იგრძნონ, რომ ისინი ყოველთვის ეყვარებათ და მოეწონებათ, მიუხედავად მათი შეცდომებისა და ცუდი ქცევისა; რომ მათ არ სჭირდებათ თავისი მშობლების სიყვარულის დამსახურება. მისი რეკომენდაციით, როდესაც ბავშვი ცუდად იქცევა, მშობლებმა ხაზი უნდა გაუსვან, რომ მათ ქცევა არ მოსწონთ და არა — თვითონ ბავშვი. უპირობო დადებითი განწყობა მნიშვნელოვანია ზრდასრულ ასაკშიც, რადგანაც ნერვიულობა იმის შესახებ, მოვწონვართ სხვებს თუ არა, ხელს უშლის თვითაქტუალიზაციას. როგორც მოზრდილ ადამიანს, თქვენ გჭირდებათ გასცეთ და მიიღოთ უპირობო დადებითი განწყობა იმ ადამიანებისაგან, რომლებთანაც ახლოს ხართ. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, საჭიროა გრძნობდეთ უპირობო დადებით თვითპატივისცემას ანუ საკუთარი თავის მიმღებლობას, მიუხედავად იმ სისუსტეებისა, რომელთა შეცვლას შეიძლება ცდილობთ.

აღსანიშნავია, რომ სწორედ როჯერსმა დანერგა თერაპიულ ურთიერთობაში ახალი ტერმინოლოგია. კერძოდ, მან ჩააცვლა ფსიქოდინამიკური და ბიჰევიორისტული ტრადიციიდან მომდინარე ტერმინები „თერაპევტი-პაციენტი“ ტერმინებით „კონსულტანტი-კლიენტი“ იმის ხაზგასასმელად, რომ მათი ურთიერთობა თანასწორი ადამიანების ურთიერთობაა და კლიენტს შესწევს უნარი და ძალა, თავად განსაზღვროს, საით წავიდეს და რა გადაწყვეტილებამდე მივიდეს. ამით როჯერსმა უარყო თერაპევტის, როგორც ჭკუის დამრიგებლის, მრჩევლის (ფსიქოდინამიკაში) ან მასწავლებლის (ბიჰევიორიზმში) როლი.

მოკლედ თუ შევაჯამებთ, როჯერსის თეორია 19 ძირითად დებულებას ეყრდნობა (Rogers, 1951):

  1. ყველა ინდივიდი (ორგანიზმი) გამოცდილების უწყვეტად ცვალებად სამყაროში (ფენომენურ ველში) ცხოვრობს, რომლის ცენტრიც თავად არის.
  2. ორგანიზმი ისე რეაგირებს ველზე, როგორც აღიქვამს და განიცდის მას. ეს პერცეპტული ველი არის მისი „რეალობა“.
  3. ორგანიზმები თავიანთ ფენომენურ ველზე რეაგირებენ, როგორც ერთი ორგანიზებული მთლიანი.
  4. მთლიანი პერცეპტული ველის ნაწილი თანდათანობით გამოდიფერენცირდება, როგორც მე.
  5. გარემოსთან, კერძოდ, სხვებთან შეფასებითი ინტერაქციის შედეგად, ყალიბდება მეს სტრუქტურა — მეს მახასიათებლებისა და ურთიერთობების პერცეფციების ორგანიზებული, ფლუიდური, მაგრამ თანმიმდევრული კონცეპტუალური პატერნი, რომელსაც თან ახლავს ამ ცნებასთან ასოცირებული ღირებულებები.
  6. ორგანიზმს სწრაფვის ერთი ბაზისური ტენდენცია აქვს, ესაა გამოცდილების მიმღები ორგანიზმის აქტუალიზაცია, შენარჩუნება და გაუმჯობესება.
  7. ქცევის შესწავლის საუკეთესო საწყისი წერტილი ინდივიდის შინაგანი სივრცეა.
  8. ქცევა, ძირითადად, ორგანიზმის მიერ განხორციელებული მიზნით მართული მცდელობაა, დაიკმაყოფილოს მოთხოვნილებები იმ ველში, რომელსაც აღიქვამს.
  9. ასეთ მიზნით მართულ ქცევას თან ახლავს და, ზოგადად, ხელს უწყობს ემოციები; კონკრეტული სახის ემოციები, რომლებიც ორგანიზმის შენარჩუნებისა და გაუმჯობესებისთვის განხორციელებული ქცევის სუბიექტურად აღქმულ მნიშვნელოვნებას ახლავს თან.
  10. ღირებულებებს უშუალოდ ორგანიზმი განიცდის და ზოგ შემთხვევაში, გარედან ინტროეცირებული ანუ სხვებისგან აღებული ღირებულებები გვაქვს, მაგრამ მათ დამახინჯებულად აღვიქვამთ — ისე, თითქოს მათ უშუალოდ განვიცდიდეთ.
  11. ინდივიდის ცხოვრებაში არსებული გამოცდილება შეიძლება იყოს: (ა) მესთან მიმართებაში სიმბოლიზებული, აღქმული და ორგანიზებული; (ბ) იგნორირებული, ვინაიდან ინდივიდი ვერ ხედავს მეს სტრუქტურასთან  მის მიმართებას; (3) უარყოფილი სიმბოლიზაცია, ან მოცემული დამახინჯებული სიმბოლიზაცია, რადგან გამოცდილება არ შეესატყვისება მეს სტრუქტურას.
  12. ორგანიზმისთვის ჩვეული ქცევის გზების უმეტესობა მისი მე-კონცეფციის შესატყვისია.
  13. ზოგ შემთხვევაში, ქცევა შეიძლება ორგანული გამოცდილებებით და მოთხოვნილებებით იყოს განპირობებული, რომლებიც არ იყო სიმბოლიზებული. ასეთი ქცევა, შესაძლოა, არ შეესატყვისებოდეს (არაკონსისტენტური იყოს) მეს სტრუქტურას, მაგრამ ასეთ შემთხვევებში ინდივიდი „არ ფლობს“ ქცევას.
  14. ფსიქოლოგიურ შეგუებასთან მაშინ გვაქვს საქმე, როცა ისეთი მე-კონცეფცია გვაქვს, რომელშიც ორგანიზმის ყველა სენსორული და ვისცერალური გამოცდილება ასიმილირდება ან შეიძლება ასიმილირდეს მე-კონცეფციასთან სიმბოლურ დონეზე შესაბამის ურთიერთობაში.
  15. ფსიქოლოგიურ შეუგუებლობასთან მაშინ გვაქვს საქმე, როცა ორგანიზმი უარყოფს სენსორული და ვისცერალური გამოცდილების მნიშვნელობის გაცნობიერებას, რომელიც საბოლოოდ არ სიმბოლიზირდება და ორგანიზდება მეს სტრუქტურის გეშტალტში. როცა ასეთი ვითარება იქმნება, არსებობს ბაზისური ან პოტენციური ფსიქოლოგიური დაძაბულობა.
  16. ნებისმიერი გამოცდილება, რომელიც მეს სტრუქტურის ორგანიზაციის არაკონსისტენტურია, შეიძლება აღვიქვათ, როგორც საფრთხე და რაც უფრო ბევრია ასეთი აღქმა, მით მეტად რიგიდულად არის ორგანიზებული მეს სტრუქტურა საკუთარი თავის შესანარჩუნებლად.
  17. გარკვეულ პირობებში, რომლებიც საერთოდ არ შეიცავენ საფრთხეს მეს სტრუქტურისადმი, არაკონსისტენტური გამოცდილებები შეიძლება აღქმული და შესწავლილ იქნეს, ხოლო მეს სტრუქტურა გადაისინჯოს მისი ასიმილირებისა და ასეთი გამოცდილებების მასში ჩართვის მიზნით.
  18. როცა ინდივიდი ყველა თავის სენსორულ და ვისცერალურ გამოცდილებას აღიქვამს და ერთი მთლიან თანმიმდევრულ და ინტეგრირებულ სისტემაში აერთიანებს, მაშინ მისი გაგება უფრო შესაძლებელია და უფრო მიღებულია სხვების მიერ, როგორც ცალკეული ინდივიდი.
  19. თუ ინდივიდი საკუთარი ორგანული გამოცდილებების უმრავლესობას აღიქვამს და იღებს მეს სტრუქტურაში, ის აღმოაჩენს, რომ ახდენს ღირებულებათა არსებული სისტემის ჩანაცვლებას. ამას დამახინჯებულად სიმბოლიზირებულ ინტროექციებზე დაყრნობით აკეთებს. ეს მიმდინარე ორგანიზმული პროცესია.

კარენ ჰორნი კიდევ ერთი ცენტრალური თეორეტიკოსია, რომლის იდეებმაც განაპირობა ჰუმანისტური ფსიქოლოგიის დაფუძნება. ჰორნი დარწმუნდა, რომ ადამიანებს აქვთ „ნამდვილი მე”, რომელიც აქტუალიზაციისათვის ხელშემწყობ ისეთ გარემო პირობებს მოითხოვს, როგორიცაა: სითბოს ატმოსფერო, სხვებისკეთილგანწყობა და მშობლების სიყვარული ბავშვის,როგორც „კონკრეტული ინდივიდის“ მიმართ. როდესაც არ არსებობს აღზრდის ასეთიხელშემწყობი პირობები, ბავშვი ავითარებს ბაზისურშფოთვას, რომელიც აკავებს რეალური გრძნობებისგამოხატვის სპონტანურობას და ხელს უშლისსხვებთან ეფექტურ ურთიერთობას. თავისი ბაზისური შფოთვის დასაძლევად ინდივიდები პიროვნებათშორის ან ინტრაფსიქიკურ დაცვებს მიმართავენ. პიროვნებათშორისი დაცვები წარმოქმნიან მოძრაობას სხვებისკენ (გადაჭარბებული თანხმობისათვის მზაობა და თვითშეკავებით მოქმედებები), სხვების წინააღმდეგ (აგრესიული, ამპარტავანი, ან ნარცისისტული გადაწყვეტილებები) ან სხვებისაგან (განკერძოებულობა, გარიყულობა). ინტრაფსიქიკური დაცვებით ყალიბდება არარეალური იდეალიზებული მეს ხატი, რომელსაც შედეგად მოსდევს „დიდების ძიება“ ამ ხატის გასამართლებლად და სიამაყის სისტემა, რომელიც ექვემდებარება ქცევის რიგიდულ წესებს, რათა შეესაბამებოდეს ამ გრანდიოზულ თვითშეფასებას. ასეთი ადამიანები ხშირად „უნდას ტირანიის“ ქვეშ ცხოვრობენ და საკუთარი თავის მიმართ წაყენებული აქვთ ისეთი მოვალეობები, როგორიცაა: „მე სრულყოფილი, კეთილშობილი, მიმზიდველი, მამაცი უნდა ვიყო“ და ა.შ. ჰორნის აზრით, ჰუმანისტური თერაპიის მიზანი ინდივიდისთვის თვითრეალიზაციის მიღწევაში დახმარება და ხელი შეეწყო ადამიანის ბუნებაში თანდაყოლილი კონსტრუქციული ძალებისთვის ხელის შეწყობა იყო, რომლებიც ეხმარებიან თვითგანხორციელებისაკენ სწრაფვას.

თვითაქტუალიზაცია ანუ ნამდვილი მეს მიმართულებით პროგრესის აქცენტირება  მასლოუს, როჯერსისა და ჰორნის თეორიების მნიშვნელოვანიასპექტია. გარდა ამისა, ჰუმანისტური თეორიები აღიწერა, როგორც ჰოლისტური, დისპოზიციური, ფენომენოლოგიური და ეგზისტენციალური.

ჰუმანისტური თეორიები ჰოლისტურია, რადგან ადამიანების ცალკეულ ქმედებებს მთლიანი პიროვნებების ტერმინებით ხსნიან. ადამიანები არ განიხილებიან, როგორც ჯამი ცალკეული ნიშნებისა, რომლებიც სათითაოდ ახდენენ სხვადასხვაგვარ გავლენას ქცევაზე. მასლოუს აზრით, ადამიანები არსებითადმოტივირებულნი არიან მოთხოვნილებების იერარქიის უფრო მაღალი დონეებისაკენ, თუ უფრო დაბალ დონეზე აღმოცენებულმა დეფექტებმა არ ჩამოქაჩეს ისინი დაბლა.

ჰუმანისტური თეორიები დისპოზიციურია, რადგან ისინი ადამიანის თანდაყოლილ თვისებებზე ფოკუსირდება, რომლებიც მთავარ გავლენას ახდენენ ქცევის მიმართულებაზე. სიტუაციური ფაქტორები განიხილება, როგორც სირთულეები და ბარიერები (როგორც ძაფები, რომლებიც ქვემოთ აჩერებენ მიბმულ ბუშტებს). როცა აქტუალიზაციის ტენდენცია გათავისუფლდება უარყოფითი სიტუაციური პირობებისაგან, მან აქტიურად უნდა წარმართოს ადამიანები სასარგებლო, დადებითად მოქმედი სიტუაციების არჩევისაკენ. ჰუმანისტური დისპოზიციები სპეციფიკურად მიმართულია კრეატულობისა და ზრდისაკენ. ყოველ ჯერზე, როდესაც ჰუმანისტური დისპოზიცია ხორციელდება, პიროვნება ოდნავ იცვლება, ასე რომ, დისპოზიცია არასოდეს გამოიხატება ორჯერ, ერთი და იმავე სახით. დროთა განმავლობაში ჰუმანისტურ დისპოზიციებს მიჰყავთ ინდივიდი თვითაქტუალიზაციისაკენ, ამ მოტივების ყველაზე წმინდა გამოხატვისკენ.

ჰუმანისტური თეორიები ფენომენოლოგიურია, რადგან ისინი ხაზს უსვამენ ინდივიდის თვალსაზრისს და რეალობის სუბიექტურ ხედვას და არა დამკვირვებლისა თუ თერაპევტის ობიექტურ მოსაზრებას. ასე რომ, ჰუმანისტური ფსიქოლოგი ყოველთვის ცდილობს ყოველი ადამიანის უნიკალური შეხედულების დანახვას. ეს ხედვა აწმყოზე ორიენტირებული ხედვაცაა; წარსული გავლენები მნიშვნელოვანია მხოლოდ იმ თვალსაზრისით, რომ მათ ადამიანი დღევანდელ სიტუაციამდე მოიყვანეს, ხოლო მომავალიმისაღწევიმიზნებია.

ამრიგად, ჰუმანისტური თეორიების მომხრეები აქცენტს აკეთებენ თითოეული ინდივიდის სწრაფვაზე თვითაქტუალუზაციისკენ, თუმცა აღიარებენ, რომ ადამიანების წქარმატება ამმიზნის მიღწევაში, ნაწილობრივ, განსაზღვრულია მათი გარემოს რეალიზებით.

*** 

გამოყენებული ლიტერატურა: 

გერიგი, რ. და ზიმბარდო, ფ. (2009). ფსიქოლოგია და ცხოვრება, თბილისი, თსუ.

ხეჩუაშვილი, ლ. (2015). პიროვნება: შესავალი პიროვნების ფსიქოლოგიაში, ნაწილი II. თსუ, თბილისი.

McAdams, D. P. (2009). The Person: An Introduction to the Science of Personality Psychology, 5th ed. USA: John Wiley & Sons, Inc.

Rogers, C. (1951). Client-centered Therapy: Its Current Practice, Implications and Theory. London: Constable: Sage.

 

კატეგორია: 
ავტორები: