თვითაქტუალიზაცია

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Self-actualization

პიროვნების ფსიქოლოგიის ცნება, რომელიც აღნიშნავს ადამიანის მუდმივ სწრაფვას საკუთარი პოტენციალის რეალიზაციისა და თანდაყოლილი ნიჭისა და უნარების განვითარებისკენ.

ტერმინი აქტიურად გამოიყენება პიროვნებისადმი ჰუმანისტურ მიდგომაში, ძირითადად, აბრაჰამ მასლოუსა (Abraham Maslow) და კარლ როჯერსის (Carl Rogers) ნაშრომებში. ჰუმანისტური თეორიის წარმომადგენლები თვლიან, რომ ქცევის მოტივაცია მომდინარეობს პიროვნების უნიკალური (როგორც თანდაყოლილი, ისე შეძენილი) ტენდენციიდან, განვითარდეს და შეიცვალოს თვითაქტუალიზაციის მიზნისკენ მიმავალი დადებითი მიმართულებებით. თვითრეალიზაციისკენ სწრაფვა კონსტრუქტული წარმმართველი ძალაა, რომელიც, ზოგადად, ყოველ ადამიანს დადებითი ქცევისა და მეს სრულყოფისაკენ მიმართავს. თუმცა, აქვე უნდა ითქვას, რომ თვითაქტუალიზაციისკენ სწრაფვა ზოგჯერ კონფლიქტში მოდის საკუთარი და სხვების მოწონების მოთხოვნილებასთან, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ადამიანი გრძნობს, რომ მოწონების დამსახურებისთვის გარკვეულ მოვალეობებსა თუ პირობებს უნდა აკმაყოფილებდეს.

მასლოუ თვითაქტუალიზაციას მოთხოვნილებების იერარქიის მწვერვალში ათავსებდა. ის თვლიდა, რომ იერარქიის მწვერვალზე იმყოფებიან ადამიანები, რომლებიც გასცდნენ ელემენტარულ იადამიანური მოთხოვნილებების ფარგლებს საკუთარი პოტენციალის სრული განვითარებისკენ სწრაფვიდან ანუ თვითაქტუალიზაციიდან გამომდინარე. ასეთი თვითაქტუალიზირებული პიროვნება, სხვა დადებითი თვისებების გარდა, კარგად იცნობს საკუთარ თავს, ესმის საკუთარი თავის და ისეთად იღებს მას, როგორიც არის. სოციალურად გულისხმიერია, შემოქმედებითია, თავისუფალია, ღიაა სიახლეებისა და გამოწვევებისადმი.

თვითაქტუალიზაციის ცნებას ცენტრალური ადგილი უკავია კარლ როჯერსის ჰუმანისტურ თეორიაში. როჯერსი თვლის, რომ ადამიანს (ისევე, როგორც სხვა ნებისმიერ ცოცხალ არსებას) აქვს ზრდისა და განვითარების თანდაყოლილი, ბიოლოგიური ტენდენცია. ეს ტენდენცია ლოკალიზებულია ორგანიზმის, როგორც ერთი მთლიანის, დონეზე და განხილულია, როგორც ერთადერთი, ბაზისური მოტივაციური ძალა, რომელიც ყოველ ადამიანს საკუთარი უნიკალური პოტენციალის გაშლა-რეალიზაციისკენ ამოძრავებს (Gillon, 2007). ეს შინაგანი ტენდენცია იმთავითვე პოზიტიური და ღირებული იმპულსია (Demorest, 2005)

ჯანსაღი განვითარებისკენ სწრაფვა არ არის დამთრგუნველი ძალა, რომელიც თავის გზაზე ნებისმიერ დაბრკოლებას აცამტვერებს. როჯერსი მას განსაზღვრავს, როგორც „მიმართულებით ტენდენციას, რომელიც აშკარაა ყველა ორგანულ და ადამიანურ სიცოცხლეში — ლტოლვა განვრცობისკენ, გაფართოვებისკენ, განვითარებისკენ, მომწიფებისკენ, ორგანიზმის ან მეს ყველა შესაძლებლობის გამოხატვისა და აქტივირებისკენ“ (Rogers, 1961, გვ. 351). ეს არის მეტად დიფერენცირებულობის და ავტონომიის, თვითრეგულაციისა და კონტროლის ტენდენცია ნებისმიერ სიტუაციაში. ეს არის თავისუფლად მოქმედი ძალა, რომელიც არ არის შესუსტებული არც წარსულის მოვლენებით და არც აწმყოს პირობითობებით.

ზრდის ხელმშემწყობი, მიმართულების მიმცემი ტენდენციის კონცეფცია არ არის უჩვეულო პიროვნების ფსიქოლოგიური თეორიებისთვის. მიუხედავად ამისა, თავად თვითაქტუალიზაციის ტენდენცია ხშირად არასწორად ესმით, როგორც კაცობრიობისა და მისი საფუძვლების გულუბრყვილო ოპტიმისტული ხედვა. მართალია, აქტუალიზაციის ტენდენცია უზრუნველყოფს ორგანიზმის პოტენციალის მაქსიმიზაციისკენ ბიძგის მიმცემ სანდო და კონსტრუქციულ ძალას, ეს დებულება თავისთავად არ მოიაზრებს მის თანდაყოლილ სიკარგეს. აქ ერთმანეთისგან უნდა განვასხვავოთ ისეთი მორალური შეფასება, როგორიცაა სოციალური კონსტრუქტი და უბრალოდ კონსტრუქციული ზრდის თანდაყოლილი ტენდენცია (რომელიც, გარკვეულ კონტექსტში, შეიძლება ისეთი ქცევებისა და მოქმედებების მამოტივირებელი გახდეს, რომლებიც სხვა კონტექსტიდან უკიდურესად ცუდად იქნეს აღქმული) (Gillon, 2007).

აქტუალიზაციის ცნება როჯერსისთვის, ასევე, გულისხმობს ორგანიზმის ტენდენციას, მარტივი არსებიდან რთულ არსებად გაიზარდოს, დამოკიდებული არსებობიდან დამოუკიდებელ ყოფაში გადანაცვლდეს, ფიქსაციიდან და რიგიდულობიდან გადავიდეს შეცვლის შესაძლებლობისა და გამოხატვის თავისუფლების მდგომარეობაში. ცნება, ასევე, მოიცავს თითოეული ადამიანის სწრაფვას, დაიკმაყოფილოს მოთხოვნილებები ანუ შეიმციროს დაძაბულობა, თუმცა, ცნებაში, განსაკუთრებით, ხაზგასმულია ის სიამოვნებები და უსიამოვნებები, რომლებსაც ორგანიზმის ზრდის ხელშემწყობი აქტივობა/მოქმედება იწვევს.

*** 

გამოყენებული ლიტერატურა:  

გერიგი, რ. და ზიმბარდო, ფ. (2009). ფსიქოლოგია და ცხოვრება, თბილისი, თსუ.

ხეჩუაშვილი, ლ. (2015). პიროვნება: შესავალი პიროვნების ფსიქოლოგიაში, ნაწილი II. თსუ, თბილისი.

Demorest, A. (2005). Psychology's Grand Theorists: How Personal Experience Shaped Professional Ideas. Mahwah, New Jersey; London Associates, Publishers: Lawrence Erlbaum.

Gillon, E. (2007). Person-Centred Counselling Psychology: An Introduction. Los Angeles, London, New Dehli, Singapore: Sage Publications.

Rogers, C. R. (1961). On Becoming a Person: a Therapist’s View of Psychotherapy. Boston: Houghton Mifflin.

კატეგორია: 
ავტორები: