კოლექტიური უსაფრთხოება

Collective Security

საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების უნივერსალური სისტემის მოდელი, რომელიც საერთაშორისო ურთიერთობების თვისებრივ შეცვლას ითვალისწინებს. კ. უ–ის დოქტრინის მიხედვით, უსაფრთხოების დილემის გადალახვა და ომის თავიდან აცილება სახელმწიფოებს არა ძალთა წონასწორობის, არამედ საერთაშორისო ინსტიტუტების ერთობლიობის შექმნით ძალუძთ. ამ ინსტიტუტების მეშვეობით სახელმწიფოებს შეუძლიათ ერთობლივ ქმედებებს მიმართონ იმ ქვეყნების წინააღმდეგ, რომლებიც სხვების დამოუკიდებლობასა და ტერიტორიულ მთლიანობას ემუქრებიან. კ. უ–ის არსი გამოიხატება დევიზით „ერთი ყველასათვის, ყველა ერთისათვის“. კ. უ–ის დოქტრინის საფუძველზე XX ს–ის პირველ ნახევარში აშშ–ის პრეზიდენტ უილსონის ინიციატივით შეიქმნა უნივერსალური საერთაშორისო ორგანიზაცია – ერთა ლიგა, რომელმაც საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების დამყარება ვერ შეძლო და თავიდან ვერ აირიდა მეორე მსოფლიო ომი. ერთა ლიგის შექმნის მიზანი იყო კოლექტიური, მუდმივი და უნივერსალური ღონისძიებებით აგრესორი ქვეყნების დასჯა, რაც აგრესორის დაშინებასა და წესრიგის აღდგენას ითვალისწინებდა. მანჯურიისა (1931) და აბისინის (1935) კრიზისებმა ერთა ლიგის ავტორიტეტი საფუძვლიანად შეარყია. კ. უ–ის სისტემის შექმნის მეორე მცდელობა იყო გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ჩამოყალიბება (გაეროს) 1945 წელს. მაგრამ რიგი მიზეზების გამო (მათ შორის, გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრებისათვის ვეტოს უფლების მინიჭების მიზეზით) კ. უ–ის სისტემის შექმნა ვერ მოხერხდა. დღემდე საერთაშორისო ურთიერთობების თეორეტიკოსების კამათის საგანია ის, თუ რა გახდა კ. უ–ის სისტემის შექმნის განუხორციელებლობის მიზეზი – იდეის თეორიული ნაკლოვანებები თუ კონკრეტული ისტორიული მცდელობების ხარვეზები.

***

ტერმინის პირველწყარო:  ​

​სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი. (2004) სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი. თბილისი: ლოგოს პრესი

ავტორები: