ძირითადი ფასეულობების მიმართ საფრთხის არარსებობა. სახელმწიფოსთან მიმართებაში უ–ის ცნება გულისხმობს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, ეროვნული იდეოლოგიისა და კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნებას. საერთაშორისო ურთიერთობებში უ. ტრადიციულად განიხილება, როგორც სახელმწიფოს უზენაესი მიზანი, ხოლო ნეორეალიზმი უ–ს საერთაშორისო ურთიერთობების მთავარ თემად მიიჩნევს. სახელმწიფოს სწრაფვა აბსოლუტური უ–ისაკენ ბადებს ე.წ. უსაფრთხოების დილემას, რასაც მინიმუმამდე დაჰყავს აბსოლუტური უ–ის მიღწევის ალბათობა. ტრადიციულად უ. დაკავშირებული იყო სამხედრო ძალასთან, ძლიერებასთან. ცივი ომის დასრულების შემდეგ საერთაშორისო ურთიერთობების მკვლევრებმა საჭიროდ მიიჩნიეს უ–ის ცნების გაფართოება და მის ანალიტიკურ ჩარჩოებში ეკონომიკური, საზოგადოებრივი, გარემოს დაცვითი, ინფორმაციული და სხვა სახის უ–ის არატრადიციული სფეროების შეტანა (იხ. აგრეთვე ეროვნული უსაფრთხოება). საერთაშორისო ურთიერთობებში ურთიერთდამოკიდებულების ზრდისა და გლობალიზაციის გავლენით წინ წამოიწია არა ცალკეული სახელმწიფოს, არამედ საერთაშორისო, ანუ საერთო უ–ის პრობლემატიკამ. თუმცა, ჯერჯერობით, საერთაშორისო ურთიერთობებში სახელმწიფოს, როგორც უ–ის მთავარ გარანტს, ალტერნატივა არ გააჩნია. ვერც საერთაშორისო ეკონომიკური აქტორები და ვერც საერთაშორისო სამოქალაქო საზოგადოება ცალკეული ადამიანების უ–ის დაცვას ვერ ახერხებს ისე, როგორც ეს ძალუძს სახელმწიფოს, რომელიც ძალის ლეგიტიმური გამოყენების მონოპოლიას ინარჩუნებს და სამხედრო ძალითაცაა აღჭურვილი.
***
ტერმინის პირველწყარო:
სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი. (2004) სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი. თბილისი: ლოგოს პრესი