შენახვა

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Storage

კოდირებული ინფორმაციის მეხსიერებაში შეკავება გარკვეული პერიოდით.

თუ ინფორმაცია აღბეჭდილია მეხსიერებაში, მისი შენახვა დროის გარკვეული პერიოდის განმავლობაში მოხდება. შენახვის პროცესში თავის ტვინის სტრუქტურის ხანმოკლე და ხანგრძლივი ცვლილებები ხდება.

მეხსიერებაში მასალის შენახვის მრავალგვარი მოდელი არსებობს. არის მოსაზრება, რომ ინფორმაცია სემანტიკურად არის წარმოდგენილი ცნებებისა და მათი იერარქიული სტრუქტურის ან პროტოტიპების სახით. ასევე, არსებობს მეხსიერებაში მასალის შენახვის სემანტიკური  სქელის მოდელები. ეს მოდელები წარსულის მეხსიერებაში ასახვის რთული მოდელებია. მათში წარმოდგენილია როგროც ცალკეული ცნებები, ისე — მათ შორის კავშირები. ეს კავშირები კოგნიტური პროცესების საფუძველზე აღმოცენდებიან და თავისებურად, სპეციფიკურად ასახავენ საგნობრივ სამყაროში ობიექტურად არსებულ ურთიერთმიმართებებს. ცხადია, მეხსიერებაში იმდენი სემანტიკური მიმართება შეიძლება წარმოიქმნას, რამდენი სახესხვაობაც არსებობს ობიექტურ სინამდვილეში. ეს კი უსასრულოდ დიდი სიმრავლე შეიძლება იყოს, რომელიც მოიცავს როგორც მარტივ (მაგალითად, დანასა და ჩანგალს შორის მიმართება), ისე — რთულ მიმართებებსაც (მაგალითად, მიზეზ-შედეგობრივი მიმართება ლინზასა და ცეცხლს შორის). ამ მოდელის ავტორთა მიზანი იმის გარკვევა იყო, როგორ ხდება მეხსიერებაში ამ მრავალგვარი მიმართებების ისე შენახვა, რომ ნებისმიერ დროს შესაძლებელი იყოს მათი სარწმუნოდ მოგონება. ეს მიდგომა კოგნიტური ეკონომიის პრინციპს გამოკვეთს.

სემანტიკური ქსელის მოდელში ცნებები გამოიხატება კვანძების სახით (იხ. სურათი), მათი შემაერთებელი ხაზები კი მიმართებებს აღნიშნავენ. ცნებებისა და მათ შორის მიმართებების სიმრავლე წარმოქმნის ურთიერთდაკავშირებულ ბადეს, რომელიც მოვლენის შინაარსს, მის მნიშვნელობას აბსტრაქტული ფორმით გამოხატავს. სემანტიკური ქსელის მოდელები ერთმანეთისგან იმითაც განსხვავდება, თუ რა მიმართების საფუძველზე იქმნება ეს კავშირები.

  • ყველაზე პირველი და მარტივი სემანტიკური ქსელის მოდელი კოინზსა და ქვილიანს ეკუთვნით. ამ მოდელის ძირითადი კომპონენტებია: ელემენტები — ცნებები ანუ გარკვეული ობიექტების, იდეების ან მოვლენების შესაბამისი სტრუქტურები, თვისებები — სტრუქტურები, რომლებიც ახასიათებს ელემენტებს და ისრები ანუ კავშირები. ყოველი ცნება იმთავითვე მიმართებებითა და მნიშვნელობებით დატვირთული არ შემოდის მეხსიერებაში. ის ცოდნა, რომელიც მას სემანტიკური ქსელების სახით ხვდება, გარკვეულ ადგილს აკუთვნებს მნიშვნელობათა სისტემაში. მაგალითად, როცა ბავშვი გაიგებს, რომ ზვიგენი თევზია, ხოლო თევზის შესახებ სემანტიკურ ველში აქვს მოცემული თევზის თვისებები (ცურავს, ლაყუჩები აქვს და ა. შ.), ზვიგენი ხდება თევზის გვარის ერთ-ერთი კონკრეტული წარმომადგენელი, რომელსაც თავისი სპეციფიკური ნიშნები აქვს.
  • არსებობს განსხვავებული სირთულის პროპოზიციული მოდელები. კოლინზმა და ლოფტუსმა აქტივაციის გავრცელების მოდელი წარმოადგინეს და სემანტიკური სტრუქტურის პრინციპად სემანტიკური მსგავსება აიღეს. ამ მიდგომის მიხედვით, ცნებები მით უფრო მსგავსი და მონათესავეა, რაც მეტი კავშირებია მათ შორის. ქვილიანის მარტივ ბადესთან შედარებით, ეს მოდელი ბევრ და სხვადასხვაგვარ კავშირსა და მიმართებას მოიცავს კომპონენტებს შორის. ასეთია, მაგალითად, პრედიკატორული მიმართება, რომელშიც ორი ან მეტი ცნება ზმნით უკავშირდება ერთმანეთს (მაგალითად, თევზები იკვებებიან ჭიაყელებით). განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კი/არა მიმართების შემოტანა (მაგალითად, თევზები არ არიან ჭიაყელები). აქედან გამომდინარე, სემანტიკური ქსელის ეს მოდელი უფრო კომპლექსურია.
  • სემანტიკური ქსელის მოდელის კიდევ უფრო გართულებულ ვარიანტს, რომელშიც მეხსიერების ანალიზის ობიექტი უკვე გრძელი ტექსტებია და დიდი მოცულობის შინაარსებია, პროპოზიციული მოდელი წარმოადგენს. ამ მოდელის მიხედვით, პროპოზიციის სახით მასალის რეპრეზენტაცია მოვლენის შინაარსის, მისი მნიშვნელობის აბსტრაქტული ფორმით გამოხატვას ნიშნავს. ამ დროს არ ინახება მოვლენისთვის უმნიშვნელო და შემთხვევითი დეტალები. პროპოზიციაში მოცემულია მოვლენის არსი. პროპოზიცია, თავის მხრივ, ცოდნის აბსტრაქტული ერთეულებია, „ჰიპოთეტური ცოდნის მოლეკულები“, რომლებიც სიტყვების, წინადადებების სახით შეიძლება იყოს გამოხატული. პროპოზიცია, როგორც წესი, სულ მცირე, ორი ნაწილისგან შედგება: ერთი მხრივ, მიმართებისგან ანუ პრედიკატისგან და, მეორე მხრივ, ელემენტებისგან ანუ არგუმენტებისგან. მიმართებები კავშირს ამყარებენ არგუმენტებს შორის და წინადადებებში ზმნებით ან ზედსართავეი სახელებით გადმოიცემა, არგუმენტები კი — არსებითი სახელებით. პროპოზიციულ მოდელში შეიძლება ასახული იყოს როგორც სემანტიკური, ისე ეპიზოდური მეხსიერების შინაარსი.
  • მეხსიერებაში ინფორმაციის შენახვის ერთ-ერთი ფორმაა სქემა. ეს არის ობიექტების, ხალხის ან სიტუაციის შესახებ კონცეპტუალური ჩარჩოები ან ცოდნის კლასტერები, ცოდნის ერთეულები, რომლებიც გარემოს სტრუქტურების შესახებ განზოგადებებს მოიცავს. სქემა შეიძლება წარმოვიდგინოთ, როგორც სემანტიკური ბადის შედარებით დამოუკიდებელი, აქტიური და გარკვეული თემით „შემოსაზღვრული“ ნაწილი. ეს არის განზოგადებული ცოდნა ან მზაობა, რომელიც ემყარება ჩვენს გამოცდილებას ობიექტების, ადამიანების ან მოვლენების შესახებ. სქემა აადვილებს ახალი ინფორმაციის შემოსვლას, გაგებასა და უკვე არსებულთან დაკავშირებას. სქემას მოლოდინის განცდაც ახლავს თან, ამიტომ ითვლება, რომ სქემაში ზემოთ და ქვემოთ კოგნიტური პროცესის საფუძველზე ხდება ახალი ინფორმაციის შემოსვლა. სქემა შეიძლება ამოქმედდეს როგორც გარე გამღიზიანებლის ზემოქმედების შედეგად, ისე შიგნიდან, სუბიექტიდან მომდინარ მიზეზებითაც. სქემები იერარქიულად არიან განლაგებულნი. მათში ინახება ინფორმაციის ქარგა, ჩონჩხი, რომელიც მეტ-ნაკლებად სტაბილურია. მათში მოცემულია, ასევე, ამ ქარგის განსხვავებული კონკრეტული შინაარსებით შევსების შესაძლებლობაც. მაგალითად, როცა გვესმის: „ის ყავას სვამდა“, არ ვაზუსტებთ, ფინჯნით სვამდა ყავას, ცხელ ყავას სვამდა თუ ცივს. ეს ყოველივე თავისთავად იგულისხმება სქემაში. 

*** 

გამოყენებული ლიტერატურა: 

გერიგი, რ. და ზიმბარდო, ფ. (2009). ფსიქოლოგია და ცხოვრება, თბილისი, თსუ.

ფარჯანაძე, დ. (2008). მეხსიერების ფსიქოლოგია. თბილისი. შპს „თათა სოლუშენი“

კატეგორია: 
ავტორები: