კატეგორიის ყველაზე რეპრეზენტაციული მაგალითი.
იმ ძაღლებს შორის, რომლებიც გინახავთ, რომელს წარმოიდგენთ, როდესაც წაიკითხავთ წინადადებას: „ძაღლი ხრავს ძვალს“. შეგიძლიათ კონკრეტული ძაღლი დაასახელოთ? თუ რომელიმე ტიპური ძაღლი წარმოგიდგებათ, რომელიც ყველა ნანახი ძაღლების საშუალო ანუ პროტოტიპია?
პროტოტიპის ჩამოყალიბების ექსპერიმენტულ კვლევაში ცდის პირებს უჩვენებდნენ ცალკეული ადამიანის სახეების სურათებს, რომლებიც სხვადასხვა ხარისხით განსხვავდებოდნენ პროტოტიპისგან (სურათი). შემდეგ მათ აჩვენებდნენ სახეების მეორე ჯგუფს. ზოგიერთი სურათი ადრეც იყო მიწოდებული, ზოგიერთი ახალი იყო და განსხვავდებოდა პროტოტიპისგან. იყო, აგრეთვე, პროტოტიპის სურათი, რომელიც განსხვავდებოდა პირველად მიწოდებული პროტოტიპისგან. ცდის პირებს ევალებოდათ, გამოეცნოთ, რომელი სურათი ჰქონდათ მათ ადრე მიწოდებისას ნანახი. კარგად გამოიკვეთა სამი შედეგი, რომელიც მოცემულია სურათზე. ცდის პირები ცნობდნენ ყველა იმ სურათს, რომელიც ადრე ჰქონდათ ნანახი, მაშინაც კი, როდესაც მათგან პროტოტიპთან მხოლოდ 25%-ს ჰქონდა მსგავსება. ახალ სურათებზე მიუთითებდნენ, რომ ახალი იყო და ცნობის ხარისხი პროტოტიპთან მიმართებით განისაზღვრებოდა. ცდის პირები ყველაზე დარწმუნებულნი იყვნენ ახალი პროტოტიპის უცნობობაში.
ამ ექსპერიმენტში ცდის პირები ისე მოქმედებდნენ, თითქოს გააერთიანეს ყველა სახე, რომელიც კი უნახავთ, რათა პროტოტიპული კონსტრუქტი შეექმნათ. კატეგორიების, თავისი თვისებებითურთ, პროტოტიპები იქმნება მთელი თქვენი გამოცდილებიდან. ამიტომ პროტოტიპები ყოველ წუთს შეიძლება იცვლებოდეს და მდიდრდებოდეს ახალი კატეგორიით. აქედან გამომდინარე, მეცნიერები მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ კონკრეტული კატეგორიისთვის პროტოტიპის რეპრეზენტაცია გონებაში შეიძლება არ გქონდეთ. უფრო სავარაუდოა, რომ პროტოტიპი თვითონ ცალკეულ ეგზემპლარებში, როგორც საშუალო რაღაც მოქმედებს. მაგალითად, ყველა ძაღლი, რომელიც კი ამ მომენტისთვის გინახავთ, აყალიბებს პროტოტიპული ძაღლის თქვენეულ ცნებას. უფრო მეტიც, თუ თქვენ საღამოს გახვედით ქუჩაში და დაინახეთ ერთი, ან ორი ძაღლი, თქვენი პროტოტიპი შეიძლება ოდნავ შეიცვალოს კიდეც.
ის, რომ შეგიძლიათ, რომ ისეთ კატეგორიას, როგორიც, ვთქვათ, ძაღლია, პროტოტიპი მოუნახოთ, გაძლევთ შესაძლებლობას იცნოთ კატეგორიის მეტ-ნაკლებად ტიპური წარმომადგენლები — რაც უფრო მეტი თვისება აქვს საერთო კატეგორიის ცალკეულ წევრებს ერთმანეთთან, მით უფრო ტიპურნი არიან ისინი. ეს კარგად ჩანს, მაგალითად, ფრინველის კატეგორიის განხილვისას. რის გამო ითვლება ყვავი ტიპურ ფრინველად, ხოლო სირაქლემა, ან პინგვინი ატიპურად? პასუხი განისაზღვრება იმ ხარისხით, რითაც ეს ქმნილებები ჰგვანან იმ კატეგორიის წარმომადგენლებს, რომელთაც თქვენს მეხსიერებაში ფრინველის კატეგორიაში აერთიანებთ. კატეგორიის წევრთა ტიპურობა კი ( თუ როგორ შეესაბამება რაღაც თქვენს პროტოტიპს), ყოველდღიური ცხოვრებიდან მომდინარეობს. გამოკვლევებმა გამოავლინეს, რომ ხალხი უფრო სწრაფად რეაგირებს კატეგორიის ტიპურ წარმომადგენლებზე, ვიდრე უჩვეულოზე. თქვენი რეაქციის დრო კითხვაზე, არის თუ არა ყვავი ფრინველი, უფრო სწრაფი იქნება, ვიდრე ის, რომ სირაქლემა ფრინველია. კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, რომ ეს ეფექტი დამოკიდებულია თქვენს გამოცდილებაზე ფრინველთა კატეგორიის მიმართ. ამ შემთხვევაში უფრო ადვილია ყვავისთვის, როგორც ფრინველისთვის, ადგილის პოვნა, ვიდრე სირაქლემისთვის (თუ, რა თქმა უნდა, თქვენი ცხოვრების მანძილზე დიდხანს არ გიცხოვრით სირაქლემების გარემოცვაში).
***
გამოყენებული ლიტერატურა:
გერიგი, რ. და ზიმბარდო, ფ. (2009). ფსიქოლოგია და ცხოვრება, თბილისი, თსუ.