ეპიზოდური მეხსიერება, რომელიც დეკლარაციული მეხსიერების მეორე ფორმაა, სემანტიკური მეხსიერებისგან განსხვავებით, ავტობიოგრაფიულ მონაცემებს მოიცავს, რომლებიც კავშირშია ინდივიდთან, მის ცხოვრებასა და ცხოვრებაში მომხდარ მნიშვნელოვან მოვლენებთან. ეპიზოდური მეხსიერება მოიცავს ყველაფერს, რაც პიროვნებამ განიცადა ინდივიდუალურ დონეზე, იქნება ეს პირველი კოცნა, პირველი წარუმატებლობა, ყველაზე ბედნიერი დაბადების დღე თუ სხვა. ეპიზოდური მეხსიერება მეხსიერების უკიდურესად სუბიექტური ფორმაა, რადგან მთლიანად არის აგებული პირად შთაბეჭდილებებზე, განცდებზე, მოგონებებსა და ამ ტიპის სუბიექტურ მოვლენებს შორის ურთიერთკავშირზე.
ეპიზოდური მეხსიერებისათვის, სემანტიკურისაგან განსხვავებით, ძალიან მნიშვნელოვანია კონტექსტი და ის, როდის, რა სიტუაციაში და როგორ მოხდა ესა თუ ის მოვლენა. კიდევ ერთი განსხვავება მეხსიერების ამ ორ ფორმას შორის არის ის, რომ ეპიზოდური მეხსიერება ყოველთვის ლოკალიზებულია დროში, სემანტიკურისაგან განსხვავებით. ამ განსხვავების საილუსტრაციოდ - შეგიძლიათ, გაიხსენოთ გარკვეული მოვლენა, რომლის თარიღიც არ გახსოვთ, მაგრამ გახსოვთ, დროის თქვენს სუბიექტურ კონტინუუმში მისი ადგილი. სწორედ ამას ეწოდება ეპიზოდური მეხსიერება.
ეპიზოდური მეხსიერება მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს ადამიანის არსებობაში, მისი საშუალებით ინდივიდი ახერხებს საკუთარ წარსულთან, სხვა ადამიანებთან, მოვლენებსა და ადგილებთან კავშირის დამყარებას.
***
გამოყენებული ლიტერატურა:
გერიგი; ზიმბარდო (2009) ფსიქოლოგია და ცხოვრება. თსუ, თბილისი
წერეთელი (2012) კოგნიტური ფსიქოლოგია 1 - აღქმა, ყურადღება, მეხსიერება. თსუ, თბილისი
Kazdin, A. E. (Ed.) (2000). Encyclopedia of psychology. 8 Volume Set. Vol. 1