ფსიქოფარმაკოლოგია ფსიქოლოგიის დარგია, რომელიც ქცევაზე მედიკამენტების მოქმედებას შეისწავლის. ამ სფეროში მომუშავე მკვლევრები სწავლობენ, როგორ მოქმედებენ მედიკამენტები ზოგიერთ ბიოლოგიურ სისტემაზე, როგორ იცვლება ქცევა ამ ზემოქმედების შედეგად და აღმოიფხვრება სიმპტომები, კერძოდ, ფსიქოლოგიური აშლილობების მკურნალობისას.
ფსიქიკური დაავადებების მკურნალობაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი წინსვლა გასული საუკუნის შუა წლებში მოხდა, როდესაც ფარმაკოლოგიური აგენტების მთელი სერია შეიქმნა, რომლებიც, ჩვეულებრივ, ტრანკვილიზატორების (მაგალითად, რეზერპინი, ქლორპრომაზინი და სხვა მსუბუქი აგენტები) და ანტიდეპრესანტების (მათ შორის, უაღრესად ეფექტური ჯგუფის, ტრიციკლური ანდიტეპრესანტების) სახელით არის დღეს ცნობილი.
ლითიუმი ერთ-ერთი ფართოდ გამოყენებადი მედიკამენტია, რომელიც აფექტური აშილობების სიმტომების შესამსუბუქებლად არის მოწოდებული, კერძოდ, გამოიყენება როგორც მანიის, ისე დეპრესიის ეპიზოდების განმეორების პრევენციისთვის ბიპოლარული აშლილობის მქონე ინდივიდებში. ბევრი გავრცელებული ანტიფსიქოტური აგენტი თავის ტვინში დოფამინის რეცეპტორების ბლოკირებას ახდენს.
აღნიშნული მედიკამენტები მკვეთრად განსხვავდება თავისი მოქმედებით ჰიპნოტური და სედატიური მოქმედების მედიკამენტებისგან, რომლებიც თავდაპირველად გამოიყენებოდა და პაციენტების ცნობიერების დაბინდვასა და მათი მოტორული და პერცეპტული უნარების გაუარესებას იწვევდა. ანტიფსიქოტური მედიკამენტები შფოთვის სიმპტომებს აქრობენ და აჟიტაციას, ბოდვებსა და ჰალუცინაციებს ამცირებენ. ასევე, ანტიდეპრესანტები გუნება-განწყობილებას ამაღლებენ და სუიციდურ იმპულსებს თრგუნავენ. თუმცა მათი გამოყენება გვერდით ეფექტებსაც იწვევს, როგორებიცაა აჩქარებული გულის ცემა, ოფლიანობა, კოორდინაციის პრობლემები, ვინაიდან ისინი ავტონომიურ ნერვულ სისტემაზე ზემოქმედებენ.
მიუხედავად იმისა, რომ კონკრეტულ მედიკამენტს კონკრეტული სიმპტომების ან სინდრომების სამკურნალოდ ნიშნავენ, ისინი, როგორც წესი, არ არიან განკუთვნილნი რომელიმე კონკრეტული ფსიქიკური აშლილობის მკურნალობისათვის.
ვინაიდან ყველაზე მძიმე პაციენტების ქცევის შეცვლაც კი შეუძლიათ, ანტიფსიქოტური, ანტიშფოთვითი და ანტიდეპრესიული მოქმედების აგენტებმა მნიშვნელოვნად შეცვალეს ფსიქიკური დაავადების მქონე ჰოსპიტალიზირებული ადამიანთა მდგომარეობების მართვა — შესაძლებელი გახდა, რომ მეტი ყურადღება დაეთმოთ თერაპიული ღონისძიებებისთვის და ბევრ პაციენტს საავადმყოფოს კედლებს გარეთ შედარებით ნორმალური ცხოვრების შანსი მიეცა.
***
გამოყენებული ლიტერატურა:
გერიგი, ზიმბარდო (2009). ფსიქოლოგია და ცხოვრება, მე-16 გამოცემა. თსუ, თბილისი.
http://www.britannica.com/EBchecked/topic/481796/psychopharmacology