ჰალუცინაცია არის მცდარი აღქმა, რომელიც ჩნდება ობიექტური გამღიზიანებლის არარსებობის პირობებში. როცა ინდივიდს ესმის ან ხედავს იმას, რაც აწმყოში ობიექტურად არ არის მოცემული, ეს არის ინდივიდის შეცვლილი რეალობის მენტალური კონსტრუქცია. სიტყვა ლათინური ენიდან იღებს სათავეს და „გონებაში ხეტიალს“ ნიშნავს.
შეიძლება განვასხვავოთ ორი ტიპის ჰალუცინაცია, პირველ შემთხვევაში პიროვნება აცნობიერებს, რომ მის მიერ აღქმული და განცდილი მოვლენები არარეალურია, მცდარია. მეორე შემთხვევაში - ინდივიდი ვერ აცნობიერებს და ჰალუცინაციას ობიექტურ რეალობად განიცდის. პირველი შემთხვევა ხშირად ფსევდოჰალუცინაციის სახელით მოიხსენიება და უფრო ხშირად არაკლინიკურ პოპულაციაში გვხვდება.
ჰალუცინაცია, მიუხედავად საერთო მახასიათებლებისა, მნიშვნელოვნად განსხვავდება ილუზიისგან. ილუზიის შემთხვევაში რეალური პერცეპტული სტიმულის დამახინჯება ხდება, ხოლო ჰალუცინაციის შემთხვევაში ინდივიდი არარსებულ სტიმულს აღიქვამს. ასევე, ილუზიისგან განსხვავებით, ჰალუცინაციები ინდივიდუალური გამოცდილებაა, რომელსაც არ იზიარებენ იმავე სიტუაციაში მოხვედრილი სხვა ადამიანები.
ჰალუცინაციების აღმოცენებას ხელს უწყობს ისეთი ფაქტორები, როგორებიცაა მომატებული აგზნებადობა, ინტენსიური საჭიროების მდგომარეობა, მძიმე გონებრივი აშლილობა, ეპილეფსიური გულყრა და ა.შ.
ზოგიერთ შემთხვევაში ჰალუცინაციებს ფსიქოაქტიური ნივთიერებებიც იწვევს, მაგ. LSD, პეიოტი, ალკოჰოლი და ა.შ. მძიმე ალკოჰოლიზმის შემთხვევებში გვხვდება ჰალუცინაციების სპეციფიკური ტიპი, ე.წ. DT-ი. (deirium tremens )
ფსიქიკური აშლილობების დიაგნოსტირებისა და სტატისტიკურ სახელმძღვანელოში (DSM-5) გამოყოფილია 6 ძირითადი სახეობის ჰალუცინაცია: ვიზუალური, სმენითი, სომატური (სხეულებრივი შეგრძნებები), კინესთეტიკური (შეხება), ყნოსვითი და გემოვნებითი.
სმენითი ჰალუცინაციების შემთხვევაში, როგორც წესი, ინდივიდს გარკვეული ხმები ჩაესმის, რომლებიც ესაუბრებიან ან მასზე საუბრობენ. თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში მუსიკალური ჰალუცინაციებიც გვხვდება. ამ შემთხვევაში ინდივიდს მუსიკა ჩაესმის. ვიზუალური ჰალუცინაციები მცდარი და არარსებული ვიზუალური ხატების აღქმას გულისხმობენ. სომატური ჰალუცინაციების შემთხვევაში გვაქვს ისეთ სხეულლებრივი შეგრძნებები, როგორიცაა, მაგალითად, ორგანოების მოძრაობა და ა.შ. კინესთეტიკური ჰალუცინაციებისთვის დამახასიათებელია საკუთარ კანზე ცოცვის, ხოხვის ან შეხების შეგრძნებების აღქმა. ყნოსვით ჰალუცინაციებში ერთიანდება სხვადასხვა, ძირითადად უსიამოვნო სუნის აღქმა, მაგალითად, დამპალი ხორცის სუნის. ხოლო გემოვნებით ჰალუცინაციებში შედის სხვადასხვა გემოს მცდარი აღქმა, რომელიც თავისი შინაარსით შესაძლოა სასიამოვნო იყოს ინდივიდისთვის ან, პირიქით, და უფრო ხშირად - ძალიან უსიამოვნო.
***
გამოყენებული ლიტერატურა:
გერიგი, ზიმბარდო (2009). ფსიქოლოგია და ცხოვრება, მე-16 გამოცემა. თსუ, თბილისი.
Kazdin, A. E. (Ed.) (2000). Encyclopedia of psychology. 8 Volume Set. Vol. 1