ადამიანთა ერთობებს შორის სოციალურ ურთიერთობებში სახელმწიფო საზღვრების მნიშვნელობის შემცირების პროცესი, რომელიც მსოფლიო მასშტაბით მიმდინარეობს და საზოგადოებებისა და ქვეყნების ურთიერთდამოკიდებულების ზრდას გამოხატავს. გ-ის თეორიის მომხრეები მიიჩნევენ, რომ ცივი ომის შემდეგ სახელმწიფოების მნიშვნელობა საერთაშორისო ურთიერთობებში განუხრელად კლებულობს საერთაშორისო ორგანიზაციების, ტრანსნაციონალური კორპორაციებისა და საერთაშორისო პოლიტიკის სხვა არასახელმწიფოებრივი მოქმედი პირების სასარგებლოდ. გადაწყვეტილება იმის შესახებ, თუ სად მოხდეს ინდუსტრიის ლოკალიზება, უფრო მეტად მიიღება მთელი მსოფლიოს შესაძლებლობებთან მიმართებაში, ვიდრე ეროვნული სახელმწიფოების (ერი-სახელმწიფოების) კონტექსტში. თუ მანამდე საწარმოო ოპერაციები უპირატესად ხორციელდებოდა ნაციონალურ საფუძველზე, წარმოების გ-მ გამოიწვია ქარხნების ინტეგრაცია ერთიან სისტემაში, როდესაც პროდუქცია საბოლოო სახით აიწყობა მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში დამზადებული დეტალებისაგან. მსოფლიოს ფინანსური ბაზრები ერთმანეთთან დაკავშირებულია სწრაფი ინფორმაციული ტექნოლოგიების მეშვეობით, რაც უზრუნველყოფს კაპიტალისა და რესურსების უწყვეტ მიმოქცევას მსოფლიო მასშტაბით, და ეს არ არის ლიმიტირებული დროითი და სივრცული პარამეტრებით. ეკონომიკის გ-ში ბევრი რამ უხილავია ინდივიდებისათვის, მაგრამ მისი შედეგები აშკარა და რეალურია: ინდივიდებმა შეიძლება დაკარგონ ან მიიღონ სამუშაო იმ გადაწყვეტილებების შედეგად, რომლებიც მიიღება სხვათა მიერ ათასობით კილომეტრის დაშორებით, როდესაც მანიპულაცია ხდება გლობალური პერსპექტივის საფუძველზე. წარმოების გ. ხელს უწყობს პროდუქციის გ-ს, როდესაც მომხმარებელს ურჩევნია შეიძინოს მსოფლიოში აღიარებლი პროდუქცია და არა ის, რაც შექმნილია ნაციონალური ბაზრისათვის. ამრიგად, ეკონომიკის გ-ის არსი ისაა, რომ ეროვნული სახელმწიფო (ერი-სახელმწიფო) უკვე აღარ არის ყველაზე მნიშვნელოვანი ერთეული მსოფლიო ეკონომიკაში. გ. ოთხი პარალელური პროცესისაგან შედგება: ინტერნაციონალიზაცია (სახელმწიფოებს შორის ურთიერთდამოკიდებულების ზრდა), ლიბერალიზაცია (სახელწმიფოს როლის შემცირება), ვესტერნიზაცია (მთელ მსოფლიოში დასავლური ფასეულობებისა და კულტურის გავრცელება და აღიარება) და დეტერიტორიალიზაცია (სახელმწიფო საზღვრების მნიშვნელობის კლება. გ. ერთობლივად მიმდინარეობს პოლიტიკის, ეკონომიკის, სოციალურ და კულტურის სფეროებში. პოლიტიკაში გ. გამოიხატება საერთაშორისო ორგანიზაციების როლის ზრდით, საერთაშორისო პოლიტიკის ახალი, გლობალური პრობლემების გაჩენითა და მათი ერთობლივი გადაწყვეტით (გარემოს დაცვა, ადმიანის უფლებები, საერთაშორისო მშვიდობა და უსაფრთხოება). ეკონომიკური კუთხით გ-ის ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტი საერთაშორისო ფინანსების განვითარება და თითოეული ქვეყნის მოქალაქეებზე საერთაშორისო კერძო კაპიტალის გავლენის ზრდაა. სოციალური კუთხით, გ. დიდ გავლენას ახდენს საზოგადოებების (განსაკუთრებით, ტრადიციული საზოგადოებების) ტრანსფორმაციაზე. კულტურის თვალსაზრისით, გ-ის თეორეტიკოსები აღნიშნავენ მსოფლიოში კულტურული ერთგვარობის ზრდას, საერთო პოპულარული მასობრივი კულტურის ჩასახვასა და განვითარებას. სკეპტიკოსების აზრით, გ-ის პროცესი მოჩვენებითია, გ-ისა და ფრაგმენტაციის ტენდენციები მსოფლიო პოლიტიკას განვითარების ყველა ეტაპზე ახასიათებდა და, ამგვარად, მას საერთაშორისო ურთიერთობებში თვისობრივი სიახლე არ შეუტანია. დღეს ხდება არა ეროვნული სახელმწიფოების (ერი-სახელმწიფოების) გაქრობა, არამედ ეკონომიკისა და კულტურის ინტერნაციონალიზაცია, რომელიც დაფუძნებულია ეროვნულ სახელწიფოებს შორის ინტენსიურ და მზარდ კავშირებზე, რაც მსოფლიოს იდენტურობის ყველაზე მნიშვნელოვანი წყაროა.
გლობალიზაცია
Globalization
კატეგორია: