ტერმინი, რომლითაც აღინიშნებოდა მწვავე პოლიტიკური და იდეოლოგიური დაპირისპირება, ერთი მხრივ, აშშ–სა და დასავლეთის სხვა წამყვან სახელმწიფოებს, ხოლო, მეორე მხრივ, ყოფილ საბჭოთა კავშირსა და მის სატელიტებს შორის, რამაც თავი იჩინა მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდში და 90–იანი წლების დასაწყისამდე გრძელდებოდა. ტერმინი ეკუთვნის ამერიკელ ჟურნალისტ ჰ. სვოუპს და ფართოდ გავრცელდა უ. ლიმპანის სტატიებისა და გამოსვლების შედეგად. ც.ო. გამოხატვდა XX ს–ის მეორე ნახევრის საერთაშორისო ურთიერთობათა ძირითად შინაარს, როცა მსოფლიოს ორ ძირითად პოლუსს შორის არც ომი იყო და არც მშვიდობა. 1945 წელს, ნაცისტური გერმანიის დამარცხების შემდგ, სსრ კავშირი და აშშ წარმოადგენენ მსოფლიოს ორად ორ სუპერსახელმწიფოს. სსრ კავშირმა ფაშიზმისაგან გაათავისუფლა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები, მაგრამ თვითონვე მოახდინა მათი ოკუპაცია. ასევე აშშ–მა გადამწყვეტი როლი შეასრულა დასავლეთ ევროპის განთავისუფლებაში. დამარცხებული გერმანიის ტერიტორია ოთხ საოკუპაციო ზონად დაიყო (სსრ კავშირის, აშშ–ის, დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის). 1947 წლისათვის ცხადი გახდა, რომ სსრ კავშირს განზრახული ჰქონდა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში კომუნისტური რეჟიმის დამყარება. აშშ და დასავლეთის სხვა სახელმწიფოები, რომლებმაც დაინახეს კომუნიზმის ექსპანსიის რეალური საფრთხე, აშკარად დაუპირისპირდნენ სსრ კავშირს. შეიქმნა ე.წ. „სსრ კავშირის აგრესიის შეკავების თეორია“. ეს დაპირისპირება ლიტერატურაში ხშირად „აღმოსავლეთ–დასავლეთის“ დაპირისპირების სახელით მოიხსენიება. ც.ო–ის ძირითადი კრიზისული მომენტებია: აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში პროსაბჭოთა კომუნისტური რეჟიმების დამკვიდრება (1945–48), ბერლინის კრიზისი (1948-49), გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკისა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის შექმნა (1949), კომუნისტური რეჟიმის დამყარება ჩინეთში (1949), კორეის ომი (1950-53), სსრ კავშირის მიერ უნგრეთის სამხედრო ოკუპაცია (1956), ბერლინის კედლის მშენებლობა (1961), კარიბის კრიზისი (1962), ვიეტნამის ომი (1965-72), ჩეხოსლოვაკიის ოკუპაცია (1968) და სხვა. ამ დაპირისპირებებმა მსოფლიო რამდენჯერმე დააყენეს ბირთვული ომის საფრთხის წინაშე. ც. ო–ის პერიოდში აშშ–მა შეძლო გამხდარიყო დასავლეთის, ანუ კაპიტალისტური სამყაროს ლიდერი, დასავლური ცივილიზაციისა და ლიბერალურ–დემოკრატიულ ღირებულებათა გადარჩენის გარანტი. ამასთან ერთად ცხადი გახდა, რომ აშშ ცდილობდა მთელ არაკომუნისტურ სამყაროში ეკონომიკურ და პოლიტიკურ ბატონობის მოპოვებას, რის გამოც ევროპისა და იაპონიის მედგარ წინააღმდეგობას აწყობდა, თუმცა კომუნისტურ სამყაროსთან ბრძოლის აუცილებლობა პირველ ხანებში ანელებდა ამ წინააღმდეგობას. ამიტომ აშშ–ისათვის დამახასიათებელი იზოლაციონისტური (იხ. იზოლაციონიზმი) პოლიტიკა, რომელსაც ამერიკა 150 წლის განმავლობაში ატარებდა, შეიცვალა უაღრესად აქტიური საგარეო პოლიტიკური კურსით. კომუნიზმის შეჩერების საბაბით აშშ–მა განახორციელა ისეთი დიდი ღონისძიებები, როგორიც იყო დასავლეთ ევროპის ქვეყნებისადმი ფართომასშტაბიანი ეკონომიკური დახმარება (მარშალის გეგმა), საბერძნეთისა და თურქეთისათვის სამხედრო მხარდაჭერა, ნატოს ჩამოყალიბება, გფრ–ისათვის ყოველნაირად ხელშეწყობა და მისი ნატოში გაწევრიანება, სეატოსა და სენტოს სამხედრო ბლოკების შექმნა და სხვა. 60-იანი წლების მეორე ნახევრიდან დაძაბულობა დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის შედარებით შენელდა. ამ ერთგვარი „განმუხტვის“ (დეტანტის პოლიტიკისა, როგორც ამას აშშ–ში უწოდებენ და პრეზიდენტ ნიქსონის სახელს უკავშირებენ) შედეგები იყო ოთხმხრივი შეთანხმება დასავლეთ ბერლინის შესახებ (1971), სტრატეგიული შეიარაღების შეზღუდვის ხელშეკრულებები აშშ–სა და სსრკ–ს შორის (1972 და 1979), ვიეტნამის ომის დამთავრება (1973), ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ჰელსინკის თათბირი (1975) და სხვ. თუმცა ამ გარეგნული სიმშვიდის ფონზე გრძელდებოდა სერიოზული დაპირისპირება უფრო ფარული ფორმით და, რაც მთავარია, ახალ გეოპოლიტიკურ რეგიონებზე (ახალო აღმოსავლეთი, ტროპიკული აფრიკა, სამხრეთ–აღმოსავლეთი აზია, ცენტრალური ამერიკა) გავლენის მოპოვების მიზნით. 70-იანი წლების ბოლოსათვის ც. ო–ს ძირითადად აქცია–რეაქციის სახე ჰქონდა, როდესაც ერთი მხარე დაუყოვნებლივ ახდენს საპასუხო რეაქციას მეორე მხარის მოქმედებაზე. ც. ო–ის მიზეზებისა და შინაარსის შესახებ არსებობს სამი განსხვავებული შეხედულება. პირველი მათგანის მიხედვით, რომელიც დასავლეთის სამეცნიერო და პოლიტიკურ წრეებში იყო მიღებული, ც. ო–ის წარმოშობაში მთავარი დამნაშავე არის საბჭოთა კავშირი და მისი კომუნისტური რეჟიმი, რომელმაც მიზნად დაისახა მთელი მსოფლიოს „გაწითლება“, აშშ კი იძულებული გახდა წინ აღდგომოდა საბჭოთა ექსპანსიონიზმის საფრთხეს და გადაერჩინა დასავლური ფასეულობანი. მეორე შეხედულებით (საბჭოური შეხედულება), ც. ო. გამოიწვია აშშ–ის იმპერალისტურმა მისწრაფებებმა მსოფლიო ბატონობისაკენ და კომუნიზმის განადგურების განზრახვამ. მესამე შეხედულებით, გერმანიის განადგურებამ წარმოშვა ძალის ვაკუუმი ევროპაში და ორი სუპერძალა (აშშ და სსრკ) ცდილობდა შეევსო ეს ვაკუუმი. მაშასადამე, ც. ო. იყო ჩვეულებრივი კონფლიქტი ბიპოლარული მსოფლიოს ორ ზესახელმწიფოს შორის და იდეოლოგიური მომენტი აქ მხოლოდ დამხმარე როლს ასრულებდა. 80-იანი წლების პირველ ნახევარში დაძაბულობა მკვეთრად გაძლიერდა, რაც გამოიწვია საბჭოთა კავშირის ინტერვენციამ ავღანეთში. ორივე მხარემ მნიშვნელოვნად გაზარდა სამხედრო ხარჯები, ბირთვული არსენალი და სამხედრო ბაზების რიცხვი. კულმინაციას მიაღწია იდეოლოგიურმა დაპირისპირებებმაც. მაგრამ, 1985 წლიდან საბჭოთა კავშირში დაწყებულმა და განხორციელებულმა „პერესტროიკის კურსმა“ არსებითი ცვლილებები შეიტანა ც. ო–ისა და, საერთოდ, საერთაშორისო ურთიერთობათა ისტორიაში. სტრატეგიული შეიარაღების შეზღუდვამ და საბჭოთა ჯარების გამოყვანამ ავღანეთიდან საერთაშორისო ვითარება სასიკეთოდ შემოაბრუნა, ხოლო ბერლინის კედლის დანგრევა, კომუნისტური რეჟიმის დამხობა აღმოსავლეთ ევროპაში და იქიდან საბჭოთა ჯარების გამოყვანა, განსაკუთრებით კი საბჭოთა კავშირის დაშლა მომასწავებელი გახდა ბიპოლარული საერთაშორისო სისტემის დასასრულისა. 1992 წლის დამდეგისათვის, როდესაც საბჭოთა კავშირი როგორც სახელმწიფო უკვე აღარ არსებობდა და კომუნისტური რეჟიმი მთელს ევროპაში დაემხო, ც. ო. ისტორიის კუთვნილება გახდა.
***
ტერმინის პირველწყარო:
სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი. (2004) სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი. თბილისი: ლოგოს პრესი