აქსონის ბოლოში განლაგებული შემსხვილებული, ბოლქვის მაგვარი სტრუქტურა, რომლის საშუალებითაც ნეირონს შეუძლია მიმდებარე ჯირკვლების, კუნთებისა და სხვა ნეირონების სტიმულირება. ტერმინალური ბალთა სინაფსურ ნაპრალში ბოლოვდება.
როგორც წესი, ნეირონები ინფორმაციას მხოლოდ ერთი მიმართულებით გადასცემენ: სომის გავლით აქსონის გასწვრივ ტერმინალური ბალთისკენ. როდესაც ელექტრული სიგნალი გადაეცემა ნეირონს, ის აქსონში ვრცელდება, რომელიც ბოლოსკენ იტოტება და ტერმინალური ბალთებით სრულდება. თითოეულ ასეთ ბალთაში მოთავსებულია ნეიროტრანსმიტერების შემცველი ვეზიკულები, რომლებიც ნეირონიდან მომდინარე სიგნალის ზემოქმედებით იხსნება და გამოთავისუფლებული ქიმიური ნივთიერებები თავისუფლად გადაადგილდებიან მეზობლად არსებული უჯრედებისკენ, აკავებენ ან ააგზნებენ მათ, გამომდინარე მოცემული ნეიროტრანსმიტერის სახეობიდან.
***
გამოყენებული ლიტერატურა:
გერიგი, ზიმბარდო (2009). ფსიქოლოგია და ცხოვრება, მე-16 გამოცემა. თსუ, თბილისი.
Barlow, D. H., Durand, V. M. (2012). Abnormal Psychology: an integrative approach, 6th ed. Wadsworth Cengage Learning. USA.