საერთაშორისო მორალი

International Morality

სოციალური ქცევის წესების ერთობლიობა, აღიარებული სახელმწიფოთა საერთაშორისო თანამეგობრობით, საერთაშორისო საზოგადოებრიობის მიერ, როგორც კაცობრიობის განვითარების დღევანდელი საფეხურისაგან განუყოფელი ნორმა, რომელსაც ან ჯერ არა აქვს იურიდიული ძალა (მაგ., გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციებით ჩამოყალიბებული წესები), ან უკვე შერწყმულია მოქმედ სამართლებრივ ნორმასთან. დღეისათვის აღიარებულია, რომ თანამედროე საერთაშორისო სამართალს საფუძვლად უდევს კაცობრიობის განვითარების პროცესში ჩამოყალიბებული ზოგადსაკაცობრიო ფასეულობები, რომლებიც, პირველ რიგში, სამართლიანობის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებს შეიცავს. როგორც წესი, საერთაშორისო საზოგადოებრიობის წარმოდგენა - რა არის მორალური, ზნეობრივი, წინ უსწრებს სამართლებრივი ნორმის ჩამოყალიბებას და მამანამდე, მისი დარღვევისათვის, მხოლოდ საზოგადოებრივი გაკიცხვის ზომებს ეყრდნობა. ს.მ. ეთიკური ღირებულებები და ნორმებია, რომელიც საერთაშორისო სამართალს არ მიეკუთვნება, მაგრამ, ზოგიერთი მოსაზრებით, საერთაშორისო ურთიერთობების წარმართვის საფუძველი უნდა იყოს. რეალიზმის სკოლა ს.მ-ის ობიექტურ არსებობას უარყოფს. რეალისტებისათვის პოლიტიკური ქმედება და ზნეობა თავსებადია მხოლოდ სახელმწიფო ინტერესების ფარგლებში. ზნეობის ისეთი კატეგორიები, როგორიცაა სამართლიანობა და თანასწორობა მხოლოდ სახელმწიფოს შიგნით შეიძლება განხორციელდეს. საერთაშორისო ანარქიის პირობებში უზენაესი ზნეობა თვითგადარჩენაა, რაც ეროვნული ინტერესებისა და სახელმწიფო ინტერესის (raison d’etat-ს) აღსრულებას ნიშნავს. წესრიგის ინტერესები უპირატესია სამართლიანობისა და თანასწორობის კატეგორიებთან შედარებით, რადგან წესრიგის გარეშე რომელიმე მათგანის განხორციელება შეუძლებელი ხდება. რეალისტური მიდგომის მოწინააღმდეგეთა აზრით, ზნეობის საკითხში კაცობრიობის ეროვნული ინტერესების მიხედვით დაყოფა მცდარია, რადგან ადამიანებს ერთმანეთის მიმართ ზნეობრივი მოვალეობები როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საზღვრებს მიღმაც აკისრიათ. საზღვრები ზნეობრივ პოზიციებს არ უნდა ცვლიდეს და თუ ეს მაინც ხდება, მიზეზი არსებული საერთაშორისო სისტემის ნაკლოვანებებში უნდა ვეძიოთ. ისეთი საკითხები, როგორიცაა თვითგამორკვევა, ადამიანის უფლებები და უნივერსალური სამართლიანობა, საყოველთაო-საკაცობრიო ხასიათისაა.

***

ტერმინის პირველწყარო:  ​

​სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი. (2004) სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი. თბილისი: ლოგოს პრესი

ავტორები: