იმპერიალიზმის სახეობა, რომელიც გულისხმობს უცხო მიწაზე დასახლებასა და ადგილობრივი მოსახლეობისა და ტერიტორიის დამორჩილებას. დამოკიდებულება „დედა–სახელმწიფოსა“. (მეტროპოლიას) და კოლონიას შორის, როგორც წესი, ექსპლუატატორულია. ადრეულ ეპოქაში (მაგ., ძველი ბერძნების მიერ ხმელთაშუაზღვისპირეთის, ან ნაწილობრივ ინგლისელების მიერ ჩრდილოეთ ამერიკის კოლონიზაციისას) მიგრაცია ხდებოდა პოლიტიკურად „ცარიელ“ ადგილზე და ამდენად არ განიხილებოდა როგორც ადგილობრივი მოსახლეობის ჩაგვრისა და დამონების ფორმა. შემდგომში კ. უცხო ტერიტორიების დაპყრობისა და ექსპლუატაციის სინონიმად იქცა. კ–ის ძირითადი თავისებურებებია უცხოელი უმცირესობის პოლიტიკური და იურიდიული დომინირება, ეკონომიკური პრივილეგიები და მათსა და ადგილობრივი მოსახლეობას შორის რასობრივ–კულტურული განსხვავება. წმინდა იმპერიალიზმისაგან განსხვავებით, რომლიც არ გამორიცხავს სრულ ანექსიასა და ასიმილაციას, კ. გულისხმობს კოლონიის მეტროპოლიისგან მეტ–ნაკლებად განცალკევებით არსებობას, რაც აუცილებელია მისი, როგორც მსახურის როლის შესასრულებლად. ისტორიულად კ. ევროპის სახელმწიფოების სახელთან არის დაკავშირებული და მთელი დანარჩენი მსოფლიო, აზიის რამდენიმე და აფრიკის ორი (ეთიოპია და ლიბერია) ქვეყნის გარდა, სხვადასხვა დროს ევროპის ქვეყნების კოლონია იყო. მთავარი კოლონიური სახელმწიფოები იყვნენ: პორტუგალია, ესპანეთი, ჰოლანდია, განსაკუთრებით კი დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი, კოლონიებს ფლობდნენ აგრეთვე ბელგია, გერმანია, იტალია, აშშ და იაპონია. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ეროვნულ–განმათავისუფლებელი ბრძოლის და ლიბერალიზმისა და ნაციონალიზმის იდეების ფართოდ გავრცელების შედეგად, აგრეთვე ხალხთა თვითგამორკვევის უფლების საყოველთაო აღიარების გამო 120–ზე მეტმა ქვეყანამ პოლიტიკური დამოუკიდებლობა მოიპოვა. ამჟამად შეიძლება ითქვას, რომ კ,. როგორც სისტემა აღარ არსებობს.
***
ტერმინის პირველწყარო:
სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი. (2004) სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი. თბილისი: ლოგოს პრესი