ეროვნულ -განმათავისუფლებელი ბრძოლა

War of National Liberation (Independence)

დაპყრობილი და კოლონიზებული ხალხების ბრძოლა, რომელიც მიზნად ისახავს უცხოეთის ბატონობის მოსპობასა და ეროვნული დამოუკიდებლობის მოპოვებას, კოლონიური ჩაგვრისა და ექსპლუატაციის ლიკვიდაციას, ხალხის მიერ თვითგამორკვევისა და დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნის უფლების განხორციელებას. ეს მოძრაობა ამ თუ იმ ფორმით თავს იჩენს კაცონრიობის მთელი ისტორიის განმავლობაშ, მაგრამ განსაკუთრებით ინტენსიური გახდა ბოლო ორ საუკუნეში. ამ მოძრაობის პირველ მასობრივ ტალღად ითვლება XIX ს -ის პირველ მესამედში ლათინური ამერიკის ხალხთა ბრძოლა დამოუკიდებლობისა და სუვერებული სახელმწიფოების შექმნისათვის ესპანელი და პორტუგალიელი კოლონიზატორების ბატონობის წინააღმდეგ. ეს მოძრაობა განასაკუთრებით ფართოდ და მძლავრად გაიშალა  XX ს-ის 50-60-იან წლებში, როდესაც ეროვნული დამოუკიდებლობა მოიპოვა აზიის, აფრიკის, კარიბის რეგიონისა და ოკეანეთის ასზე მეტმა სახელმწიფომ. მესამე ეტაპად უნდა ჩაითვალოს XX ს-ის 90-იანი წლები, როდესაც კომუნისტური რეჟიმების დამხობას აღმოსავლეთ ევროპაში და საბჭოთა კავშირის დაშლას მოჰყვა ოცამდე ახალი სუვერენული სახელმწიფოს წარმოქმნა.

დღევანდელ მსოფლიოში კოლონიალიზმის კლასიკური ფორმა ფაქტობრივად ლიკვიდირებულია. დაპყრობილი და კოლნიზებული ხალხების რიცხვი არც თუ ისე ბევრია. თუმცა ახლად ჩამოყალიბებული, პოლიტიკურად დამოუკიდებული ქვეყნების დიდი უმრავლესობა ეკონომიკურად კვლავ ყოფილი მეტროპოლიის დიდი გავლენის ქვეშ იმყოფება ან დამოკიდებულია სხვა წამყვან, განვითარებულ ქვეყნებზე.

ასეთი მდგომარეობა წარმოშობს დამოკიდებულების ახალ ფორმებს (ნეოკოლონიალიზმი) და ახალგაზრდა სუვერენული სახელმწიფოების წინაშე აყენებს პრობლემას -იბრძოლონ რაც შეიძლება მეტი ეკონომიკური დამოუკიდებლობისათვის.

ე.-გ.ბ. სამართლიანი და პროგრესული მოვლენაა. მის იურიდიულ საფუძველს შეადგენს საერთაშორისო სამართლის ერთ-ერთი ძირითადი პრინციპი  - ხალხთა თანასწორუფლებიანობის და თვითგამორკვევის უფლება. ამ ბრძოლისაგან მკვეთრად განსხვავდება სეპარატიზმი, რომელიც მიზნად ისახავს საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბებული სახელმწიფოებისაგან გამოცალკევდეს მასში მცხოვრები მცირერიცხოვანი ხალხი ეთნიკური ან რელიგიური ნიშნის საფუძველზე, რაც ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის სხვა ძირითად ნორმებს, კერძოდ, სახელმწიფოთა ტერიტორიულ მთლიანობასა და საზღვრების ურღვეობის პრინციპს.

***

ტერმინის პირველწყარო:  ​

​სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი. (2004) სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი. თბილისი: ლოგოს პრესი

ავტორები: