სეპარატიზმი ზოგადად გაყოფის, განცალკევების პოლიტიკას ნიშნავს (separate - განცალკევება). მისი ფორმებია: ნაციონალისტური სეპარატიზმი, ლესბოსური სეპარატიზმი, ფემინისტური სეპარატიზმი, შავკანიანთა სეპარატიზმი და სხვ. სეპარატიზმი განსხვავდება სეგრეგაციისაგან. სეგრეგაციას ახორციელებს ძალაუფლების მფლობელი სხვების მარგინალიზაციისთვის, ხოლო სეპარატიზმი მარგინალიზებული ჯგუფის წინააღმდეგობის ფორმაა.სეპარატიზმი გულისხმობს განსხვავებული სივრცის შექმნას, სადაც გაბატონებული ნორმები არ ვრცელდება და სადაც მარგინალიზებული ჯგუფი ხდება აგენტი, რომელიც მისთვის საზიანო წესრიგს არ ემორჩილება.
ფემინისტური სეპარატიზმის იდეები პირველი ტალღის ფემინისტებში გაჩნდა. მარგარეტ ფულერი 1845 წელს თავის ნაშრომში „ქალები მე-19 საუკუნეში“ ქალების სეპარატიზმის აუცილებლობაზე წერდა. ფულერის აზრით, ქალების განვითარება შესაძლებელი იყო მხოლოდ ქალების იზოლირებულ თემში. სეპარატიზმი გულისხმობს მამაკაცების გარეშე ქალთა მობილიზაციას გათავისუფლებისთვის. სეპარატისტი ფემინისტები ეწინააღმდეგებიან ნებისმიერი სახის ჰეტეროსექსუალურ ურთიერთობას.
ზოგიერთი ფემინისტი მოაზროვნე, მაგალითად, ბელ ჰუკსი, მიიჩნევს, რომ სეპარატისტული ფემინიზმი ეწინააღმდეგება ფემინისტური მოძრაობის ისეთ ძირითად პრინციპებს, როგორებიცაა თანასწორობა და ანტისექსიზმი.
***
გამოყენებული ლიტერატურა:
Pilcher, J. & Whelehan, I. (2004). 50 Key Concepts in Gender Studies. London: Sage.