ჰეგემონური სახელმწიფოს დაქვემდებარებულ ქვეყნებთან ან ხალხებთან ურთიერთობების სისტემა. ი–ისტური პოლიტიკის მიზანი ჰეგემონი სახელმწიფოს საზღვრებს მიღმა ძალაუფლების გავრცელება და მჭიდროდ დაკავშირებული პოლიტიკური და ადმინისტრაციული ერთეულის შექმნაა. ი–ის ცნება ხშირად კოლონიალიზმის სინონიმადაც გამოიყენება, მიუხედავად იმისა, რომ კოლონიალიზმის შემთხვევაში ჰეგემონი სახელმწიფო დაქვემდებარებულ ქვეყნებთან და ხალხებთან ერთიან პოლიტიკურ ერთეულს არ ქმნის. ი–ის თეორიის ადრეული ავტორები არიან ჰობსონი და ლენინი, რომლებამც ეს მოვლენა კაპიტალიზმის განვითარების ახალ საფეხურად მიიჩნიეს. ლენინის თეორიამ, რომ კაპიტალიზმი ბადებს ი–ს, ხოლო ი. ომებს იწვევს, დიდი გავლენა მოახდინა XX ს–ის საერთაშორისო პოლიტიკაზე. ალტერნატიული თეორიები ი–ის კაპიტალისტური საჭიროებებით ახსნის შესახებ მეტ ყურადღებას ამახვილებს კოლონიურ სახელმწიფოებს შორის სტრატეგიულ მეტოქეობასა და ტექნოლოგიების განვითარებაზე. ნეორეალიზმის კონცეფცია ი–ის წარმოშობას საერაშორისო სისტემის ანარქიულ ხასიათს მიაწერს. ი–ის თავდაპირველი მნიშვნელობა ნეოიმპერიალისტური და სტრუქტურული დაქვემდებარების თეორიების გაჩენის შემდეგ შეიცვალა და ამჟამად საერთაშორისო პოლიტიკაში ერთი მოქმედი პირის მიერ მეორეზე მდგრადი ზემოქმედების აღსანიშნავად გამოიყენება.
***
ტერმინის პირველწყარო:
სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი. (2004) სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი. თბილისი: ლოგოს პრესი