ჰეგემონია

Hegemony

ჰეგემონია (პოლიტიკურ ფილოსოფიაში) არის ცნება, რომელსაც პირველად იტალიელი მარქსისტი ფილოსოფოსი ანტონიო გრამში (1891-1937) იყენებს თავის „ციხის ჩანაწერებში“. აქ ის მიუთითებს პროცესზე, რომლითაც გაბატონებული კლასი საკუთარ ძალაუფლებას იდეოლოგიური, მორალური და ინტელექტუალური ლიდერობით ინარჩუნებს. კლასი უბრალოდ „ბატონობს“ ანტაგონისტურ სოციალურ ჯგუფებზე, როდესაც ის საკუთარი ნების განსახორციელებლად, სახელმწიფო ძალაუფლების მეშვეობით, მხოლოდ იძულების ღია ან ფარულ მექანიზმებს იყენებს. ხოლო კლასი „ჰეგემონიურია“ მაშინ, როდესაც ის სამოქალაქო საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფისთვის „ინტელექტუალური და მორალური“ ლიდერიცაა. ჰეგემონია ანტონიო გრამშისთან გულისხმობს სხვადასხვა სოციალური ფენის პარტიკულარული ინტერესების იდეოლოგიურ გადალახვას ისე, რომ შენარჩუნდეს არსებული კლასობრივი ასიმეტრია. ჰეგემონიის ცნება განავითარეს პოლიტიკის ფილოსოფოსებმა ერნესტო ლაკლაუმ და შანტალ მუფმა, რომელთათვისაც ჰეგემონია არის არა სხვადასხვა ჯგუფისთვის მზა იდეოლოგიის თავს მოხვევა, არამედ ის, რაც სოციალურ ჯგუფებს შორის მიმდინარე ბრძოლით წარმოიშობა. ამრიგად, ჰეგემონია მათთვის უბრალოდ ელიტების ბატონობა კი არა, დაუსრულებელი პოლიტიკური ბრძოლაა, რომელიც საზოგადოებრივი ცხოვრების მეტ-ნაკლებად სტაბილურ ფორმებს ქმნის.

*** 

გამოყენებული ლიტერატურა: 

The Edinburgh Dictionary of Continental Philosophy, Edited by John Protevi, Edinburgh University Press, 2005.

Hegemony and the Future of Democracy: Ernesto Laclau's Political Philosophy, Lynn Worsham And Gary A. Olson. (Volume 19.1. A Journal of Rhetoric, Culture, & Politics).

კატეგორია: 
ავტორები: