მოტივაციის ცნება ლათინური ენიდან მომდინარეობს, კონკრეტულად სიტყვიდან “movere”, რაც მოძრაობას, მიზნისკენ სწაფვას, მიმართულების მიცემას გულისხმობს. მოტივაცია ფსიქოლოგიაში სწორედ ფსიქიკური და ფიზიკური აქტივობების დაწყების, მათთვის მიმართულების მიცემისა და მართვის პროცესს ეწოდება. თავის მხრივ, მოტივაცია შედგება მექანიზმებისგან, რომლებიც ერთ აქტივობას უფრო მეტ უპირატესობას ანიჭებენ, ვიდრე მეორეს, და შემდეგ არჩეულ აქტივობას, განხორციელების პროცესში, ენერგიას, სიმტკიცეს და მდგრადობას სძენენ.
არსებობს მოტივაციის თეორიები, რომლებიც განსხვავებული რაკურსიდან ცდილობენ ახსნან და იწინასწარმეტყველონ ინდვიდუალური ქცევების ზოგადი პატერნები და მოგვაწოდონ ინფორმაცია ზოგადი ფუნქციონირებისა და პრიორიტეტების შესახებ.
მოტივაციური თეორიების ამოსავალი წერტილი არის კითხვა „რატომ“. რატომ იქცევიან/ფიქრობენ ადამიანები ისე, როგორც იქცევიან და ფიქრობენ?
მიუხედავად იმისა, რომ მოტივაციის ფსიქოლოგებს ამ კითხვაზე ძალიან ბევრი და ხანდახან აბსოლუტურად სხვადასხვანაირი პასუხი აქვთ, ერთი რამ რაც ყველა ამ პასუხს აერთიანებს, არის ის, რომ მოტივაცია მოიცავს პიროვნების საჭიროებებსა და მიზნებს, ისევე როგორც სტიმულაციას გარემოდან.
მოტივაციასთან დაკავშირებულ კონცეფციებში შესაძლებელია ხუთი ძირითადი დანიშნულების გამოყოფა:
- ქცევის დაკავშირება ბიოლოგიასთან - აქ იგულისხმება ის შინაგანი მდგომარეობები, რომლებიც სხეულს უბიძგებს რომ იმოქმედოს და ამოქმედდეს. იქნება ეს გაღვიძება, ჭამა თუ სხვა. სწორედ ეს შინაგანი მექანიზმები არეგულირებენ სხეულის ფუნქციონირებას და სიცოცხლის შენარჩუნებას.
- ქცევის ცვალებადობის ახსნა - როდესაც ადამიანი გარკვეულ მოქმდებას სხვადასხვა დროს, უცვლელ სიტუაციაში სხვადასხვანაირად ასრულებს, და ამასათანავე, თუკი ეს ცვალებადობა უნარების, გამოცდილების და პრაქტიკის განსსხვავებულობით ან/და შემთხვევითობით ვერ აიხსნება.
- არახელსაყრელი პირობებისა და მოცემულობების შემთხვევებში ადამიანის შეუპოვრობისა და მიღწევის სურვილის სიძლიერის ახსნა - როდესაც ადამიანს ამა თუ იმ საქციელის განხორციელება ძალიან დიდ ძალისხმევად უჯდება, რატომ არ იკავებს თავს და მაინც აგრძელებს მიზნისკენ სვლას. მაგალითად, როდესაც დროულად მივდივართ სამსახურში ან მიუხედავად იმისა, რომ ვაგებთ, რატომ ვაგრძელებთ თამაშს?
- პიროვნული პასუხისმგებლობის საკითხი - მოტივაცია პირადი პასუხისმგებლობის შემთხვევაში საკუთარი შინაგანი მოტივების გააზრებას და ქმედებების გაკონტროლების უნარს გულისხმობს.
- სუბიექტის შინაგან მდგომარეობაზე დასკვნის გაკეთება - იმით, თუ როგორ იქცევა ადამიანი. მაგალითად, როცა ვინმე იცინის ან ტირის, მოტივაციურ ფსიქოლოგს აინტერესებს, რით შეიძლება ეს გამოწვეული იყოს. შინაგანი თუ გარეგანი ფაქტორებით? რატომ ხდება ის, რაც ხდება?
საწყის ეტაპზე მოტივაციის ფსიქოლოგები დაინტერესებულნი იყვნენ გაერკვიათ მიზეზი, რომელიც საკმარისი იყო მშვიდ მდგომარეობაში მყოფი ორგანიზმის აქტივობაში მოსაყვანად. 1930-40 იან წლებში, კლარკ ჰალის იდეებით შთაგონებული ფსიქოლოგები მივიდნენ დასკვნამდე, რომ მოტივაციის აღძვრისას ორი ცნება იყო მნიშვნელოვანი:
- ჰედონიზმი - როგორც წყარო ყველა ტიპის მამოტივირებელი ქცევებისა. ჰედონიზმში მოიაზრებოდა ორგანიზმის ბუნებრივი სწრაფვა ტკვილის შემცირებისა და სიამოვნების მიღების მაქსიმალიზაციისკენ.
- ჰომეოსტაზის მიღწევა - ორგანიზმის შინაგანი წონასწორობის დაბალანსება, ეკვილიბრიუმის მიღწევა - რაც ორგანიზმის მიერ საპასუხო ქცევების ციკლურ პატერნში გამიხატება. მას შემდეგ რაც წონასწორობა დაირღვევა (მაგ., შიმშილის განცდა გაჩნდება) ორგანიზმი ცდილობს შეამციროს ეს განცდა და იწყებს შესაბამისი აქტივობების განხორციელებას, რომელსაც საბოლოოდ წონასწორობის აღდგენამდე მიყავს. ხოლო, თავის მხრივ, ჰომეოსტაზის მიღწევა სიამოვნების და სიმშვიდის განცდას იწვევს.
მოტივაციურ ფსიქოლოგებს ასევე აინტერესებთ, რა განაპირობებს ორგანიზმის არჩევანს. მაგალითად, რატომ ნადირობს ზოგიერთი ცხოველი ღამით? ამ კითხვაზე მოტივაციურ თეორიებს ორი ტიპის პასუხი აქვთ. ევოლუციონისტური ბიოლოგიის პერსპექტივიდან ამგვარი ქცევა დომინანტური გენეტიკური დისპოზიციით აიხსნება.
თუკი დავუშვებთ, რომ გარკვეულ პერიოდში ორი სხვადასხვა ტიპის თაგვი არსებობდა - ერთი , რომელიც დღისით ნადირობდა, ხოლო მეორე მხოლოდ ღამით - უნდა ვივარაუდოთ, რომ დროთა განმავლობაში ის სახეობა, რომელიც დღისით ნადირობდა - ხშირად ხდებოდა სხვა ცხოველების მსხვერპლი, ხოლო მეორე ტიპის თაგვები, რომლებიც მხოლოდ ღამით გადიოდნენ სანადიროდ, ახერხებდნენ გადარჩენას, სიცოცხლის შენარჩუნებას და რეპროდუქციას. ევოლუციონისტური ბიოლოგია სწორედ ასე ცდილობს ახსნას ორგანიზმის არჩევანის თავისებურება.
ამის საპირისპიროდ, რადიკალურად განსხვავებული ამხსნელი თეორია შექმნეს ჯონ ატკინსმა და ჯულიან როტერმა, რომელმაც დიდი გავლენა მოახდინა მოტივაციურ ფსიქოლოგიაზე 1950-იანი წლებიდან მოყოლებული ვიდრე 1980 წლამდე. ატკინსისა და როტერის თეორია თავისი არსით მოლოდინი-ღირებეულებების ტიპის თეორიაა და ადამიანს ლოგიკურ გადაწყვეტილების მიმღებ, რაციონალურ არსებად განიხილავს. ამიტომაც კონცეპტუალიზაციაში უფრო მეტად გადაწყვეტილების მიღების თეორიულ ჩარჩოსა და ეკონომისტების ფორმულირებებს ეყრდნობა. ეს მიდგომა ამტკიცებს, რომ მოტივაციის აღძვრა და არჩევანის გაკეთება/ გადაწყვეტილების მიღება რომელიმე ქცევის სასარგებლოდ იმ ღირებულებებით (სტიმულებით) არის განპირობებული, რომლებიც ხელმისაწვდომია გადაწყვეტილების მიმღების აღქმისათვის. ანუ, იმის მიხედვით, თუ რამდენად ალბათურად თვლის ინდივიდი ამა თუ იმ მიზნის მიღწევას და როგორ აფასებს მიღწევის შანსებს - ამ ქცევის განხორციელების ალბათობა იკლებს ან იმატებს და სწორედ მიღწევის ალბათობის შეფასება განაპირობებს მოტივაციის აღძვრას. ანუ მოტივაცია და არჩევანი სასურველი მიზნის მიღწევის და ამ მიზნის მიღწევის ინდივიდის მიერ შეფასებული მაღალი შანსების ჯამია. მოლოდინი-ღირებებულებების თეორეტიკოსები ირწმუნებიან, რომ მოტივაციური ფსიქოლოგიის მთავარი მიზანი იმ დეტერმინანტების აღმოჩენაა, რომლებიც მოლოდინს აღძრავენ. ევოლუციონისტურ-ბიოლოგიური თვალსაზირისიგან განსხვავებით, ამ შემთხვევაში მნიშნელოვანი არა ზოგადად სახეობის, არამედ კონკრეტული, სპეციფიკური ორგანიზმის ისტორიაა.
არსებობს მნიშვნელოვანი ინდივიდუალური განსხვავებები მოტივაციაში. სხვადასხვა ინდივიდის შემთხვევაში ქცევის მთავარი მამოტივირებელი ფაქტორი შეიძლება იყოს აგრესია, აფილაციის მოთხოვნილება, ძალაუფლების მოპოვების სურვილი, მიღწევის მოთხოვნილება, შფოთვა და ა.შ.
***
გამოყენებული ლიტერატურა:
გერიგი; ზიმბარდო (2009) ფსიქოლოგია და ცხოვრება. თსუ, თბილისი
Kazdin, A. E. (Ed.) (2000). Encyclopedia of psychology. 8 Volume Set. Vol. 1