დიდი ტვინის ორი ნახევარი, რომლებიც კორძიანი სხეულით არიან ერთმანეთთან დაკავშირებული. გამოყოფენ ორ ჰემისფეროს: მარჯვენა და მარცხენა. თავის ტვინის ის ჰემისფერო, რომელიც ენასა და მეტყველებაზეა პასუხისმგებელი, დომინანტურ ჰემისფეროდაა მიჩნეული. ადამიანთა 95%-ში დომინანტურია მარცხენა ჰემისფერო, რადგან მემარჯვენეთა თითქმის 100%-ში და ცაციათა დაახლოებით 50%-ში სწორედ მარცხენა ჰემისფერო წარმართავს ენისა და მეტყველების ფუნქციებს.
ამის საწინააღდეგოდ, სივრცის აღქმა დამოკიდებულია არადომინანტურ ჰემისფეროზე, კერძოდ, არადომინანტური ჰემისფეროს თხემის წილზე. აღნიშნული უბნის დაზიანება იწვევს დაზიანების კონტრალატერალურ ნახევარში არსებული საგნებისა და მოვლენების აღქმის უნარის დაკარგვას.
***
გამოყენებული ლიტერატურა:
გერიგი, რ., ზიმბარდო, ფ. (2009) ფსიქოლოგია და ცხოვრება; თბილისი: სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი, გვ. 807;
მეტრეველი, ლ. (2007) ფუნქციური ნეიროანატომიის საფუძვლები; თბილისი; გვ. 353 – 354