განსხვავება, როგორც ცნება, მეორე ტალღის ფემინისტთა ადრეულ ნაშრომებში გვხვდება ქალების კაცებისაგან განსხვავებულობის აღსანიშნავად. განსხვავებაზე ხაზგასმას ფემინისტები იყენებდნენ, როგორც რესურსს კაცების პრივილეგიასთან დაპირისპირებისთვის. განსხვავების ამ ფორმით გამოყენება ქალებისათვის საერთო, უნივერსალური ქალური იდენტობის დაშვებას გულისხმობს.
განსხვავების ამ გაგებასთან მჭიდრო კავშირშია „განსხვავება-თუ-თანასწორობა“ დებატები დასავლურ ფემინიზმში. მაშინ, როდესაც ქალთათვის მამაკაცებთან თანასწორობის მიღწევა ფემინიზმის ერთ-ერთ საბაზისო მიზნად ითვლება, მეორე ტალღის ფემინიზმში თანასწორობის იდეა პრობლემური გახდა, განსაკუთრებით, სამართლებრივი თანასწორობისა და სხვა ისეთ საკითხებთან მიმართებაში, როგორიც სქესის ნიადაგზე დისკრიმინაციაა. კანონის წინაშე თანასწორობის იდეა პრობლემურად ჩაითვალა, რადგან ის მამაკაცურ ნორმას განამტკიცებს და მასზეა დაფუძნებული. მოჩვენებითი გენდერული ნეიტრალურობა (რასაც გენდერის მიმართ სიბრმავეც უწოდეს) სინამდვილეში კაცებს ანიჭებს უპირატესობას, პირველ რიგში, იმიტომ, რომ მამაკაცის პერსპექტივითაა შექმნილი, მასზეა მორგებული და იდეალად აწესებს მამაკაცურ სტანდარტს, სქესთა შორის არსებული განსხვავებების გათვალისწინების გარეშე, მაგალითად, ისეთ სფეროში, როგორიც რეპროდუქციაა.
თუმცა, თანასწორობისა განსხვავების ბინარული დაპირისპირება უფრო გვიანდელ ფემინისტურ ნაშრომებში ვიწრო და შემზღუდველ ჩარჩოდ ითვლება. მაგალითად, პოსტსტრუქტურალისტურ ფემინიზმს ყურადღება ქალების საერთო იდენტობიდან და კაცებისგან განსხვავებიდან ქალებს შორის განსხვავებაზე გადააქვს და ასე ცდილობს მამაკაცური ნორმის დეკონსტრუქციას. განსხვავების ასეთი გაგება ყურადღებას ამახვილებს ძალაუფლებრივ სხვაობებზე იდენტობის ისეთ შრეებს შორის, როგორებიცაა რასა, ეთნიკურობა, კულტურა, კლასი, სექსუალური ორიენტაცია, ასაკი თუ ფიზიკური და გონებრივი შესაძლებლობა. განსხვავების თანამედროვე გამოყენება ფემინისტურ თეორიაში მნიშვნელოვან, თვითკრიტიკულ ცვლილებას უკავშირდება: ფემინისტურმა თეორიამ დაინახა საკუთარი ფუნდამენტური პოზიციების დიდი ნაწილის გადასინჯვის საჭიროება ქალთა შორის არსებული განსხვავებების გათვალისწინების აუცილებლობის გამო.
იხილეთ აგრეთვე: კულტურ-ფემინიზმი, იდენტობის პოლიტიკა, ესენციალიზმი, გენდერის მიმართ სიბრმავე
***
გამოყენებული ლიტერატურა:
Code L. (2000), Encyclopedia of Feminist Theories, Routlege.