გენდერის მიმართ სიბრმავე გულისხმობს სხვადასხვა სოციალური პრაქტიკის, პოლიტიკისა თუ ინსტიტუტის ფუნქციონირებაში გენდერული ასპექტის შემჩნევის უუნარობას. გენდერულად ბრმა მიდგომა ეფუძნება დაშვებას, რომ კონკრეტულ სოციალურ მოვლენას ან აქტივობას ერთნაირი და თანაბარი გავლენა აქვს ქალებსა და კაცებზე.
რადგან ისეთი მოვლენები, როგორიცაა სიღარიბე, უმუშევრობა, ბუნებრივი კატასტროფები, ომი, გლობალიზაცია და სხვა სხვადასხვაგვარად ცვლის ქალებისა და კაცების მდგომარეობას, საჭიროა გენდერულად მგრძნობიარე ჩარევების განხორციელება ორივე სქესისათვის თანაბარი სარგებლობის მოტანის მიზნით. მაგალითად, მაკკეი, კემპბელი და სხვები (2013) ამტკიცებენ, რომ დიდ ბრიტანეთში ეკონომიკური კრიზისის შედეგების სრული სურათის დასანახავად გენდერულად მგრძნობიარე ანალიზია საჭირო: უმუშევრობის შესახებ არსებული სტატისტიკა ძირითადად კაცების მიერ სამსახურის დაკარგვას ასახავს; თუმცა მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინებაც, რომ ეკონომიკურ კრიზისს საპასუხოდ საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასისა და კეთილდღეობაზე გაწეული ხარჯების შემცირება მოჰყვა, რაც პირდაპირ გავლენას ახდენს ქალებზე. ავტორები ფიქრობენ, რომ ეკონომიკური კრიზისის შედეგების გენდერულად მგრძნობიარე გაგება აუცილებელია მასთან გამკლავების პოლიტიკის შემუშავებისას, რათა ჩარევით რომელიმე სოციალური ჯგუფი არ დაზარალდეს.
ტერმინი „გენდერის მიმართ სიბრმავე“ უფრო ხშირად ქალთა ორგანიზაციებში, ქალთა თანასწორობის პოლიტიკის ხელშეწყობისა და განვითარების სფეროში მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ინსტიტუტებში (გაერო, ევროკომისია და სხვ.) გამოიყენება. გენდერულად მგრძნობიარე მიდგომა და გენდერული სიბრმავის დაძლევა გულისხმობს ნებისმიერ სფეროში ისეთი პროგრამებისა და პროექტების განხორციელებას, რომლებშიც წინასწარ იქნება გათვალისწინებული ამ ჩარევის გენდერული შედეგები. გენდერულად მგრძნობიარე მიდგომა ასევე ცდილობს, უზრუნველყოს ქალთა თანაბარი მონაწილეობა პროგრამათა შემუშავების, განხორციელებისა და შეფასების ეტაპებზე.
***
გამოყენებული ლიტერატურა:
Gender equality – glossary, European Commission. Retrived from: McKay, Ailsa, Jim Campbell, Emily Thomson, and Susanne Ross. 2013. "Economic Recession and Recovery in the UK: What's Gender Got to Do with It?." Feminist Economics 19, no. 3: 108-123.