სოციოლოგიის დარგი, რომელიც ენას განიხილავს, უპირველეს ყოვლისა, სოციალურ მოვლენად, ადამიანთა საზოგადოებრივ მდგომარეობასთან, საქმიანობის სფეროსთან, განათლებასთან და ა.შ. დაკავშირებულ ურთიერთობათა საშუალებად. ენის სოციალური ბუნება ჯერ კიდევ ლოკის, ვიკოს, ჰუმბოლდტის და სხვათა მიერ იყო აღნიშნული. შემდგომ სოციოლოგები და სოციალური ფსიქოლოგიის წარმომადგენლები უდიდეს ინტერესს იჩენდნენ ლინგვისტური მოღვაწეობის წარმმართველი, სოციალურად განსაზღვრული წესების მიმართ და ნაკლებად აინტერესებდათ ენის ფორმალური თავისებურებები. მათი ძირითადი ინტერესის საგანს წარმოადგენდა ენობრივ ფენომენთა სოციალური ბუნება. სოციალური ფსიქოლოგები ყურადღებას ამახვილებდნენ სამეტყველო ურთიერთობებზე, სოციოლოგები კი – ენისა და არალინგვისტური სტრუქტურების ურთიერთმიმართებების შესწავლაზე (მაგ., კლასი და გენდერი). XX ს–ის 50–იანი წლებიდან დაიწყეს ენის ფუნქციონირების შესწავლა სხვადასხვა ურთიერთობრივ სიტუაციებში (მაგ., სხვადასხვა რანგის ადამიანთა ურთიერთობებში ემოციების გამოხატვა, საზოგადოების მიერ დაწესებულ ქცევის ფორმებსა და ნორმებში, საზოგადოებრივ და რელიგიურ ცერემონიებში და სხვ.) ბერნშტეინმა აჩვენა, რომ სოციალურ ურთიერთობათა სხვადასხვა ფორმა აჩენს ლინგვისტური ნორმების განსხვავებულ ფორმებს, ამდენად, ინდივიდის მეტყველებაში აისახება მისი წარმომავლობა თუ აღზრდის პირობები (მაგალითად, სკოლაში მუშათა ფენიდან გამოსული ბავშვები ლინგვისტურ ნორმებს შეზღუდულად იყენებენ, რაც განაპირობებს მათ წამგებიან პოზიციებს). განსაკუთრებული შესწავლის ობიექტი გახდა მასმედიის სამეტყველო თავისებურებები (საზოგადოებრივი გამოსვლების, პროპაგანდის, რეკლამის სტილი). მისი ზემოქმედება მოსახლეობის სხვადასხვა ფენაზე და ა.შ. უფრო გვიანდელ და თანამედროვე ეტაპზე ლ.ს. დაინტერესდა ვერბალურ ურთიერთობებში საუბრის სტრუქტურირებისა და გამონათქვამთა თანმიმდევრობასთან დაკავშირებული წესებით (დიალოგური ანალიზი), ხოლო ეთნომეთოდოლოგია – კომუნიკაციური ინტერაქციის წარმმართველი „თავისთავად მოცემული“ წესებით (გარფუნკელი, საქსი და სხვ.) ლ.ს. სპეციალურად იკვლევდა გენდერსა და ენას შორის კავშირს და გამოავლინა ქალის ჩაგვრა, რასაც მხარს უჭერს ენობრივი ურთიერთობის პროცესი. „ფემინიზმის მეორე ტალღამ“ ბიძგი მისცა ამ საკითხის ახალი ლინგვისტური მეთოდებით შესწავლა–გაშუქებას. XX ს–ის 60–იან წლების ძირითადი პრობლემებიდან (რწმენათა განზოგადებული სისტემების, მაგ., რელიგიის შესწავლა) დღეს მეცნიერთა ყურადღება მიპყრობილია კონკრეტულ საზოგადოებებში საგანთა, ადამიანთა და მოქმედებათა ყოველდღიურ მეტყველებაზე, ანუ საერო კლასიფიკაციათა შესწავლაზე.
ლინგვისტური სოციოლოგია
Sociolinguistics
კატეგორია: