კლასი სოციალური სტრატიფიკაციის ერთი-ერთი ფორმაა, რომლის მიხედვითაც საზოგადოებებში ძალაუფლება იერარქიულადაა გადანაწილებული. კლასის მარქსისტული გაგება ეკონომიკურია და ნაწილობრივ პოლიტიკურიც, რადგან ამ თეორიაში კლასობრივ კუთვნილებას განსაზღვრავს არა მხოლოდ ადამიანის მიმართება წარმოების საშუალებებთან, ესე იგი მათი ფლობა ან არფლობა, არამედ მისი კლასობრივი ცნობიერებაც. კლასის ვებერიანული გაგება ორ მაჩვენებელს ეფუძნება: ადამიანის მიერ საკუთრების ფლობასა და მის ადგილს ბაზარზე. კლასის ვებერიანული თეორია ცდილობს დაინახოს ის დაყოფა, რომელიც არსებობს თავად მათ შორის, ვინც მარქსისტულ თეორიაში წარმოების საშუალებებს არ ფლობს, ესე იგი მაღალკვალიფიციურ და დაბალკვალიფიციურ სამუშაო ძალას შორის. პირველი არ ფლობს წარმოების საშუალებებს, თუმცა საზოგადოებრივ იერარქიაში გაცილებით მაღალ და სტაბილურ ადგილს იკავებს, ვიდრე მეორე ტიპი, მუშა, რომელიც არა მხოლოდ იერარქიის დაბალ საფეხურზეა, არამედ მისი სამუშაო ადგილიც არასტაბილურია და იოლად ექვემდებარება სხვა, აგრეთვე დაბალი კვალიფიკაციის მუშებით ჩანაცვლებას. მე-20 საუკუნის 70-იან წლებში მარქსისტმა სოციოლოგებმა განავითარეს კლასის კონცეფცია და ნიკოს პულანზასმა კლასის ეკონომიკურ გაგებას პოლიტიკური და იდეოლოგიური განზომილებები შემატა, რომლებიც, ძირითადად, უგულებელყოფილი იყო კლასის ორთოდოქსულ მარქსისტულ კონცეფციაში.
***
გამოყენებული ლიტერატურა:
The Sage Dictionary of Sociology, Steve Bruce and Steven Yearley, SAGE Publications 2006